ოჯახში, სადაც ბავშვებია ან პატარას დაბადებას ელოდებიან, აუცილებლად „აკვანიცაა“. კომპანია 20 წელია 0-დან 3 წლამდე ბავშვთა საჭიროებებზე ზრუნავს. ხარისხით, მუდმივი სიახლეებითა და ინოვაციებით გამორჩეული „აკვანი“, ქართველი მომხმარებლისთვის საკმაოდ მოთხოვნადი, სანდო და ერთგული ბრენდია. ეს ის ადგილია, სადაც პატარების განვითარებისთვის ყველა საჭირო ნივთს იპოვით.
უკვე მესამე წელია, ბაზარზე „აკვანის“ შვილობილი „თოთო“ გამოჩნდა, რომელმაც ძალიან მცირე დროში ონლაინსივრცე დაიპყრო. იგი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, ჯერ კიდევ ახალშობილის დაბადებამდე შეიძინოს ყველა ის ნივთი, რაც მას სამშობიარო სახლში, შემდეგ კი ყოველდღიურად დასჭირდება.
როგორც კომპანიაში ამბობენ, მათთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი ნივთი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის და არა მხოლოდ მცირედისთვის. სწორედ ამიტომ, „აკვანისა“ და „თოთოსთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა, ქველმოქმედება და პატარებზე ზრუნვა უცხო არააა, ისევე როგორც მუდმივი სიახლეები და ონოვაციების დანერგვა. ამ ყველაფერზე კომპანიის დამფუძნებელი, შორენა ინანეიშვილი გვესაუბრება.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რა სიახლეებია კომპანია „აკვანში“?
„აკვანი“ უკვე 12 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობს. ამ დროის განმავლობაში მან არა მხოლოდ მოიპოვა, არამედ გულით დაიმსახურა დედების სიყვარული და ნდობა. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში თითქმის არ არსებობს დედა, რომელსაც „აკვანი“ არ სმენია ან არ გამოუყენებია ჩვენი პროდუქცია.
ეს ბრენდი ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე, უბრალოდ, საბავშვო მაღაზია. „აკვანი“ არის სივრცე, სადაც იზრდებიან ბავშვები და ამ გზაზე მშობლებს გვერდში ვუდგავართ.
სწორედ, ამ ხედვის გაგრძელებაა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაც. ვცდილობთ ხარისხიანი პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ მათთვის, ვინც კომფორტულად ცხოვრობს, არამედ იმ ოჯახებისთვისაც, ვისაც მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. ამიტომ სისტემატურად ვგზავნით საჩუქრებს მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებში, ვაწესებთ სპეციალურ ფასდაკლებებს გარკვეული ჯგუფებისთვის, ვაწყობთ გათამაშებებს, საქველმოქმედო აქციებს და ვართ ჩართული იმ აქტივობებში, რომლებიც ახალშობილების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას უკავშირდება.
„აკვანი“ ყოველთვის იქნება ადგილი, სადაც დედები იგრძნობენ, რომ მარტო არ არიან არც შერჩევისას, არც გადაწყვეტილების მიღებისას და მითუმეტეს, არც პირველ დღეებში, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა.
მიმდინარე წელს „აკვანის“ შვილობილი „თოთო“ მნიშვნელოვანი სიახლეებითაა წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანია საბავშვო ტანსაცმლის წარმოება. გვიამბეთ ამის შესახებ. რას აწარმოებთ, რა ასაკის და სქესისთვისაა ტანსაცმელი განკუთვნილი?
წელს „თოთოსთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. დავიწყეთ პირველი ქართული ახალშობილისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის წარმოება, რომელიც დამზადებულია 100% ორგანული ბამბისგან. ეს იყო ჩემთვის, როგორც დედისთვის, ასევე როგორც ბრენდის დამფუძნებლისთვის, დიდი პასუხისმგებლობა. ხაზში წარმოდგენილია მხოლოდ 0-3 თვის ასაკის ახალშობილებისთვის საჭირო ტანსაცმელი, რადგან სწორედ ეს პერიოდია ყველაზე ნაზი და ფაქიზი. ბოდეები, კომბინიზონები, შარვლები, წინდები, ქუდები, ხელთათმანები და სხვა. ყველა მათგანი უნისექსია, მშვიდ ფერებში და მაქსიმალურად მორგებული ბავშვის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე.
ვინ მუშაობს „თოთოს“ საბავშვო ხაზის დიზაინზე? რას ითვალისწინებენ ისინი მოდელის შექმნისას?
„თოთოს“ დიზაინზე ვმუშაობთ მცირე, მაგარამ ძალიან მობილურ ქართულ და ასევე, უცხოელ გუნდთან ერთად. ამ პროცესში თავადაც აქტიურად ვარ ჩართული. მოდელების შექმნისას, პირველ რიგში, ვითვალისწინებთ პრაქტიკულობასა და ბავშვის კანისადმი უსაფრთხოებას. ყველა დეტალი, ღილი, შეკვრა ან ნაკერი მოფიქრებულია ისე, რომ ბავშვისთვის იყოს მოსახერხებელი და არანაირად არ შეიქმნას დისკომფორტი. ვფიქრობთ იმაზეც, როგორ უნდა მოერგოს ტანსაცმელი დედას, რომ იყოს მარტივად ჩასაცმელი, სწრაფად გასარეცხი და გამძლე. ჩვენთვის ეს მხოლოდ სტილი არ არის, ეს ზრუნვის პროცესია, რომლის გამოხატულებაა თითოეული დეტალი.
მორიგი მნიშვნელოვანი და მასშტაბური სიახლეა „თოთოს 30/1“ ჩანთა. გვიამბეთ მის შესახებ. რას მოიაზრებს ეს ინოვაცია და რა უპირატესობები აქვს?
ყველაზე დიდი და ამბიციური პროექტი, რაც რეალურად გავაკეთეთ, იყო სამშობიაროში წასაღები სამოსის ჩანთა ახალშობილისთვის „თოთოს 30/1“. მსგავსი დანიშნულების ჩანთა საქართველოში პირველად შეიქმნა. მასში თავმოყრილია ყველაფერი, რაც ჩვილს სამშობიაროში სჭირდება ეკოლოგიური, ხარისხიანი და კომპაქტური ფორმით შეფუთული.
„თოთოს 30/1“ არ არის უბრალოდ პროდუქტების ნაკრები. ეს არის სერვისი, რომელიც ჩემთვის პირადად ძალიან ემოციური და ძვირფასია.
როდესაც თავად ვიყავი ფეხმძიმე, კარგად მახსოვს ის ქაოსი და შფოთვა, რასაც ახალშობილისთვის ნივთების მომზადება ახლდა. რამდენიმე მაღაზიას შორის სირბილი, სია, რომელიც თითქოს არასდროს სრულდება, და მუდმივი განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დაგავიწყდა.
მაშინვე მივხვდი, რამდენად დიდ კომფორტს შექმნიდა სერვისი, რომელიც ამ ყველაფერს გაამარტივებდა. სწორედ იქ დაიბადა „თოთოს 30/1“ ჩანთის იდეაც, თუმცა მისი განხორციელებისთვის რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ მართლაც სრულყოფილი გამოსავალი შემეთავაზებინა.
ეს არის ერთიანი, სრულად აღჭურვილი ჩანთა, რომელიც მოიცავს ყველა იმ ნივთს, რაც ახალშობილს დაბადების პირველივე დღეებში სჭირდება, ყველაფერი შეფუთულია ლამაზად, ჰიგიენურად და მზად არის გამოსაყენებლად. რაც მთავარია, დამზადებულია მხოლოდ 100% ორგანული ბამბისგან.
დღეს „თოთოს 30/1-ში“ უკვე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საჩუქარია საქართველოში მომავალი დედიკოებისთვის და ბევრი მათგანი სწორედ ამ ჩანთით ხვდება თავისი პატარას დაბადებას.
რა შეგრძნებაა, როდესაც თქვენ მიერ შექმნილი ტანსაცმელი „თოთოს“ სამარკო ნიშნით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაიყიდება?
მიუწვდომელი. სიტყვებით არ ხდება ამ შეგრძნების გადმოცემა. ეს იქნება ერთდროულად სიამაყე, პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი ემოცია, როცა ჩვენ მიერ შექმნილ ტანსაცმელს ჩააცმევენ ახალშობილებს ამერიკაში, ევროპაში ან თუნდაც მეზობელ ქვეყანაში. გრძნობ, რომ შენს პატარა იდეას საზღვრები არ გააჩნია.
სწორედ ასეთ დროს ვხვდებით, რომ „თოთო“ მხოლოდ ბიზნესს არ ნიშნავს. ეს არის დამოკიდებულება, სითბო, რომელიც სხვასაც გადაეცემა.
მომხმარებელი უკვე მიეჩვია თქვენგან სიახლეებს. ამჯერად, როგორია თქვენი სამომავლო გეგმა, რის დანერგვას აპირებთ?
ჩვენს მომხმარებლებს ძალიან სწრაფად უყალიბდებათ მოლოდინი, რომ „თოთოსა“ და „აკვანში“ სიახლე მუდმივად არის და ეს მოლოდინი ჩემთვის არ არის წნეხი, პირიქით, ესაა სტიმული, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვიყო.
„თოთოს“ მიმართულებით ვმუშაობთ ზაფხულის ახალ ხაზზე – თხელი, 100% ორგანული ქსოვილებით, რომლებიც იდეალურად შეეფერება ცხელი სეზონის ახალშობილებს. იგეგმება, ასევე, საძილე კომპლექტებისა და პლედების დამატება, ფერადი ბოდეების სერია, რომელიც იმავდროულად ეკოლოგიურიც იქნება და ვიზუალურადაც განსხვავებული. ეს კოლექცია მოიტანს ახალ განწყობას და კომფორტს ოჯახებში, სადაც პატარები ჯერ კიდევ „გზაში არიან“ ან ახლახან დაიბადნენ.
„აკვანის“ მხრიდან კი დიდ სიახლეს ვამზადებთ. ძალიან მალე დავამატებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, რომლებიც აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი საქართველოში. ეს არის დიდი ხნის ნატვრა, მომხმარებლისთვის პროდუქციის გაცილებით მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც ხარისხით და დიზაინით საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს.
მაღაზია „აკვანი“ არა მხოლოდ ფიზიკურად გაფართოვდება, არამედ შეიცვლება სიღრმისეულადაც. მეტი სერვისი, მხარდაჭერა და შესაძლებლობა მშობლებისთვის, განსაკუთრებით იმ დედებისთვის, ვინც ჯერ კიდევ ელოდება თავის პატარას.
მოკლედ რომ ვთქვა, ვაგრძელებთ გზას, რომელიც მომხმარებელთან ერთად დავიწყეთ. მათგან მოტივაციას ვიღებთ, თავად კი პასუხისმგებლობით, სიახლით, სიყვარულითა და ხარისხით ვუბრუნებთ.
ტექსტი: დეა მანაგაძე
ფოტო: ანუკი კახიძე, ზაზა კერძევაძე