„ჩვენი ძლიერი მხარეები სწორედ იმ ბრძოლით ჩნდება, რომლებიც გადავლახეთ“, – ფრიდრიხ ნიცშე
ალბათ, კუსტურიცას ფილმები ყველას ნანახი გაქვთ. არარეალურად აბსურდული მოვლენების ერთობლიობა საბოლოოდ კომიკურ სიტუაციებს ქმნიან. სულ მაქვს შეგრძნება, რომ ამ ფილმების პერსონაჟი ვარ და ჩემ გარშემო ყველაფერი აბსურდული სცენარია.
ქვეყანა, სადაც ვცხოვრობ, არალოგიკური ნაბიჯების ჯაჭვში ისე აიბურდა, რომ თავის დაღწევა არც ისე იოლია. ერთი იმუნიტეტი გამომიმუშავდა – აღარ მიკვირს ის აბსურდულობა, რაც, თუნდაც ხუთი წლის წინ წარმოუდგენელი მეგონა და კიდევ მეტი ინტერესით ვაკვირდები შემდეგ რგოლებს, რადგან მათი წარმოდგენაც ზუსტად ისევე აღემატება ჩემს ძალებს, როგორც მანამდე ჩადენილი ქმედებები მეგონა შეუძლებელი.
იმედია, ფინალიც კუსტურიცასეული იქნება, სადაც სამართალი პურს ჭამს ხოლმე.
ბოლო პერიოდმა ერთი რამ გამოკვეთა – ჩვენ გვყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რაც აქამდე არ გვყავდა. დღეს სამოქალაქო საზოგადოება იდეის – თავისუფლებისა და წინსვლის გარშემო გაერთიანდა.
ჩვენი საოცარი ნიჭი ბრძოლის თამაშად გადაქცევაში გამოჩნდა. უამრავი სპონტანური პერფორმანსი, აქციის ბანერი, პოსტერები – იმედია, ოდესმე ეს ყველაფერი ერთ სივრცეში გამოიფინება.
იყო ბრაზი, რადიკალიზმი, აგრესია, უსუსურობის შეგრძნება, მაგრამ ადამიანებმა შევძელით დიდი დადებითი ენერგიის გარშემო გამთლიანება და ის, რაც ადრე გვაბრაზებდა, სასოწარკვეთილებამდე მივყავდით, უბრალოდ, აბუჩად ავიგდეთ. ბრძოლაც სხვა რამედ იქცა – რაღაცნაირ ცხოვრების წესად, რომელიც შეგვიყვარდა და კარგი განწყობით ვაგრძელებთ პროტესტს.
ზუსტად ამ სიყვარულმა, თავდადებამ, ღიმილმა და სიხარულმა იმ გზაზე დაგვაყენა, რომელიც ტაძრამდე აუცილებლად მიგვიყვანს.
წელს, იანვარში, 25 წელი გადის ზურაბ ჟვანიას იმ ცნობილი ფრაზის წარმოთქმიდან – „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“.
ახალ წელს გილოცავთ
სიყვარულით,
მაიკო წერეთელი
ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი