#OK! მოტივაციად ქცეული მიზანი – ინტერვიუ ქრისტინე სულაკაძესთან

3 weeks ago 9

ჟურნალი OK!-ის დეკემბრის ნომრის სტუმარი ქრისტინე სულაკაძეა, რომლის მთავარი მოტივაცია განვითარების სურვილი და მუდმივად ახლის ძიება იყო, სწორედ ამან განაპირობა მისი წარმატება და ახალი უნარების აღმოჩენა საკუთარ თავში. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, დასახული მიზნის მიღწევით მიღებული სიამოვნება არის მისთვის უდიდესი მოტივაცია. დაუღალავმა შრომამ კი მიიყვანა იქამდე, რომ დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიას Johnson and Johnson Global Service-ს წარმოადგენს პრაღაში. რა გზა გაიარა დღევანდელ დღემდე, რა გახდა მისი წარმატების მთავარი საწინდარი, როგორია მისი სამომავლო გეგმები და სხვა საინტერესო კითხვებზე ქრისტინე სულაკაძე თავად გვიამბობს.

ქრისტინე, უპირველესად, გაგვეცანით.

მე ვარ ქრისტინე სულაკაძე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში. ვფლობ მაგისტრის ხარისხს ჰოსპიტალურ მენეჯმენტში, და ასევე მაგისტრის ხარისხს ფინანსებსა და მარკეტინგში. ამჟამად ვმუშაობ მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და მოწინავე სამედიცინო კომპანიაში Johnson and Johnson Global Service-ში, რომელიც მდებარეობს პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში. ჰაბი უზრუნველყოფს კომპანიის სხვადასხვა ფინანსურ საკითხებში მხარდაჭერას ევროპის, დიდი ბრიტანეთისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრისთვის.

გვიამბეთ თქვენი საქმიანობისა და პროფესიის შესახებ.

ჩემი პროფესიული განათლება და საქმიანობა უკავშირდება ჯანდაცვის სფეროს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ მუშაობა დავიწყე ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი ჯანმრთელობის დაზღვევის პრინციპებს, შემესწავლა ბაზრის მახასიათებლები და განმევითარებინა პაციენტებთან ურთიერთობისთვის საჭირო უნარები. მუშაობის პარალელურად, სწავლა განვაგრძე კავკასიის ჯანდაცვის სკოლის ჰოსპიტალური მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე. ვინაიდან პროგრამა ძალიან მომწონდა და მიღებული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა საშუალებას მაძლევდა განვვითარებულიყავი პროფესიაში, შევუერთდი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო კორპორაციის, „ევექსის“ გუნდს, რომელიც დღეს რებრენდირებული სახით არის ბაზარზე წარმოდგენილი. რამდენიმე წლის განმავლობაში ვიმუშავე სხვადასხვა პოზიციაზე როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე ქსელის სათავო ოფისში. საქართველოში მიღებული განათლება და სამუშაო გამოცდილება დამეხმარა, კარიერა ევროპაში გამეგრძელებინა. რადგანაც ბოლო წლების გამოცდილება დაკავშირებული იყო ჰოსპიტალურ მენეჯმენტთან და მათ შორის ფინანსურ მიმართულებასთან, გადავწყვიტე აკადემიური განათლება ფინანსების და მარკეტინგის კუთხით გამეღრმავებინა. სწორედ ამიტომ ჩავაბარე Prague University of Finance and Administration-ში სამაგისტრო პროგრამაზე Finance and Marketing communication-ი. ვინაიდან პრაღაში არის ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანიის ჰაბი, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. სწავლის დაწყებისთანავე მუშაობა გავაგრძელე საერთაშორისო კორეულ კომპანიაში Doosan Infracore-ი, სადაც მქონდა შესაძლებობა, გამოცდილება მიმეღო Dealer and Sales Support team-ში. რამდენიმე თვის შემდეგ კი მივიღე შემოთავაზება ჩემთვის სასურველი საერთაშორისო სამედიცინო კომპანიიდან Johnson and Johnson-ი.

თქვენ წარმოადგენთ ამერიკულ კომპანიას Johnson & Johnson-ი. როგორ დაიწყო თქვენი კარიერა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან?

