სიყვარულის დღედ რომ გამოაცხადეს, ის თარიღი ახლოვდებოდა. რედაქციაში სტატიის მომზადება დამავალეს. იმ დროს ჯერ კიდევ იბეჭდებოდა გაზეთი ჩვენს ქალაქში.
შეყვარებული წყვილები უნდა შემერჩია. გადავწყვიტე ერთ-ერთ რესპონდენტად მომეწვია ბიჭი, რომელიც არც დაოჯახებული იყო და არც მისი სასიყვარულო ისტორია გახლდათ საქვეყნოდ ცნობილი.
მაშინ პირადად არ ვიცნობდი, მხოლოდ მისი შემოქმედება ვიცოდი, საოცრად პოპულარული იყო. განსაკუთრებით მიყვარდა „თუთის ხესთან“, ხშირად ვმღეროდით სამეგობრო და ზოგჯერ მარტოც ვღიღინებდი.
გაეღიმა, როცა ინტერვიუს თემა ვუთხარი. გაკვირვებულმა მკითხა, ნამდვილად სწორად შემარჩიეო. მეგონა უარს მეუბნებოდა, მაგრამ მაშინვე დამთანხმდა და მეორე დღეს თავად მოვიდა რედაქციაში.
არ მახსოვს ჩვენი საუბრის დეტალები, მაგრამ არ დამვიწყებია მისი ღიმილი, თვალებიც კი უღიმოდნენ. ეტყობოდა ადამიანები, სიცოცხლე უყვარდა… იმდენად სავსე იყო სიყვარულით, ვერ იტევდა და ბევრს გასცემდა. ამიტომაც, ეს საოცრად გადამდები ენერგეტიკა არავის დაავიწყდებოდა, თუნდაც ერთხელ შეხვედროდა მას. მესაუბრებოდა და მივხვდი, რატომ დამთანხმდა ინტერვიუზე. ის თავად იყო სიყვარული.
ადრე იყო მისი წასვლა… დარჩენილი სიცარიელე და მონატრება, მხოლოდ იმ ძვირფასი მოგონებებით ივსება, რომლებიც მასთან გატარებულ დღეებს უკავშირდება. ეს არის ჩვენი მოკრძალებული მცდელობა გავიხსენოთ თაზო მონიავა, ისეთი, როგორიც იყო, მეგობარი, თანამოაზრე და ღირსეული ადამიანი.
ამიტომაც, შემთხვევითი არაა, რომ თაზოს გახსენება მის უახლოეს მეგობრებს ვთხოვეთ.
მერაბ (პიკასო) ქაჯაია, ფოტოგრაფი, ხელოვანი:
არსებობენ და იბადებიან დედამიწაზე ჩვეულებრივი ადამიანები, არაჩვეულებრივი ადამიანები და, ჩემი აზრით, არიან კიდევ გენიოსები, ამათ რიცხვს მიეკუთვნებოდა თაზო მონიავა. მას არ ჰქონდა მუსიკალური განათლება, არ უვლია არც ერთ მხატვრულ წრეზე, სადაც ასწავლიან ლექსის მხატვრულ წარმოთქმას, მას ჰქონდა სასწაული ნიჭი.
რატომ იყო გენიოსი? მისი ლექსი შემიძლია მოვიშველიო. როგორი რითმა ჰქონდა და თვითონ როგორი იყო, მის ერთ კუპლეტშია ყველაფერი ნათქვამი.
„არვის ეგონოს ვიყო რა მთქმელი,
ან საქართველოს დიდი მესია,
მეამაყება ვიყო ქართველი
და საქართველო თვითონ ლექსია“.
თაზოს ძმა, გია მონიავა ჩემი კლასელი იყო. როცა მეხუთე კლასში ვიყავით, თაზო მაშინ შეიყვანეს სკოლაში. პირველ სკოლაში ერთად დავდიოდით და მთელი ცხოვრება, თითქმის ყოველდღე, ერთად ვიყავით. ერთად გავატარეთ ბავშვობა, სიყმაწვილე, ახალგაზრდობა და როცა კაცობაში შევედით, 54 წლის ასაკში, სხვა სამყაროში გადაინაცვლა.
