#OK! „მომავალი იქ იწყება, სადაც განათლება ღირებულებად იქცევა“ – ნინა ჩიკვაშვილი

6 days ago 28

21 წლის ასაკში ერთი იდეით დაწყებული გზა დღეს უკვე ათასობით ოჯახის ნდობას, სამ ქალაქში მოქმედ ამერიკულ სკოლებსა და თანამედროვე საგანმანათლებლო ეკოსისტემას აერთიანებს.

ნინა ჩიკვაშვილი, განათლების ადმინისტრირების დოქტორი, „პროგრესის“ ამერიკული სკოლების დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორი, განათლებას მხოლოდ ცოდნის მიღების პროცესად არ განიხილავს – მისთვის ეს პასუხისმგებლობაა, რომელიც ადამიანებისა და საზოგადოების მომავალს განსაზღვრავს. ჟურნალ OK! -თან ინტერვიუში ის საკუთარ პროფესიულ გზაზე, ლიდერობის ფილოსოფიაზე, წარმატების ფორმულასა და იმ ღირებულებებზე გვესაუბრება, რომლებმაც „პროგრესი“ საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ საგანმანათლებლო ბრენდად აქცია.

სკოლის ხელმძღვანელის ამპლუის მიღმა, ვინ არის ქალი, რომელსაც დღეს ვესაუბრებით?

ხშირად ადამიანები ჩემს საქმიანობას ხედავენ, მაგრამ იშვიათად იმას, რა დგას ამ ყველაფრის უკან. უპირველესად, მე ვარ ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება სწამდა და სწამს, რომ განათლება ყველაზე დიდი ძალაა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების მომავალი. სწორედ ამიტომ, ჩემი საქმიანობა არასდროს ყოფილა მხოლოდ პროფესია. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ყოველდღე თავიდან ვირჩევ. თუ საკუთარ თავზე უნდა ვისაუბრო, ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტად მიზანი მამოძრავებს. ყოველთვის უფრო მეტად მაინტერესებდა, რა ღირებულებას ვქმნი, ვიდრე ის, რას ვაღწევ პირადად.

ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი კიდეც, რომ როდესაც 21 წლის ასაკში იწყებ საქმეს, სინამდვილეში მხოლოდ კომპანიას არ ქმნი, შენ საკუთარ თავს ქმნი. დღესაც ასე ვფიქრობ. ყოველი გამოწვევა, ყოველი მიღებული გადაწყვეტილება, ყოველი წარმატება და ყოველი სირთულე ადამიანსაც აყალიბებს და ლიდერსაც.

ძალიან მიყვარს ადამიანები, რომლებიც მუდმივად სწავლობენ. ალბათ, სწორედ ამიტომ არასდროს მიმაჩნდა, რომ უკვე ყველაფერს მივაღწიე. განვითარების სურვილი ჩემთვის ცხოვრების წესია. დღემდე ვსწავლობ, ვკითხულობ, ვაკვირდები მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემებს და ყოველთვის ვეძებ გზებს, როგორ გავხადოთ ჩვენი სკოლები კიდევ უფრო ძლიერი და თანამედროვე (რომელიც პასუხობს დროის მოთხოვნებს). მეორე მხრივ, ვარ ქალი, რომელსაც სჯერა, რომ სინაზე და სიმტკიცე ერთმანეთის საპირისპირო არ არის. პირიქით, ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი ადამიანები სწორედ ისინი არიან, ვინც პრინციპულობას ადამიანურობასთან აერთიანებენ. ლიდერობა ჩემთვის არ ნიშნავს ძალაუფლებას. ლიდერობა ნიშნავს პასუხისმგებლობას ადამიანების, გუნდის, მშობლების და იმ ათასობით ბავშვის წინაშე, რომელთა მომავალზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ.

დღეს, როდესაც უკან ვიხედები, ყველაზე მეტად მიღწევებით კი არა, იმ ნდობით ვამაყობ, რომელიც წლების განმავლობაში შეიქმნა. ნდობა არ იქმნება ხმამაღალი განცხადებებით. ის იქმნება მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ერთსა და იმავე ხარისხს ინარჩუნებ, მაშინაც კი, როცა ამას არავინ ხედავს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ქალი, რომელსაც დღეს ესაუბრებით, ქალი, რომელიც ჯერ კიდევ მოძრაობს მთავარი მიზნებისკენ, მაგრამ არასდროს ივიწყებს, რომ ყველაზე დიდი ცვლილებები ყოველდღიური შრომით იწყება.

