„შინ დაბრუნების დროა“ – ამ სახელწოდებით კამპანია ორმა დამ, მარიამ და ანი ტყეშელიაძეებმა წამოიწყეს. ვიდეო სოციალურ ქსელში გვირილობის დღესასწაულისთვის გამოჩნდა და ძალიან მალევე ფართო აუდიტორია მოიცვა. გოგონები დაუბრუნდნენ ქალაქს, სადაც გაიზარდნენ და რომელთანაც საუკეთესო მოგონებები აკავშირებთ.
მარიამი საზოგადოებრივი ურთიერთობების მაგისტრია, ანი პროფესიონალი ფოტოგრაფი. ეს
კი საუკეთესო ტანდემი აღმოჩნდა, მშობლიურ ქალაში, მარკეტინგული კომპანია „ნაიადას“
დაარსებისთვის. დების მიზანი თბილისსა და ევროპაში მიღებული ცოდნის და გამოცდილების ქუთაისში გადმოტანა იყო.
თუმცა, მარიამი გვიხსნის, რომ მათი დიდი სურვილია, „ნაიადა“ მხოლოდ მარკეტინგული კომპანია არ იყოს, იქცეს სივრცედ, რომელიც ადამიანებს განვითარების შესაძლებლობას მისცემს, წაახალისებს ცოდნის გაზიარებას და შექმნის გარემოს, სადაც ახალგაზრდები საკუთარ მომავალს ქუთაისს დაუკავშირებენ.
მარიამ და ანი ტყეშელიაძეები OK! ქუთაისის სტუმრები არიან. ისინი თავად მოგვიყვებიან „ნაიადაზე“, ქუთაისსა და შინ დაბრუნებაზე.

ვიდრე უშუალოდ თქვენს საქმიანობაზე ვისაუბრებთ, მოდით ჯერ გაეცანით OK! ქუთაისის მკითხველს. მოგვიყევით თქვენს შესახებ.
ჩვენ ვართ მარკეტინგული კომპანია „ნაიადას“ დამფუძნებლები, ანი და მარიამ ტყეშელიაძეები. ჩვენი განათლება და პროფესიული გზა კომპანიის შექმნამდეც უკავშირდებოდა მარკეტინგსა და კრეატიულ ინდუსტრიას. მრავალწლიანმა გამოცდილებამ გადაგვაწყვეტინა ძალების გაერთიანება და ამ სფეროში საკუთარი წვლილის შეტანა.
მოდით ქუთაისით დავიწყოთ… რა არის თქვენთვის ეს ქალაქი? რომელი პერიოდის ქუთაისია ყველაზე საინტერესო და ასევე, საინტერესოა, თუ გაქვთ ქუთაისში გამორჩეული ადგილი, რომელიც გაძლევთ ინსპირაციას?
მარიამი: ქუთაისი ჩემი სახლია. მისი ყველა ქუჩა ჩემთვის ნაცნობი და მშობლიურია. ბავშვობიდან მამაჩემთან ერთად მოვიარე მთელი ქალაქი და, ალბათ, ამანაც განაპირობა ეს დამოკიდებულება.
ჩემთვის ყველაზე საინტერესო ცისფერყანწელთა პერიოდის ქუთაისია. თუმცა, როგორც მითოლოგიის მოყვარული, აიეტისა და მედეას პერიოდის „აიაში“ ვიმოგზაურებდი. ადგილი, რომელიც ინსპირაციით, შვებით, სიმშვიდით, ენერგიითა და სიხარულით მავსებს ბაგრატის ტაძრის ეზოა. ჩემს ყველაზე რთულ და ყველაზე ბედნიერ დღეებში, სწორედ ამ ადგილს ვსტუმრობ. ყოველთვის ფეხით მივდივარ და იქამდე მისასვლელ კიბეებს ჩემს პირად გოლგოთას ვუწოდებ.
ანი: ჩემთვის ქუთაისი მშვიდი, თბილი და ემოციებით სავსე ქალაქია. ადგილი, სადაც დრო თითქოს უფრო ნელა გადის. დღეს ყველაზე მეტად მე-18 და მე-19 საუკუნეების ქუთაისი მხიბლავს. განსაკუთრებით ნიუ-პორტისა და ვარლამიშვილის ქუჩებზე სეირნობისას, ძველი არქიტექტურა და ქალაქის ატმოსფერო ისეთ განცდას იწვევს, რომლის სიტყვებით ახსნა რთულია, თითქოს ერთდროულად წარსულშიც ხარ და აწმყოშიც.
აქამდე და შესაძლოა ახლაც, უამრავი შანსი გაქვთ, რომ წარმატებული კარიერა გააგრძელოთ ევროპაში ან თბილისში, მაგრამ ქუთაისი არჩიეთ. რატომ გადაწყვიტეთ შინ დაბრუნება?
მარიამი: ქუთაისთან კავშირი სრულად არასდროს გამიწყვეტია. ის, რაც ამ ქალაქთან მაკავშირებს, სხვაგან არსად მიგრძნია.
ყოველთვის მინდოდა ქუთაისისთვის იმაზე მეტი გამეკეთებინა, ვიდრე შემეძლო და მას შემდეგ, რაც მაგისტრატურა დავასრულე, თბილისში მიღებული ცოდნის ჩემი ქალაქისთვის გაზიარება და მისი განვითარებისთვის გამოყენება მომინდა.
ხშირად ვფიქრობთ, რომ პატარა ქალაქში კარიერული ზრდის ნაკლები შესაძლებლობაა, რომ აქ, რადგან მშვიდი ცხოვრების ტემპია, დანარჩენ სამყაროს ვერ ვეწევით და გული უფრო დიდი ქალაქებისკენ მიგვიწევს, თუმცა, რეალურად, ქუთაისი ყოველთვის იყო დიდი ადამიანების აღმზრდელი ქალაქი, ისტორიულადაც არაერთხელ ყოფილა ის ქვეყნის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი ცენტრი. არაერთ შემოთავაზებაზე მომიწია უარის თქმა. მათ შორის, ერთი წინადადება ყველაზე რთული აღმოჩნდა, რომელიც მიუნხენში ერთ-ერთი სტარტაპის ბრენდ მენეჯერობას მოიაზრებდა, თუმცა ვფიქრობ, შინ დაბრუნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, განსაკუთრებით ახლა, როცა ჩვენი ქალაქი ცარიელდება და მას ახალი ენერგია სჭირდება.
ანი: მიუხედავად იმისა, რომ კარიერის გაგრძელება თბილისშიც და ევროპაშიც შესაძლებელია, ქუთაისში ყოფნა ჩემთვის ძალიან გააზრებული გადაწყვეტილებაა. აქ უფრო მარტივია იდეებზე კონცენტრირება, ამასთან, ქუთაისში დარჩენა ჩემთვის მხოლოდ პირადი არჩევანი არ არის, ეს ნიშნავს რეგიონების განვითარებაში მონაწილეობის მიღებასაც. მგონია, რომ ქუთაისსაც და მთლიანად საქართველოსაც, სჭირდება მარკეტინგის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, თანამედროვე ხედვების გაძლიერება და იმის ჩვენება, რომ ძლიერი ბრენდები და ხარისხიანი პროექტები მხოლოდ დედაქალაქში არ იქმნება.
ვფიქრობ, დღეს წარმატებული კარიერის შექმნა, მხოლოდ ქალაქის სიდიდეზე აღარ არის დამოკიდებული, პირიქით.

