#OK! ქუთაისი – ნინა ჩიკვაშვილის სარედაქტორო

6 days ago 31

„The only true wisdom is in knowing you know nothing“.

– Socrates

„როდის მთავრდება სწავლა?“

არც მაშინ, როცა უნივერსიტეტს ამთავრებ.

არც მაშინ, როცა კარიერას იწყებ.

არც მაშინ, როცა წარმატებას აღწევ.

სწავლა იმ დღეს მთავრდება, როდესაც ფიქრობ, რომ უკვე ყველაფერი იცი.

დანარჩენი ცხოვრება კი სწორედ იმ ერთი გადაწყვეტილების შედეგია, გააგრძელებ თუ არა განვითარებას. ოცდაოთხი წლის წინ მეც მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება მივიღე, არასოდეს შემეწყვიტა სწავლა. მას შემდეგ შეიცვალა განათლება, შეიცვალა ტექნოლოგიები, შეიცვალა მსოფლიო. მაგრამ ერთი რამ უცვლელი დარჩა: ადამიანი იზრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ისევ მოსწავლედ ტოვებს.

დღესაც, ყოველი ახალი კითხვა ჩემთვის არის დაბრუნება იმ მდგომარეობაში, სადაც პასუხები არ არის მთავარი. სადაც უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რას ამჩნევ, რას უსმენ და რას ტოვებ შეუმჩნეველს. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ყველაფერი ხელმისაწვდომია, მაგრამ არაფერი რჩება დიდხანს ყურადღებაში. ინფორმაცია აღარ არის დეფიციტი, დეფიციტი გახდა სიღრმე. და სწორედ აქ იწყება ნამდვილი არჩევანი: რას აძლევ შენს გონებას, უფლებას, რომ დარჩეს შენთან.

ხშირად მეკითხებიან, რას ნიშნავს ჩემთვის პროგრესი. ის არც მხოლოდ წინსვლაა და არც მხოლოდ შედეგი. პროგრესი, პირველ რიგში, არჩევანის კულტურაა, უნარი, განასხვავო მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან, არსებითი – დროებითისგან. ის არ იზომება იმით, რამდენს აგროვებ, არამედ იმით, რის დათმობასაც სწავლობ. რადგან ზრდა ხშირად იწყება არა მაშინ, როცა რაღაცას ამატებ, არამედ მაშინ, როცა ხვდები, რის გარეშე შეგიძლია უფრო თავისუფლად, უფრო შინაარსიანად და უფრო გააზრებულად იარო. ვფიქრობ, ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ადამიანი უშვებს, არის იმის დაჯერება, რომ უკვე მიაღწია ყველაფერს. სწორედ ამ მომენტში ჩერდება არა მხოლოდ მისი განვითარება, არამედ მისი გავლენაც.

ამ ნომერში წარმოდგენილი ადამიანები სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა ცხოვრების გზას წარმოადგენენ, მაგრამ მათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საერთო აქვთ – ისინი არასოდეს წყვეტენ განვითარებას. სწორედ ამიტომ აღმოჩნდნენ ჩემი სარედაქციო სვეტის სტუმრები.

ნათია კილაძე, ნანა ჩარექიშვილი, ნინო ნიკოლაძე, ვაჟა ჯუღელი, დათო ჯაიანი, გიზო თავაძე და ოთარ კოსტავა ჩემთვის მხოლოდ წარმატებული პროფესიონალები არ არიან. ისინი, პირველ რიგში, ჩემი თანამოქალაქეები, თანამოაზრეები და ის ადამიანები არიან, რომელთა გზას წლებია პატივისცემით ვაკვირდები.

ნათია კილაძე უკვე თოთხმეტი წელია „პროგრესის“ გუნდის განუყოფელი ნაწილია. ნანა ჩარექიშვილმა კი ბათუმში ჩვენი განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი გააზრებული გადაწყვეტილებით იტვირთა და დღესაც ღირსეულად ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას. ორივე მათგანში განსაკუთრებით ვაფასებ ერთსა და იმავე თვისებას – მუდმივ განვითარებას, პროფესიონალიზმსა და იმ განსაკუთრებულ სიყვარულს, რომელიც საკუთარი ქალაქისა და საქმის მიმართ აქვთ.