თუ რამდენიმე სიტყვით აღწერა მოგიწევდათ, როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

არ მიყვარს საკუთარი თავის დახასიათება, რადგან ვფიქრობ, ადამიანს ყველაზე უკეთ მისი საქმე და ის ადამიანები ახასიათებენ, ვისთვისაც ღირებულებას ქმნის. თუმცა თუ აუცილებლად უნდა შევარჩიო, ვიტყოდი: მიზანდასახული, სისტემური, პასუხისმგებლიანი და ცნობისმოყვარე. ყოველთვის მჯეროდა, რომ წარმატება შემთხვევით არ მოდის. მას ქმნის ყოველდღიური დისციპლინა, სწორი გადაწყვეტილებები და უნარი, გრძელვადიანი მიზნები მოკლევადიან ემოციებზე წინ დააყენო.

დედა ხშირად მეუბნება, რომ ჩემი მეწარმეობრივი აზროვნება, ალბათ, ბაბუისგან მაქვს. ბაბუა მეწარმე იყო და, როგორც ჩანს, სწორედ მისგან გამომყვა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი – სურვილი, შევქმნა, განვავითარო და იდეები რეალობად ვაქციო. ვფიქრობ, ასეთი მაგალითები ადამიანს ბავშვობიდან შეუმჩნევლად აყალიბებს. ამ გზაზე დიდი გავლენა ჰქონდათ მამასა და ჩემს ძმასაც. მათგან ვისწავლე შრომის ფასი, პასუხისმგებლობის აღება და ის, რომ შედეგი ყოველთვის ყოველდღიური საქმის კეთებით მიიღწევა. საბოლოოდ, სწორედ ოჯახის თითოეული წევრისგან მიღებულმა გამოცდილებამ ჩამომიყალიბა ის ღირებულებები, რომლებიც დღეს ჩემს გადაწყვეტილებებსა და საქმიანობას განსაზღვრავს.

ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, არასოდეს ვყოფილვარ ადამიანი, რომელსაც სწრაფი შედეგები აკმაყოფილებს. უფრო მაინტერესებს ისეთი სისტემების შექმნა, რომლებიც ათწლეულების შემდეგაც იმუშავებს. ალბათ ამიტომაც პროგრესი თავიდანვე მხოლოდ სკოლად არ წარმომედგინა. მინდოდა შეგვექმნა საგანმანათლებლო კულტურა, რომელსაც საკუთარი ღირებულებები, საკუთარი ფილოსოფია და განვითარების საკუთარი სტანდარტი ექნებოდა. ხშირად ვამბობ, რომ ლიდერი ის არ არის, ვინც ყველაზე ხმამაღლა საუბრობს. ლიდერი ის არის, ვინც ყველაზე რთულ მომენტებში ინარჩუნებს სიმშვიდეს და გადაწყვეტილებების მიღების პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

მაქვს კიდევ ერთი თვისება, რომელიც ჩემს საქმიანობაში ძალიან მეხმარება, არასოდეს ვკარგავ ინტერესს ახალი იდეების მიმართ. ინოვაცია ჩემთვის მოდური სიტყვა არ არის. ეს არის ყოველდღიური პროცესი, როდესაც მუდმივად ეკითხები საკუთარ თავს: „შეიძლება ეს უკეთესად გავაკეთოთ?“ ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, არასოდეს ვივიწყებ, რომ ნებისმიერი წარმატების უკან ადამიანები დგანან. ამიტომ ჩემთვის ორგანიზაციის მთავარი ღირებულება ყოველთვის გუნდი იყო. ძლიერი ადამიანები ქმნიან ძლიერ სისტემებს, ხოლო ძლიერი სისტემები ქმნიან მდგრად შედეგებს. თუ ჩემი ცხოვრების ერთ ფრაზაში შეჯამება მომიწევდა, ალბათ, ასე ვიტყოდი: მე მჯერა, რომ ყველაზე დიდი მიღწევა არის არა ის, რასაც შენ ქმნი, არამედ ის, რამდენ ადამიანს აძლევ შესაძლებლობას, საკუთარი პოტენციალი აღმოაჩინოს.

როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა და რა გახდა ის მთავარი მოტივაცია, რომელმაც კერძო სკოლის დაარსების იდეამდე მიგიყვანათ?

ჩემი პროფესიული გზა ძალიან ადრე დაიწყო, იმ ასაკში, როდესაც ადამიანების უმეტესობა ჯერ კიდევ საკუთარ მომავალს ეძებს. მე კი უკვე ძალიან მკაფიოდ ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება განათლებას უნდა დაკავშირებოდა. 21 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, ნულიდან დამეწყო საქმე. არ მქონდა დიდი ფინანსური რესურსი, გავლენიანი მხარდამჭერები ან მზა ინფრასტრუქტურა. მქონდა მხოლოდ ერთი რამ, ხედვა. მჯეროდა, რომ საქართველოში შესაძლებელი იყო ისეთი სკოლის შექმნა, რომელიც ბავშვებს მხოლოდ ცოდნას კი არ მისცემდა, არამედ თავისუფალ აზროვნებას, გლობალურ ხედვას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას ჩამოუყალიბებდა. იმ წლებში განათლების სფეროში სრულიად განსხვავებული მოთხოვნა უკვე იგრძნობოდა, თუმცა ამ მოთხოვნაზე პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობდა. სწორედ მაშინ გაჩნდა „პროგრესის“ იდეა. მინდოდა შეგვექმნა სკოლა, რომელიც არ იქნებოდა მხოლოდ სასწავლო დაწესებულება. მინდოდა ეს ყოფილიყო სივრცე, სადაც ბავშვები ისწავლიდნენ კითხვების დასმას, გადაწყვეტილებების მიღებას, პასუხისმგებლობის აღებას და სამყაროსთან კონკურენციას. ერთ-ერთ გამოსვლაში ვთქვი კიდეც, რომ ლიდერობა სწორედ იქ იწყება, სადაც ადამიანები ხედავენ რისკს, ხოლო შენ შესაძლებლობას. ვფიქრობ, სწორედ ამ პრინციპმა განსაზღვრა ჩემი პროფესიული გზაც.

ბევრი ფიქრობს, რომ ბიზნესის დაწყების მთავარი მოტივაცია ფინანსური წარმატებაა. ჩემს შემთხვევაში ასე არასდროს ყოფილა. ჩემი მთავარი მოტივაცია იყო ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ათასობით ბავშვის მომავალს შეცვლიდა. დღესაც, როდესაც ახალი კამპუსები შენდება, საერთაშორისო პარტნიორობები ფართოვდება და ჩვენი მოსწავლეები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას, ყველაზე დიდი კმაყოფილება სწორედ იმ განცდიდან მოდის, რომ ის იდეა, რომელიც ოდესღაც მხოლოდ რწმენა იყო, დღეს უკვე ათასობით ოჯახის ყოველდღიური რეალობაა. ვფიქრობ, ნებისმიერი დიდი საქმე სწორედ ასე იწყება, არა რესურსით, არამედ რწმენით. რესურსები დროთა განმავლობაში ჩნდება, მაგრამ თუ ხედვა არ არსებობს, ყველაზე დიდი შესაძლებლობებიც დროებითია.

სკოლის შექმნისა და განვითარების პროცესში რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა და როგორ მოახერხეთ მისი გადალახვა?