მის ცხოვრებაზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი, ძალიან საინტერესოდ იცხოვრა. შეიძლება ვიღაცას მივამსგავსოთ, მაგრამ მაინც განსხვავებული იყო. მხიარული, მაგრამ სიღრმეში, მის გულში და თვალებში, ძალიან სევდიანი. ამ სევდას წერდა კიდეც ჩანაწერებში, ლექსებში…
თაზოს ბევრი მეგობარი ჰყავდა. თითქმის მთელი საქართველო თავის შემოქმედებით, ლექსითა და სიმღერით. თვითონ წერდა ლექსებსა და მუსიკას.
მასზე დიდი გავლენა მოახდინა ოთარ რამიშვილმა. ძალიან უყვარდა ოთარი და ბაძავდა. როცა გაიცნო, აკვირდებოდა როგორ უკრავდა და ასე ზეპირად უკრავდა თვითონაც აკორდებს. ოთარი ქუთაისში მასთან რჩებოდა, თაზოც სულ ოთარს სტუმრობდა თბილისში, მამას ეძახდა. კალიგრაფიაც ზუსტად ისეთი ჰქონდა, როგორც ოთარს. ეს პირველად მისი წიგნის პრეზენტაციაზე შევამჩნიე.
თაზოს ბევრი სიმღერა აქვს ქუთაისზე, მეგობრობაზე, საქართველოზე. პატრიოტი იყო და ყოველთვის სწორ გზაზე იდგა. საუცხოო იუმორი ჰქონდა, იყო მჭევრმეტყველი, უცებ, წამებში დაწერდა ლექსს, საოცარი რითმა ჰქონდა. უყვარდა გემრიელად მოლხენა, მეგობრები თავს ევლებოდნენ. ყველას უნდოდა თაზო მასთან ყოფილიყო გიტარით, მაგრამ არ უყვარდა შეკვეთებით სიმღერა და აპროტესტებდა, ან სიმღერას მიატოვებდა შუა გზაზე, ან არ დაუკრავდა.
მე ყველა თვისება მომწონს თაზოსი. ახლაც ვერ ვამბობ, რომ გარდაცვლილია. ყოველდღე მიწევს მის სახლთან ჩავლა. სიცოცხლეში აივნიდან ხელს მიქნევდა და მესალმებოდა, ეს კადრი სულ მაქვს გონებაში. ახლაც შევჩერდები ხოლმე… ვერ ვიჯერებ, რომ აღარაა. რაღაცნაირად მგონია, რომ სახლთან ჩავივლი და შემხვდება.
მინდოდა სახალხოდ ცნობილი ყოფილიყო. პირველი კლიპიც მე გადავუღე, ილო ფოტოგრაფის იუბილეზე გადავიღეთ, მისი სტუდიის წინ და თაზო მყისვე გახდა პოპულარული სიმღერით „გელოდებოდი სახლთან“. სულ მადლიერი იყო ამისთვის და სულ აღნიშნავდა. გული მტკივა, რომ არაა , მენატრება ძალიან. მან მოახერხა და თავისი სათქმელი თქვა 54 წლის ასაკში.

ზეკო ხაჩიძე, ჟურნალისტი:
თაზოს მოგონება ზუსტად იგივე განცდაა, – ერთად მოიგონო ამ ქალაქზე რომანტიკულად შეყვარებული ხიბლიანი ბიჭები… ნიჭიერები, მოხდენილები, ხმით და სიტყვით შესისხლხორცებული ქუთაისთან. თაზო ჰგავს ამ ქალაქს მისი საშიში ვნებითა და აღტაცებით, საზღვრებიდან გადასვლით, რაღაც „ნორმალურ კატეგორიაში“ მოუქცევლობით, რაინდული სულისკვეთებით… მისი ხელიდან ხელში, ადამიანიდან ადამიანში გადასული სახელდახელო შემოქმედებით, – ასე, უცებ რომ მოაწვებოდა გულზე და სიმღერად აქცევდა…
მადიანი სიტყვა და რითმა ჰქონდა, ადამიანებზე ფიქრითა და გრძნობებით სავსე, ნამდვილი. ისეთი ბიჭი იყო, ქუთაისმა და ქუთაისის სტუმრებმა, მისი სახელიც და სახლიც სამუდამოდ რომ მონიშნა მეხსიერების გულში, სტერილურ სამყაროში ასე განსაკუთრებულ გარემოდ, ბოჰემურად, წინა ეპოქების არტისტულ სიმართლედ და მონატრებად.
