#OK! მიიღებს თუ არა ისრაელი „ევროვიზია 2026“-ში მონაწილეობას დეკემბერში გადაწყდება

1 day ago 4

ისრაელ-ჰამასს შორის დროებითი ზავის ამოქმედების ფონზე, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) დეკემბრამდე გადადო კრების ჩატარება, სადაც ისრაელის „ევროვიზიაზე“ დარჩენის საკითხი კენჭისყრით გადაწყდება.

თავდაპირველად, კენჭისყრა ნოემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა EBU-მ გამოაცხადა, რომ კონკურსის ორგანიზატორები ამჯობინებენ დეკემბრის ყოველწლიურ შეკრებას დაელოდონ.

„საბჭომ გადაწყვიტა, აღნიშნული საკითხი ზამთრის მორიგი გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში შეიტანოს, რომელიც დეკემბერში ჩატარდება და თავი შეიკავოს საგანგებო სესიის ჩატარებისგან, რომელიც სექტემბერში გამოცხადდა“ – ვკითხულობთ EBU-ს მიერ სააგენტო AFP-სთვის გაგზავნილ განცხადებაში.

Кубок

„ევროვიზიის“ კონკურსი მომავალი წლის მაისში, ავსტრიაში გაიმართება. ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელის მონაწილეობის საკითხზე კამათი განსაკუთრებით გამწვავდა — არტისტები და სხვადასხვა ორგანიზაციები კონკურსის ორგანიზატორებს მოუწოდებდნენ, რომ ღაზაში განვითარებული მოვლენების გამო, ისრაელი კონკურსში მონაწილეთა სიიდან ამოიღონ.

ესპანეთმა, ირლანდიამ, სლოვენიამ, ისლანდიამ და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ თავიანთ წარმომადგენლებს არ გაუშვებენ კონკურსში, სადაც ისრაელი მონაწილეობს. ბოიკოტის შესაძლებლობას განიხილავენ ბელგია, შვედეთი და ფინეთიც.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტების შემდეგ ისრაელი კონკურსში ორჯერ მონაწილეობდა  და ორივეჯერ ღონისძიებები პროტესტების ფონზე ჩატარდა.

საიუბილეო, 70-ე „ევროვიზია“ ვენაში გაიმართება. ფინალი 2026 წლის 16 მაისს, ნახევარფინალები კი — 12 და 14 მაისს ჩატარდება.

რაც შეეხება „ევროვიზია 2026“-ში ისრაელის ყოფნა-არყოფნის საკითხზე საქართველოს პოზიციას, ჩვენს ქვეყანას ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუკეთებია. 2026 წლის ევროფესტივალზე მონაწილეობა საქართველოს ჯერ არც კი დაუდასტურებია.

სრულად წაკითხვა