როდესაც ახალგაზრდა ქალი იწყებს საგანმანათლებლო ორგანიზაციის შექმნას, საზოგადოებას ბუნებრივად უჩნდება კითხვები. შეძლებს თუ არა? იქნება თუ არა ეს პროექტი გრძელვადიანი? შეინარჩუნებს თუ არა ხარისხს? დღეს ვფიქრობ, ეს კითხვები სრულიად სამართლიანი იყო. ნდობა არ არის ის, რასაც ითხოვ. ნდობა არის ის, რასაც ყოველდღიური შრომით იმსახურებ. თავიდან ყველაფერი პატარა იყო, გუნდი, სივრცე, შესაძლებლობები. მაგრამ თავიდანვე გვქონდა ერთი ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება: არასდროს შეგვექმნა სისტემა, რომელიც სწრაფ შედეგზე იქნებოდა ორიენტირებული. ჩვენ თავიდანვე რეპუტაციას ვაშენებდით. ხშირად ვამბობ, რომ ბრენდი რეკლამით არ იქმნება. ბრენდი იქმნება იმ გადაწყვეტილებებით, რომელსაც მაშინ იღებ, როდესაც ამას ვერავინ ხედავს. სწორედ ამიტომ, თითოეული ახალი პროგრამა, თითოეული საერთაშორისო პარტნიორობა, თითოეული მასწავლებლის შერჩევა და თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტი ერთი პრინციპით იქმნება, ხარისხი არასდროს უნდა გახდეს კომპრომისის საგანი. დღეს, როდესაც „პროგრესის“ ამერიკული სკოლები უკვე სამ ქალაქში ოპერირებს, ათასობით ოჯახთან თანამშრომლობს და ასობით პროფესიონალს აერთიანებს, ვფიქრობ, ყველაზე დიდი მიღწევა შენობები კი არა, ნდობაა, რომელიც ამ წლების განმავლობაში შეიქმნა. დამოუკიდებელმა ბიზნესმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მასწავლა: ლიდერობა არ არის სტატუსი. ლიდერობა ყოველდღიური დისციპლინაა. ეს არის უნარი, ყველაზე რთულ პერიოდშიც შეინარჩუნო ხედვა, მიიღო რთული გადაწყვეტილებები და არ დაკარგო ის ღირებულებები, რომელზეც ყველაფერი ააშენე. დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ნებისმიერი გამოწვევა დროებითია, თუ შენი მიზანი საკმარისად დიდია, ხოლო ღირებულებები საკმარისად მყარი.

რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება? არსებობს თუ არა თქვენი პირადი წარმატების ფორმულა?

ადრე მეგონა, წარმატება მიზნის მიღწევის მომენტი იყო. დღეს ვფიქრობ, წარმატება გაცილებით დიდი პასუხისმგებლობაა. ის იწყება მაშინ, როდესაც შენი შრომა უკვე მხოლოდ შენს ცხოვრებას აღარ ცვლის, არამედ სხვების მომავალზეც ახდენს გავლენას. ჩემთვის წარმატება არასდროს იზომებოდა მხოლოდ შედეგებით, სტატუსით ან მასშტაბით. ის იზომება იმ ნდობით, რომელსაც ადამიანები გიცხადებენ. როდესაც მშობელი ყველაზე ძვირფასს, საკუთარ შვილს განდობს, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი შეფასებაა. თუ წარმატების ფორმულა არსებობს, ის ძალიან მარტივია: მკაფიო ხედვა, ყოველდღიური დისციპლინა და ღირებულებების ერთგულება. ხშირად ვამბობ, რომ დროებით შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ რეპუტაცია არის კაპიტალი, რომელსაც ყოველდღე ქმნი და ყველაზე რთულ დროსაც შენთან რჩება.

რა გამოარჩევს სკოლა „პროგრესს“ და რით ამაყობთ ყველაზე მეტად, როდესაც მის განვითარებას უყურებთ?

ვფიქრობ, ,,პროგრესის“ მთავარი განსხვავება იმაშია, რომ ჩვენ თავიდანვე არ გვინდოდა მხოლოდ კარგი სკოლის შექმნა. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა საგანმანათლებლო ეკოსისტემა, რომელიც ბავშვებს მომავლისთვის მოამზადებდა და არა მხოლოდ გამოცდებისთვის. დღეს ეს იდეა რეალობად იქცა. სამი ქალაქი, საერთაშორისო აკრედიტაციები, ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამა, ორმაგი დიპლომი, STEM, მეწარმეობა და AP (საუნივერსიტეტო პროგრამა) განათლება, თანამედროვე კამპუსები, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი მიღწევებია, მაგრამ ჩემთვის მაინც ყველაზე მთავარი ადამიანები არიან. ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ უკვე ათასობით ოჯახი გვანდობს შვილებს, ხოლო ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლობენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და წარმატებით აგრძელებენ პროფესიულ გზას სხვადასხვა ქვეყანაში. ხშირად ვამბობ, რომ სკოლის რეალური წარმატება შენობით ან ინფრასტრუქტურით არ იზომება. ის იზომება იმით, თუ როგორი ადამიანები ტოვებენ ამ კედლებს. როდესაც ვხედავ ახალგაზრდებს, რომლებიც თავდაჯერებულები, თავისუფლად და კრიტიკულად მოაზროვნეები და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები არიან, ვხვდები, რომ სწორედ ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა.