მტკივნეულია თაზოსნაირი მსუყე სულის ადამიანების ამ მიწაზე ყოფნა. ხელი უნდა ჩაჰკიდო და ატარო, ახარო, აბედნიერო, გააცალო ყოველდღიურ პრობლემებს, მაგრამ ვერ ვშვრებით. არც გნებდება და არც გამოდის პოეტური სულის ნაბიჯ-ნაბიჯ, ზოგად წესრიგზე დამორჩილება.
თაზო ისეთია, მაღლა უნდა გაქცეულიყო, უსწორმასწორო ბილიკები და ხრამები უნდა აერჩია, ვაკეზე ვერ ივლიდა სულ. პოეტია. პოეტი იყო. ბარდი – ამ ქალაქის განწირული შეყვარებულის ხმით და ლაჟვარდისფერი, ფართო თვალებით.
თეა ჩეჩელაშვილი, ჟურნალისტი:
ძნელია წარსულ დროში საუბარი ადამიანზე, რომელიც სიცოცხლით, სიკეთითა და ოცნებებით იყო სავსე. თამაზი ძალიან უხდებოდა ქუთაისს. იყო ქუთაისივით პოეტური, ენამოსწრებული და დიდი გულის მქონე. ჩემს მეხსიერებაში დღემდე რჩება, როგორც ლურჯთვალება მეოცნებე ბავშვი, რომელიც ასაკის მიუხედავად ბავშვურ სიწრფელეს არასოდეს კარგავს.
ერთხელ, მისი წიგნის პრეზენტაცია და კონცერტი მესხიშვილის დრამატულ თეატრში იმართებოდა. დარბაზი სავსე იყო, ხალხი ფარდის გახსნას ელოდა, თამაზი კი არსად ჩანდა. ყველანი ვეძებდით ყველგან და ბოლოს ავტობუსის გაჩერებაზე ვიპოვეთ… მხრებში აწურული ობოლი ბავშვივით იდგა და ცას გასცქეროდა (მგონი, მაშინაც ლექსს ან სიმღერას წერდა), საყვედურებით ავავსეთ მეგობრებმა. ის კი შეწუხებული სახით იდგა და თითქოს თავს იმართლებდა: „ამდენი ხალხი ჩემ გამო შეწუხებულა, მე კი ამის ღირსი არ ვარო“. ძლივს დავითანხმეთ სცენაზე ასულიყო.
მერე კი მოხდა ის, რასაც მხოლოდ ნამდვილი სიყვარულითა და პატივისცემით იმსახურებენ ადამიანები, საღამო არაჩვეულებრივად წარიმართა. სრული ანშლაგი იყო. დარბაზი ტაშის ხმამ დიდხანს არ მოასვენა. იმ დღეს ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, როგორი დიდი ადგილი ეკავა თამაზს ადამიანების გულებში…
ასეთად დარჩება ჩემს მეხსიერებაში, ნიჭიერი, კეთილი, თავმდაბალი და უსაზღვროდ ნათელი ადამიანი. ისეთ ადამიანად, რომლის წასვლა ტკივილია, მაგრამ ყოველთვის ღიმილითა და მადლიერებით ვიხსენებთ. ნათელი მის სულს.
ტექსტი: დეა მანაგაძე

6 days ago
30







English (US) ·
Georgian (GE) ·