#OK! „მე გავხდები ის მასწავლებელი, რომელიც იტყვის: „სოხუმი დაბრუნდა“ ნინო ნიკოლაძე განათლებაზე, ქუთაისსა და მომავალ თაობაზე

2 hours ago 3

ისტორია მხოლოდ წარსულის თხრობა არ არის. ის პასუხისმგებლობაა, რომელიც მომავალ თაობებს უნდა გადასცე. ისტორიკოსისა და პედაგოგის, ნინო ნიკოლაძის პროფესიული გზა სწორედ ამ პასუხისმგებლობით იწყება. გზა, რომლის არჩევაც 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შესახებ საკლასო ოთახში ნათქვამმა რამდენიმე სიტყვამ განსაზღვრა.

წლების განმავლობაში ნინო ნიკოლაძე სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობს და დარწმუნებულია, რომ სკოლის ტიპზე მნიშვნელოვანი მასწავლებლის დამოკიდებულება, მოსწავლისადმი სიყვარული და მუდმივი განვითარებაა. მისთვის ისტორია ცოცხალი პროცესია, რომელიც პროექტებში, კვლევებში, დისკუსიებსა და ახალგაზრდების ინტერესებში აგრძელებს არსებობას.

ჟურნალ OK! ქუთაისთან ინტერვიუში ის უფრო მეტს გვიამბობს კერძო და საჯარო სკოლების საერთო მიზნებზე, თანამედროვე მოსწავლის საჭიროებებზე, პედაგოგის მუდმივ თვითგანვითარებაზე, ქუთაისის საგანმანათლებლო პოტენციალსა და იმ ოცნებაზე, რომელიც დღემდე არ შეუცვლია – განათლება, რომელიც ცოდნასთან ერთად ადამიანურ ღირებულებებსაც ამყარებს.

ნინო, რატომ აირჩიეთ პედაგოგის პროფესია და რა გაძლევთ მოტივაციას, რომ ყოველდღიურად საკლასო ოთახში დაბრუნდეთ?

ინსპირაციის წყარო ახალგაზრდებთან მუშაობაა, რომელიც ერთგვარი აზარტია.

რაც შეეხება პროფესიის არჩევას, ეს აფხაზეთის ტრაგედიამ განაპირობა. მახსოვს, 1993 წლის 27 სექტემბერს, მეათე კლასში ყოფნისას, საკლასო ოთახში ჩვენი სკოლის იმჟამინდელი დირექტორი, ისტორიის მასწავლებელი მამუკა ქაჯაია შემოვიდა და გვითხრა: „ბავშვებო დღეს თქვენ გაკვეთილი არ გექნებათ – სოხუმი დაეცა“… მამუკა მასწავლებელი ეროვნული მოძრაობის წევრი, არაჩვეულებრივი პიროვნება გახლდათ. მისი სიტყვები იმდენად მძიმე იყო, რომ მაშინ ვთქვი: „მე გავხდები ის ისტორიის მასწავლებელი, რომელიც იტყვის: „ბავშვებო, დღეს თქვენ გაკვეთილი არ გექნებათ – სოხუმი დაბრუნდა“…

პირობა ვერ შევასრულე, დღემდე მხოლოდ სოხუმის დაცემაზე ვსაუბრობ…

რას ნიშნავს თქვენთვის კარგი მასწავლებლობა დღეს, როდესაც ტექნოლოგიები და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სწავლების ტრადიციულ მეთოდებს ცვლის?

ხშირად მითქვამს ხუმრობით, რომ ყველაზე „ახალგაზრდა“ პროფესიაა პედაგოგობა, რადგან მოითხოვს უწყვეტ მუშაობას, მუდმივ სწავლას, თვითგანვითარებაზე ზრუნვას. ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში სასიცოცხლოდ აუცილებელია სწავლების ინოვაციური მოდელების დანერგვა. გამოცდილმა პედაგოგმა სასურველია შეძლოს სინთეზი-ლავირება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა ფლობდეს მოზარდის „გულის გასაღებს“ – შეეძლოს უპირობო სიყვარული.

კერძო და საჯარო სკოლაში მუშაობის გამოცდილებამ რა დაგანახვათ ყველაზე ნათლად? რა განსხვავებები და რა საერთო ღირებულებები აერთიანებს ამ ორ საგანმანათლებლო სივრცეს?

დავიწყებ იმით, რომ ჩემი პედაგოგიური საქმიანობა უკავშირდება ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბრენდის ავტორსა და გენერალურ დირექტორს, ქალბატონ ნინა ჩიკვაშვილს, რომელმაც 2002 წელს შემომთავაზა ვყოფილიყავი „პროგრესის“ გუნდის წევრი და ჩვენი თანამშრომლობა უწყვეტად მიმდინარებს დღემდე, რისთვისაც მადლობა ქალბატონ ნინას.

2023 წლიდან ასევე ვთანამშრომლობ ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის #6 საჯარო სკოლასთან, რამაც შესაძლებლობა მომცა შემესრულებინა კერძო და საჯარო სექტორის ერთგვარი მაკავშირებელი რგოლის ფუნქცია.

