კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი დაქორწინდნენ. ფეხბურთელმა და მისმა რჩეულმა მრავალწლიანი ურთიერთობა ოფიციალური ქორწინებით დააგვირგვინეს – სამოქალაქო ცერემონია 11 აგვისტოს, პორტუგალიის ქალაქ კასკაისში გაიმართა.
ქორწილის დეტალები ჯერჯერობით უცნობია და ცერემონიიდან მხოლოდ ერთი კადრი გავრცელდა – რონალდუმ სოციალურ ქსელში საქორწინო ბეჭდების ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „C❤️G“.

რონალდუსა და ჯორჯინას ისტორია 2016 წელს დაიწყო. ისინი მადრიდში, Gucci-ს მაღაზიაში შეხვდნენ, სადაც ჯორჯინა გაყიდვების ასისტენტად მუშაობდა. ურთიერთობა მალევე გახდა საჯარო, 2017 წელს კი წყვილი პირველად გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე.
წლების განმავლობაში ქორწილის შესახებ არაერთი ვარაუდი ვრცელდებოდა, თუმცა ნიშნობა მათ ოფიციალურად მხოლოდ 2025 წლის აგვისტოში დაადასტურეს. ჯორჯინამ სოციალურ ქსელში მასიური ბრილიანტის ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
„დიახ, თანახმა ვარ. ამ და ყველა ჩემს ცხოვრებაში.“

ჯორჯინამ მოგვიანებით გაიხსენა, რომ რონალდუს წინადადება მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. ELLE Spain-თან ინტერვიუში თქვა, რომ ნიშნობის ბეჭდის დანახვამ იმდენად გააოცა, მისი გახსნაც კი მეორე დღისთვის გადადო.
„როდესაც ხელი მთხოვა, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. დიდი დრო დამჭირდა ამ სიახლის დასაჯერებლად“, – ამბობდა როდრიგესი.
წყვილს ხუთი შვილი ჰყავს — კრიშტიანუ რონალდუ უმცროსი, ტყუპები ევა მარია და მატეო, ასევე ალანა და ბელა.

რონალდუმ ჯორჯინასთან ურთიერთობის დასაწყისზე თავადაც ისაუბრა Netflix-ის რეალითი შოუში I Am Georgina. ფეხბურთელის თქმით, თავდაპირველად ვერ წარმოიდგენდა, რომ მათი ურთიერთობა ასეთ სერიოზულ ეტაპამდე მივიდოდა.
„თავიდან არ მეგონა, რომ შევიყვარებდი. ამას ნამდვილად არ ველოდი. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ ის ჩემი ცხოვრების ქალი იყო“, — გაიხსენა რონალდუმ.
ახლა კი მათი თითქმის ათწლიანი სიყვარულის ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო – კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი ოფიციალურად ცოლ-ქმარი არიან.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! კრიშტიანუ რონალდუ ვაჟიშვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ პირველად გამოჩნდა
#OK!BusinessCelebrity CR7 – კრიშტიანუ რონალდუს მრავალმილიონიანი ბიზნეს იმპერია
okmagazine ცხოვრების სტილი