ევროპაში გადასვლის მთავარ მიზანს ჩემი პროფესიული განვითარება წარმოადგენდა. მინდოდა კარიერა ჯანდაცვის სექტორში გამეგრძელებინა, რადგან ძალიან მიყვარს ეს საქმიანობა. გამომდინარე იქიდან, რომ პრაღაში გადასვლიდან მალევე დაიწყო პანდემია, კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დავდექი, რადგან სამუშაო ბაზარზე ახალი კადრების აყვანისგან კომპანიები თავს იკავებდნენ. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პარალელურად აქტიურად ვეძებდი სამსახურს ჯანდაცვის სექტორში. სახელმწიფო სამაგისტრო გამოცდებისთვის მზადების პროცესში ლინკდინზე მივიღე შემოთავაზება კომპანიის თანამშრომლისგან, გავიარე შერჩევის 5-ეტაპიანი პროცესი, რაც მოიცავდა რეზიუმეს შერჩევას, ტესტირებას, ინტერვიუს HR-თან, ინტერვიუს ჯგუფის ხელმძღვანელთან და ბოლო ეტაპს ინტერვიუს დირექტორთან. მინდა აღვნიშნო, რომ შერჩევის ეტაპი საკმაოდ რთული პროცესი იყო, თუმცა საბედნიეროდ, წარმატებით გავიარე ყველა ეტაპი და დავიწყე მუშაობა Johnson and Johnson Globas Service s.r.o MedTech sector ში A2R Revenue department-ში (Medical Devices). ვისაც საერთაშორისო და მსხვილ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ, დამეთანხმებიან, რომ არ არის ადვილი ადაპტირდე, თავი დაიმკვიდრო მსხვილ კომპანიებში. უდიდესი კონკურენციის პირობებში მოვახერხე კარიერული ზრდა და 2021 წლიდან დღემდე სამჯერ შევიცვალე პოზიცია. მოგეხსნებათ, Johnson and Johnson-ი რამდენიმე მიმართულებით საქმიანობს ჯანდაცვის სფეროში, მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი როგორც MedTech სექტორს, ასევე Innovative Medicine (Pharma) სექტორს. თავდაუზოგავი შრომის შემდეგ მიმდინარე წელს მივიღე შემოთავაზება მენეჯმენტისგან და ამჟამად ვიკავებ Process Specialist-ის როლს A2R Revenue department-ში, სადაც ძირითად მოვალეობას წარმოადგენს პროცესების დიზაინი, სტანდარტიზაცია, ავტომატიზაცია ხელოვნური ინტელექტის და სხვადასხვა Digital tool-ის გამოყენებით. ასევე, ვარ Subject Matter Expert-ი და ვმონაწილეობ კომპანიის გრძელვადიანი მიზნებისთვის საჭირო რამდენიმე გლობალურ პროექტში.

რა გაძლევთ მოტივაციას?

დასახული მიზნის მიღწევით მიღებული სიამოვნება არის ჩემი უდიდესი მოტივაცია; განვითარების სურვილი და მუდმივად ახლის ძიება; ახალი უნარების აღმოჩენა საკუთარ თავში; გამოწვევებთან გამკლავება. რომ მკითხოთ, რომელი ერთი სიტყვა ასახავს ჩემს პიროვნებას, ალბათ ვიტყოდი – „მოძრაობა“. ვერ წარმომიდგენია უმოქმედოდ, უმიზნოდ ყოფნა. ამიტომ ყოველი მიღწეული მიზნის შემდეგ მომენტალურად ვიწყებ ახალ გეგმებზე ფიქრს. მიყვარს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რაც მეხმარება როგორც პიროვნულ, ასევე კარიერულ ზრდაში. გარდა ამისა, ჩემს უდიდეს მოტივაციას ჩემი ოჯახი და მეგობრები წარმოადგენენ. ბავშვობიდან ვხედავდი მშობლების დამოკიდებულებას განათლების მიმართ, ყოველთვის უჭერდნენ მხარს ჩემი და ჩემი დის ნებისმიერ წამოწყებას. გვეუბნებოდნენ, რომ თუ გვინდა შევქმნათ უკეთესი მომავალი და ვიყოთ განვითარებული სამყაროს ნაწილი, აუცილებლად უნდა მივიღოთ განათლება და ვიბრძოლოთ ჩვენი მიზნებისთვის. მათ დიდი როლი ითამაშეს ჩემს წარმატებაში, ძალიან დიდი ძალაა, როცა გრძნობ, რომ შენი სჯერათ და გამხნევებენ.

რამდენად რთულია ოჯახის/პირადი ცხოვრებისა და კარიერის დაბალანსება ერთმანეთთან?

ამ ეტაპზე ვიტყოდი, რომ პირადი ცხოვრებისა და კარიერის დაბალანსება ერთმანეთთან არ მიჭირს, რაც, ჩემი აზრით, გამოცდილების დამსახურებაა. დროის სწორი მენეჯმენტისა და ორგანიზებულობის ხარჯზე ვცდილობ სამუშაო საათები მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენო, ხოლო არასამუშაო საათებში დრო დავუთმო ოჯახს, პირად ცხოვრებას. მაქვს რამდენიმე ჰობი, მათ შორის, ვთამაშობ ჩოგბურთს და ეს სპორტი ნამდვილად მეხმარება სტრესისგან გათავისუფლებაში. ასევე, Johnson and Johnson-ი ჩართულია და მუდმივად ეხმარება თანამშრომლებს, დაიცვან ბალანსი პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის, რისთვისაც უამრავ ივენთს მართავს და სხვადასხვა სახის ბენეფიტებს გვაძლევს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ. წლების განმავლობაში სოლიდური გამოცდილება დავაგროვე ჯანდაცვის სექტორში, მუდმივად ვეცნობი სიახლეებს და ვცდილობ არ შევწყვიტო განვითარება. როგორც იცით, ხელოვნური ინტელექტი ძალიან აქტიურად ინერგება მსხვილ კომპანიებში და უახლოეს მომავალში გლობალურად შეცვლის დღის წესრიგს შრომის ბაზარზე. შესაბამისად, ამ ეტაპზე სრულად კონცენტრირებული ვარ ხელოვნური ინტელექტის შესწავლაზე, Digital skill-ების განვითარებაზე და მათ გამოყენებაზე ყოველდღიურ პროცესებსა და მიმდინარე პროექტებში. დარწმუნებული ვარ, ახალ რეალობასთან სწრაფად ადაპტირება და სამუშაო გარემო, რომელიც არის Johnson and Johnson Global Service-ში, დამეხმარება განვაგრძო უწყვეტი განვითარება ჩემს პროფესიაში.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

სრულად წაკითხვა