დათო ჯაიანი ჩემი ცხოვრების იმ მნიშვნელოვან ეტაპზე გამოჩნდა, როდესაც ქუთაისში პროგრესის პირველი სკოლის შექმნისთვის საჭირო სივრცეს ვეძებდი. მისი მხარდაჭერა და ნდობა ჩემთვის იმ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

ვაჟა ჯუღელი წლების განმავლობაში განათლებისა და კულტურის ერთგული მხარდამჭერია. მის დამოკიდებულებაში არასოდეს არაფერი შეცვლილა და სწორედ ასეთი თანმიმდევრულობა იმსახურებს განსაკუთრებულ პატივისცემას.

ნინო ნიკოლაძესთან კი ოცდაშვიდწლიანი ისტორია მაკავშირებს. ერთად დავიწყეთ საერთაშორისო ენების ცენტრი, ერთად გავიარეთ არაერთი გამოწვევა და დღესაც გვაერთიანებს მეგობრობა, ნდობა და საერთო ღირებულებები. ჩემთვის ერთგულება სწორედ ასეთი ურთიერთობებით იზომება.

გიზო თავაძე ჩემთვის ქუთაისის ერთ-ერთი გამორჩეული კოლორიტია. ის იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ქალაქის კულტურულ ცხოვრებას წლებია განსაკუთრებული ერთგულებით ემსახურება. ახალგაზრდული პარკის ხელმძღვანელის როლში არაერთი პოეზიის საღამო, ლიტერატურული თუ კულტურული ღონისძიება იქცა ადამიანების შეკრებისა და ღირებულებების გაზიარების სივრცედ. სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ქალაქის სულს და ინარჩუნებენ მის კულტურულ იდენტობას.

ოთარ კოსტავა ჩემი ახალი ბიზნესპარტნიორია. განსაკუთრებით ვაფასებ იმას, რომ მან ქუთაისში სწორედ განათლების განვითარების შესაძლებლობა დაინახა. მან შეიძინა შენობა, რომელიც თავიდანვე საგანმანათლებლო სივრცედ წარმოიდგინა, ჩვენს სტანდარტებს მოარგო და მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა განათლებაში. მისი მხრიდან ჩემთვის ეს მხოლოდ ბიზნესგადაწყვეტილება არ ყოფილა – ეს იყო ნდობა ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებისა და იმ ხედვის მიმართ, რომელსაც „პროგრესი“ უკვე წლებია ქმნის.

ამ ადამიანებზე საუბარი ჩემთვის მადლიერების გამოხატვაც არის. მჯერა, რომ არც ერთი წარმატებული ისტორია მხოლოდ ერთი ადამიანის შექმნილი არ არის. მის უკან ყოველთვის დგანან ადამიანები, რომლებიც გენდობიან, გვერდში გიდგანან და ყველაზე რთულ დროსაც შენს ხედვას იზიარებენ. თუ დღეს ვინმე მეკითხება, ვინ შექმნა ის, რასაც „პროგრესი“ ჰქვია, ჩემი პასუხი ყოველთვის ერთია – ადამიანებმა. პირველ რიგშია ჩემი ოჯახი, დედა და მამა, რომლებმაც ჩემი ღირებულებები ჩამომიყალიბეს. შემდეგ კი ყველა ის ღირსეული ადამიანი, ვისთან ერთადაც ამ გზას წლებია გავდივარ.

გულწრფელად რომ ვთქვა, კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი მინდოდა ამ რუბრიკაში მეხსენებინა. ქუთაისთან განსაკუთრებული კავშირი მაქვს. ხშირად ვფიქრობ, რომ ეს ქალაქი მხოლოდ ჩემი დაბადების ადგილი კი არა, ჩემი დიდი ოჯახია – ქალაქი, სადაც ადამიანებს სახელებით კი არა, ურთიერთობებით, ნდობითა და საერთო ისტორიებით იცნობ.

მე კი დღემდე ყველაზე მეტად ერთი სიტყვის მჯერა, რომელმაც ჩემი ცხოვრება განსაზღვრა – „პროგრესი“. არა როგორც ორგანიზაციის სახელი, არამედ როგორც ცხოვრების წესი. რადგან, ჩემი ღრმა რწმენით, „Progress is not a destination. It is a decision you make every single morning“.

სრულად წაკითხვა