ქუთაისი თქვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. როგორ ხედავთ ქალაქის პოტენციალს თანამედროვე განათლებისა და წარმატებული ადამიანების აღზრდის კუთხით?

ქუთაისი ჩემთვის მხოლოდ ქალაქი არ არის. ეს არის ადგილი, სადაც დიდი იდეები ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი მიიღებოდა. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ განათლების თვალსაზრისით ჩემს ქალაქს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. წლების განმავლობაში არაერთხელ დავინახეთ, რომ რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს ისეთივე შესაძლებლობები და ამბიციები აქვთ, როგორიც მსოფლიოს ნებისმიერ დიდ ქალაქში. მათ სჭირდებათ მხოლოდ გარემო, რომელიც ამ შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში დაეხმარება. ამ რწმენით ვვითარდებით დღესაც. ქუთაისში უკვე ვხსნით მეორე კამპუსს, რომელიც ადრეული განათლების (საბავშვო ბაღი, სკოლამდელი და დაწყებითი განათლება) სრულიად ახალ სტანდარტს შექმნის. ეს ჩვენთვის უბრალოდ გაფართოება არ არის, ეს არის ინვესტიცია მომავალ თაობაში. მინდა, რომ ახალგაზრდებს აღარ უწევდეთ საკუთარი ოცნებების რეალიზებისთვის ქალაქის დატოვება. მინდა, საერთაშორისო დონის განათლება ხელმისაწვდომი იყოს იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ. სწორედ ასე ვითარდება არა მხოლოდ ადამიანი, არამედ ქალაქიც და საბოლოოდ ქვეყანაც.

წარმატებული მენეჯერის, ლიდერისა და ქალის ამპლუაში როგორ ახერხებთ პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსის შენარჩუნებას?

გულწრფელად რომ ვთქვა, არ მჯერა იდეალური ბალანსის. ვფიქრობ, ცხოვრება სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პრიორიტეტს გვთხოვს. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ არც ერთ ნაწილში არ დავკარგო საკუთარი თავი. ძალიან დინამიკური პროფესია მაქვს, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, დრო დავუთმო ოჯახს, საკუთარ განვითარებას და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანნი არიან. სწორედ ეს მაძლევს ენერგიას, რომ ყოველდღიურად ახალი პასუხისმგებლობები ავიღო. ყველაზე დიდი სიხარული ჩემთვის ისიც არის, რომ ჩემი ორი ქალიშვილი საკუთარი გზით ვითარდება. ერთ-ერთი უკვე პროგრეს ჰოლდინგის აღმასრულებელი მენეჯერია, მეორე კი ბიზნესის მიმართულებით აგრძელებს სწავლას საფრანგეთში. მიუხედავად იმისა, რომ გამორჩეულად შემოქმედებითი ადამიანია, ვფიქრობ, ჩემი დამოკიდებულება საქმის, შრომისა და პასუხისმგებლობის მიმართ მასშიც იგრძნობა. ალბათ, ყველა დედას სურს, შვილებისთვის ძლიერი ქალის მაგალითი იყოს, და თუ ეს შევძელი, ამას ჩემს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მივიჩნევ.

ვისწავლე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, ლიდერს არ სჭირდება ყველაფერს მარტო შეეჭიდოს. ძლიერი გუნდი, ნდობა და პასუხისმგებლობის გაზიარება არა მხოლოდ ორგანიზაციას აძლიერებს, არამედ ადამიანს საშუალებას აძლევს, უფრო გააზრებულად იცხოვროს. ვფიქრობ, ქალის ძალა სწორედ იმაშია, რომ შეუძლია ერთდროულად იყოს პრინციპული და ემპათიური. ჩემთვის ეს ორი თვისება არასდროს ყოფილა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში.