კერძო და საჯარო სკოლებს საერთო მიზნები აქვთ – მოსწავლის განათლება, განვითარება, პატრიოტული სულიკვეთებით აღზრდა, მოზარდის მზადება სოციუმში ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. განსხვავება კონკრეტული კერძო სკოლის (სკოლების) სფეციფიკას უკავშირდება. პროფილური მიმართულების გათვალისწინებით კერძო სექტორში მეტი შანსია მოსწავლემ გაიღრმავოს ცოდნა, აკადემიური მაჩვენებლის გათვალისწინებით მოიპოვოს დაფინანსება და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და პროექტებში.

სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში მუშაობამ რა გასწავლათ თანამედროვე მოსწავლის შესახებ? რა არის ის, რაც ყველა ბავშვს აერთიანებს, მიუხედავად იმისა, რომელ სკოლაში სწავლობს?

საინტერესო კითხვაა. ბავშვი, მოზარდი ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების ამოსავალი წერტილია. მოზარდების ინტერესები თანხვედრაშია. საერთო ოცნებები, განვითარების სურვილი და წარმატებული მომავლის თავიანთი ხედვა აქვთ. ბავშვს ყველგან სჭირდება უსაფრთხო, ტოლერანტული და კომფორტული გარემო. სწორედ ინტერესთა თანხვედრამ მომცა ჯანსაღი და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის შესაძლებლობა ორივე მიმართულებით.

ისტორია მხოლოდ ფაქტების დამახსოვრება არ არის. როგორ ცდილობთ, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნება, მსჯელობის უნარი და წარსულის გააზრების კულტურა ჩამოაყალიბოთ?

დიახ, ისტორია უაღრესად საინტერესო მეცნიერებაა, რომელიც არასდროს ჩერდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეს მიაწოდო მრავალფეროვანი რესურსები, რომლის შექმნაშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს. ისტორია წარმოუდგენელია პროექტული სწავლების, კლუბური მუშაობის, კვლევების და კონფერენციების გარეშე. წლებია, ჩემი ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს ისტორიის მოყვარულთა კლუბი „განთიადი“, რომელიც არაერთი საქალაქო და სასკოლო პროექტის გამარჯვებული და პრიზიორია. კლუბი  ჩართულია სოციალურ პროექტებშიც. წევრებმა შექმნეს ოფიციალური ფეისბუქგვერდი და აქტიურად ეწევიან ქალაქის კულტურულ-რელიგიურ- საგანმანათლებლო დაწესებულებების ისტორიის კვლევას. ასევე ფუნქციონირებს ყოველკვირეული რუბრიკა: „მეტი, ვიდრე სახელმძღვანელო ისტორია“. რუბრიკის ფარგლებში ბავშვები მათთვის საინტერესო თემების სემესტრულ პრეზენტაციას აწყობენ. ასე რომ, საგანი იძლევა მრავალფეროვანი მუშაობის საკმაოდ კარგ შესაძლებლობას.

ნინო, დღევანდელი გამოცდილებით, საქართველოს განათლების სისტემაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით პირველ რიგში და რატომ?

შეფასების სისტემაში შევიტანდი კორექტირებას, რომელიც თანამედროვე განათლების ერთ-ერთ მტკივნეულ გამოწვევად რჩება. შევამცირებდი მიმდინარე ქულობრივს, ძირითად აქცენტებს კი სემესტრულ და წლიურ შეფასებებს დავუთმობდი. ვფიქრობ, ეს გაათავისუფლებდა მოსწავლეს ზედმეტი ვალდებულებისაგან და ცოდნის გენერირებას შეუწყობდა ხელს.

თქვენი ცხოვრება და საქმიანობა ქუთაისთან არის დაკავშირებული. რამდენად განსაზღვრა ამ ქალაქმა თქვენი პიროვნული და პროფესიული ჩამოყალიბება და როგორ ხედავთ მის საგანმანათლებლო და კულტურულ პოტენციალს დღეს?

ქუთაისი ჩემი დედულეთი, ბავშვობისა და სტუდენტობის ლამაზი მოგონებებია.

ვფიქრობ, ყველა ადამიანი ჰგავს იმ ქალაქს, მიკროზონას, სადაც დაიბადა, აღიზარდა და უწევს ცხოვრება. ქუთაისი ოდითგან იყო განათლების, კულტურისა და ხელოვნების ჰაბი. ქუთათურთათვის დამახასიათებელი ინტელექტუალური იუმორის მშობელი და დონორი დედაქალაქის.

ქუთაისის განვითარებისათვის აუცილებელია სწორი მენეჯმენტი, ფუნქციური გადანაწილება და დეცენტრალიზაცია. ვფიქრობ, უნდა აღდგეს სტუდენტური დღეებისა და ფესტივალების კულტურა. გაიხსნას ხელოვნების მულტიკულტურული სასახლე, მოეწყოს მუდმივი საგამოფენო სივრცე-პავილიონები. ქალაქი მეტად დაიტვირთოს სპორტული ღონისძიებებით, დაორგანიზდეს საერთაშორისო შეხვედრები და ამ მიმართულებით მიეცეს ახალგაზრდებს დასაქმების საშუალება. მსგავსი მიდგომა ჯანსაღი ცხოვრების წესს წაახალისებს და პოპულარიზაციას გაუწევს.

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: თეკლა ჟორჟოლიანი

სრულად წაკითხვა