პაპუა-ახალ გვინეის სანაპიროსთან, მილნის ყურის მარჯნის რიფებში, მეცნიერებმა ზვიგენის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს. ახალი სახეობა, რომელსაც Dudgeon walking shark (Hemiscyllium dudgeonae) ეწოდა, მსოფლიოში ცნობილი „მოსიარულე ზვიგენების“ მხოლოდ მეათე სახეობაა.
აღმოჩენა 2025 წლის მარტში, ღამის წყალქვეშა კვლევის დროს მოხდა. ავსტრალიის Sunshine Coast-ის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგმა ჯესიკა-ენ ბლეიკვეიმ და მისმა გუნდმა თავდაპირველად ერთი უჩვეულო შეფერილობის ზვიგენი შენიშნეს. განსხვავებით სხვა მოსიარულე ზვიგენებისგან, რომლებსაც ლეოპარდის მსგავსი ლაქები აქვთ, ამ ინდივიდს სხეულზე თეთრი ზოლები და მრავლად განლაგებული პატარა ყავისფერი წერტილები ჰქონდა.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში მკვლევრებმა მიმდებარე რიფები შეისწავლეს და სულ 12 ასეთი ზვიგენი აღმოაჩინეს. მოგვიანებით ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ეს მეცნიერებისთვის სრულიად ახალი სახეობა იყო.

რატომ ჰქვია „მოსიარულე ზვიგენი“?
მიუხედავად სახელისა, ეს ზვიგენები ხმელეთზე არ დადიან. ისინი მოძრაობისთვის განსაკუთრებულად განვითარებულ მკერდისა და მენჯის ფარფლებს იყენებენ, რომლებიც ფეხების მსგავსად მუშაობს. სწორედ ამიტომ შეუძლიათ მარჯნის რიფებსა და ზღვის ფსკერზე „სიარულის“ მსგავსი მოძრაობით გადაადგილება.
ეს უნარი განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როდესაც წყლის დონე იკლებს და მცირე გუბეები რჩება. ასეთ დროს ზვიგენები ადვილად გადაადგილდებიან ერთი წყლის გუბიდან მეორეში და ნადირობენ კიბორჩხალებზე, ჭიებსა და პატარა თევზებზე.
მოსიარულე ზვიგენები ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ზვიგენები არიან. მეცნიერების ცნობით, მათ შეუძლიათ:
- რამდენიმე საათის განმავლობაში ძალიან მცირე რაოდენობის ჟანგბადით გაძლონ;
- შეანელონ გულისცემა და სუნთქვა;
- გადარჩნენ წყლის გარეთაც, სანამ მოქცევა დაბრუნდება.
ასეთი უნარი ზვიგენებს საშუალებას აძლევს გადაურჩნენ პირობებს, რომლებიც სხვა თევზებისთვის სასიკვდილო იქნებოდა.

ახალი სახეობა ჯერჯერობით მხოლოდ პაპუა-ახალი გვინეის კონკრეტულ რიფებზეა აღმოჩენილი. ადგილობრივები მას „კადედეკედევას“ უწოდებენ, რაც „ზარმაც ზვიგენს“ ან „ძაღლ-ზვიგენს“ ნიშნავს.
მეცნიერების ვარაუდით, მილიონობით წლის წინ ტექტონიკურმა პროცესებმა სხვადასხვა რიფი ერთმანეთისგან გამოყო, რის შედეგადაც მოსიარულე ზვიგენების პოპულაციები იზოლაციაში აღმოჩნდნენ და დროთა განმავლობაში ერთმანეთისგან განსხვავებულ სახეობებად ჩამოყალიბდნენ.
მსოფლიოში ამჟამად მოსიარულე ზვიგენების მხოლოდ 10 სახეობაა ცნობილი. მათი სიგრძე, როგორც წესი, 70-100 სანტიმეტრს არ აღემატება, რის გამოც ზვიგენების შედარებით მცირე ზომის წარმომადგენლებად მიიჩნევიან. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მონაცემებით, დღემდე ცნობილი 10 სახეობიდან 5 უკვე გადაშენების საფრთხის წინაშეა.
ავსტრალიელი საზღვაო მეცნიერის ჯესიკა-ენ ბლეიკვეის თქმით, თუ ასეთი გამძლე ცხოველებიც კი საფრთხეში აღმოჩნდებიან, ეს იმის ნიშანია, რომ მთლიანად ზღვის ეკოსისტემა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
„ზვიგენებს ხშირად ცუდი რეპუტაცია აქვთ, მაგრამ მოსიარულე ზვიგენები ძალიან მშვიდი და უწყინარი ცხოველები არიან. თუ ისინი გადარჩენას ვეღარ ახერხებენ, ეს ნიშნავს, რომ საფრთხე სხვა ზღვის ბინადრებსაც ემუქრებათ,“ – ამბობს მკვლევარი.
მოსიარულე ზვიგენები ძირითადად ღამის საათებში აქტიურობენ და ავსტრალიისა და ახალი გვინეის ტროპიკული მარჯნის რიფების ეკოსისტემებში ბინადრობენ. ისინი კვერცხით მრავლდებიან, ხოლო ახალგამოჩეკილი ზვიგენები დაბადებისთანავე დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ და მშობლების მზრუნველობას აღარ საჭიროებენ.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·