რა რჩევას მისცემდით ქალებს, რომლებსაც საკუთარი საქმის დაწყება სურთ, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა ჯერ კიდევ უჭირთ?

ყველაზე მთავარი, რასაც ვეტყოდი, არის ის, რომ არ დაელოდონ იდეალურ დროს. იდეალური დრო თითქმის არასდროს დგება. როდესაც მე საკუთარი გზა დავიწყე, არც სრულყოფილი პირობები მქონდა და არც ყველა პასუხი ვიცოდი. მქონდა მხოლოდ მიზანი და მზადყოფნა, ყოველდღიურად მემუშავა ამისთვის. ხშირად გვგონია, რომ თავდაჯერებულობა წინ უსწრებს მოქმედებას. სინამდვილეში პირიქით არის, თავდაჯერებულობა სწორედ მოქმედების პროცესში იბადება. ქალებს განსაკუთრებული უნარი აქვთ, შექმნან, გააერთიანონ და განავითარონ. ამიტომ მინდა, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შეეპაროთ. დაიწყეთ იქიდან, სადაც ხართ, იმ რესურსით, რაც გაქვთ, მაგრამ არასდროს შეზღუდოთ საკუთარი ხედვა. და კიდევ ერთი რამ, ნუ შეგეშინდებათ შეცდომების. ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის რამდენჯერ დაეცემით. მნიშვნელოვანია, რამდენჯერ შეძლებთ თავიდან ადგომას და გზის გაგრძელებას.

და ბოლოს, რას უსურვებდით და რას ეტყოდით ჟურნალ OK!-ის მკითხველს? რა არის ის მთავარი ღირებულება, რომელიც, თქვენი აზრით, ადამიანს წარმატებასა და ბედნიერებამდე მიიყვანს?

ვუსურვებდი, არასდროს დაკარგონ ცნობისმოყვარეობა. ჩემი აზრით, ადამიანი სწორედ იმ დღეს წყვეტს ზრდას, როდესაც ფიქრობს, რომ ყველაფერი უკვე იცის. სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება. იცვლება ტექნოლოგიები, პროფესიები, ცხოვრების წესიც. მაგრამ არსებობს ღირებულებები, რომლებიც დროს არ ემორჩილება: განათლება, შრომა, ღირსება, პასუხისმგებლობა და ადამიანების პატივისცემა.

მჯერა, რომ წარმატება და ბედნიერება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არ არის. როდესაც აკეთებ საქმეს, რომელსაც ღირებულება აქვს და შენი საქმიანობით სხვების ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილება შეგაქვს, წარმატებაც გაცილებით ღრმა მნიშვნელობას იძენს. სწორედ ეს განიჭებს ბედნიერების განცდას. ვფიქრობ, ბედნიერება ხშირად არჩევანიც არის – უნდა გადაწყვიტო, რომ ბედნიერი იყო. ალბათ, ამიტომაც დავიწყე წიგნის დაწერა. მინდოდა, ჩემი გამოცდილება, შეცდომები, მიღებული გაკვეთილები და ღირებულებები სხვებისთვისაც გამეზიარებინა. თუ ეს წიგნი თუნდაც ერთ ადამიანს საკუთარი მიზნებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაში დაეხმარება, ჩავთვლი, რომ თავისი დანიშნულება შეასრულა.

ხშირად ვიმეორებ ერთ ფრაზას: მომავალი არ ეკუთვნით მათ, ვინც ყველაზე მეტი იცის. მომავალი ეკუთვნის მათ, ვინც სწავლას არასდროს წყვეტს. სწორედ ამას ვუსურვებ ჟურნალ OK!-ის თითოეულ მკითხველს – იოცნებონ გაბედულად, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და არ დაკარგონ რწმენა, რომ ერთი სწორი გადაწყვეტილება შეიძლება მთელი ცხოვრების მიმართულებად იქცეს.

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა