#OK! ქართული სიმღერა უცხოურ ფილმში – ეკა ჩავლეიშვილი საიმონ ვუდსის პროექტში მონაწილეობაზე

1 hour ago 1

გადაცემა „თეთრი კვადრატის“ ეთერში ეკა ჩავლეიშვილმა ბრიტანელი რეჟისორის, საიმონ ვუდსის ახალ ფილმში მონაწილეობის შესახებ ისაუბრა. მსახიობმა გაიხსენა, როგორ მოხვდა საერთაშორისო პროექტში, რატომ შესთავაზა რეჟისორს, მისი პერსონაჟი ქართველი ყოფილიყო და რა გამოცდილება მიიღო გადასაღებ მოედანზე  მუშაობისას.

ეკა ჩავლეიშვილის თქმით, ყველაფერი მისი ახლობლის, ნატალია ჯუღელის დახმარებით დაიწყო, რომელიც ლონდონში ცხოვრობს და კინოს სფეროსთან ახლო კავშირი აქვს.

“ნატალია ჯუღელი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს და ჩემი ახლობელია, ამ პროექტში ერთგვარი დამაკავშირებელი აღმოჩნდა. ის კინოს დიდი გულშემატკივარია და სწორედ მისი მეშვეობით გაიხსნა ჩემთვის ეს შესაძლებლობა.

ერთ დღეს ინგლისურენოვანი ტექსტი მომიტანეს. თავიდან მთელი სცენარი წავიკითხე, რომ გამეგო, ვინ იყო ჩემი პერსონაჟი, რა უნდოდა და რა კონტექსტში მოქმედებდა. შემდეგ ტექსტი საფუძვლიანად ვისწავლე. მთავარი მოთხოვნა ის იყო, რომ უცხოელი პერსონაჟი მეთამაშა. კონკრეტული აქცენტი აუცილებელი არ ყოფილა — მთავარი იყო, ნათქვამი ბუნებრივად ჟღერებულიყო და შინაარსი გასაგები ყოფილიყო.

ვიდეო ჩავწერე და ნატალიას გავუგზავნე. მოგვიანებით რეჟისორ სოსო ბლიაძესა და თათი მუმლაძესაც ვთხოვეთ, ვიდეო უფრო პროფესიონალურად გადაგვეღო. საბოლოოდ, სწორედ ეს ჩანაწერი გავგზავნეთ და დამამტკიცეს.”

მსახიობი იხსენებს, რომ უცხო ქვეყანაში გამგზავრება მისთვის მარტივი არ ყოფილა:

“საბოლოოდ, დადგა გამგზავრების დღეც. მართალია, ბევრ ქვეყანაში ვიყავი ნამყოფი, მაგრამ პირველად მივდიოდი სრულიად მარტო, თან ისეთ ქვეყანაში, რომლის ენაც არ ვიცოდი. ჯერ ნიცაში ჩავფრინდი, სადაც თათი მუმლაძე დამხვდა. მას ლონდონიდან სპეციალურად სთხოვეს, ამ მოგზაურობაში ჩემი მეგზური ყოფილიყო.  შემდეგ პროვანსისკენ გავემგზავრეთ.”

გადაღებების დაწყების შემდეგ მსახიობმა რეჟისორს მნიშვნელოვანი ცვლილება შესთავაზა. თავდაპირველად მისი პერსონაჟი უნგრელი ქალი უნდა ყოფილიყო, თუმცა ჩათვალა, რომ ქართველი მსახიობისთვის პერსონაჟის ქართული იდენტობა უფრო ბუნებრივი იქნებოდა:

“თავდაპირველად ჩემი პერსონაჟი უნგრელი იყო, თუმცა მოგვიანებით ეროვნებაც შევუცვალეთ და სახელიც – ჟუჟუნა დავარქვით.

მისი ქალიშვილი ავტოავარიაში დაიღუპა და ამ ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს.

ფილმის რეჟისორს, საიმონ ვუდსს, ვთხოვე წარმოედგინა სცენა: ეს ქალი,  მანქანაში შვილს ვაშლს უთლიდა. გაფცქვნილი ვაშლი დანით მიაწოდა, სწორედ იმ დროს კი ჟუჟუნა წვიმა წამოვიდა, გზა ასრიალდა, მანქანა მოცურდა და ავარიის დროს დანა ბავშვს ყელში შეერჭო. გოგონა ადგილზე დაიღუპა. ამიტომაც ჰგონია, რომ შვილის სიკვდილში თავად არის დამნაშავე.”

ეკა ჩავლეიშვილი აღნიშნავს, რომ ამ ისტორიიდან დაიბადა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი –  ფილმში თუ ვინმე წაიღიღინებს: „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა…“, ეს ჩვეულებრივი სიმღერა აღარ არის — ჟუჟუნასთვის ის ტრაგედიის, დანაკარგისა და იმ საბედისწერო დღის მუდმივი შეხსენებაა.

“ეს იდეა რეჟისორს ძალიან მოეწონა. მთხოვა, სიმღერა ტელეფონით ჩამეწერა და გამეგზავნა. ჩემი ჩანაწერის შემდეგ კომპოზიტორმა მასზე სპეციალურად იმუშავა, არანჟირება გააკეთა და ასე იქცა ეს სიმღერა ფილმის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მუსიკალურ მოტივად”.

ცნობისთვის, საიმონ ვუდსის ახალ ფილმში „The Worst“ ეკა ჩავლეიშვილი ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად ითამაშებს, როგორებიც არიან ალისია ვიკანდერი, კირა ნაითლი, ტომ ჰოლანდერი, სემ კლაფლინი, შიან კლიფორდი, ერინ კელიმანი და ანა მაქსველ მარტინი.

ფილმის მთავარი გმირები  ემილი ფიშერი (ალისია ვიკანდერი) და მისი მეუღლე მაქსი (ტომ ჰოლანდერი) არიან, რომლებიც თავიანთ მდიდარ მეგობრებს საფრანგეთში, ახალ შატოში გამართულ საღამოზე ეპატიჟებიან.

ერთი შეხედვით ელეგანტური და დახვეწილი საღამო მალევე გარდაიქმნება დაძაბულ ფსიქოლოგიურ თამაშად, როდესაც სტუმრებს შორის არსებული დაპირისპირებები და დამალული საიდუმლოებები ზედაპირზე ამოდის.

აღსანიშნავია, რომ ქასთინგის რეჟისორი დიქსი ჩესი 2024 წელს თბილისში, კინოდაჯილდოება „ელისოს“ ჟიურის წევრი იყო და სწორედ იქ გაეცნო ეკა ჩავლეიშვილის შემოქმედებას.

სრულად წაკითხვა