ძალიან ლამაზი სახელწოდება აქვს თქვენს კომპანიას. რას ნიშნავს „ნაიადა“, საიდან გაჩნდა ეს იდეა?
ნაიადები ბერძნულ მითოლოგიაში წყლის, მდინარის, ნაკადულისა და წყაროს ნიმფები იყვნენ. ისინი ხვავთან და ბარაქასთან ასოცირდებოდნენ და ფლობდნენ წინასწარმეტყველებისა და შთაგონების ნიჭს. ჩვენ ბუნებასთან მჭიდრო კავშირი გვაქვს და იდეაც სწორედ აქედან მოვიდა.
ჩვენ ვართ 21-ე საუკუნეში კრეატიული ინდუსტრიის ციფრული ნიმფები, რომლებიც საკუთარ ნიჭსა და უნარებს ბრენდების განვითარებისთვის იყენებენ.
ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს საკუთარი მაგიის აღმოჩენასა და გავრცელებაში.
რა ჩანაფიქრი გქონდათ როდესაც „ნაიადას“ ქმნიდით, რა სიტყვა უნდა ეთქვა მას და რას სთავაზობს აუდიტორიას?
ჩვენი მთავარი ჩანაფიქრი ქუთაისში მარკეტინგის სფეროში არსებული სტანდარტების ამაღლება და ცნობიერების ზრდა იყო. თბილისისგან განსხვავებით, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები ყოველდღიურად ურთიერთობენ და ერთმანეთს ავითარებენ, რეგიონებში ეს პროცესი შედარებით ნელა მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია, რომელიც ბიზნესსა და საზოგადოებას განვითარებასა და თანამედროვე მარკეტინგული მიდგომების დანერგვაში დაეხმარებოდა.
„ნაიადა“ აუდიტორიას სთავაზობს არა მხოლოდ ესთეტიკურ და ხარისხიან კონტენტს, არამედ ახალ იდეებს, სასარგებლო ინფორმაციასა და ცვლილებებს, რომლებიც ხელს უწყობს როგორც ბრენდების, ისე მთლიანად ადგილობრივი ბიზნესგარემოს განვითარებას.
რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილება ბიზნესში, გეხმარებათ თუ არა ის?
ანი: ევროპული და, ზოგადად, საერთაშორისო გამოცდილება ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეს არის ის ცოდნა და პრაქტიკა, რომელსაც ყოველდღიურ საქმიანობაში ვიყენებთ განვითარებისა და ცვლილებების შესაქმნელად.
საერთაშორისო გარემოში მიღებული სამუშაო გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, ვიპოვოთ განსხვავებული მიდგომები, თანამედროვე სტანდარტები და წარმატებული პრაქტიკები, რომლებიც შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე გადმოგვაქვს.
მარიამი: ეს მიდგომა ჩვენი ქვეყნისთვის ახალი არ არის, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ქართველი მოღვაწეები უცხოეთში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სამშობლოს განვითარებას ახმარდნენ. ჩვენც სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელებად მივიჩნევთ საერთაშორისო ცოდნის გამოყენებას ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერებისა და ახალი შესაძლებლობებისთვის.

ანი, ვიცი, რომ ევროპაში საკმაოდ წარმატებულ კარიერას იწყებდით ფოტოგრაფიაში და კონკრეტულად ინტერიერის, მოდის და food ფოტოგრაფიის მიმართულებით. მოგვიყევით ამ გამოცდილებაზე.
თითქმის ხუთი წელია კომერციული ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული. ჩემი ძირითადი მიმართულებებია ინტერიერის, food და fashion ფოტოგრაფიაა. ამ სფეროს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მხარედ მუდმივი განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას მივიჩნევ.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფოტო მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი არ იყოს. ვცდილობ, თითოეული კადრი გარკვეულ ისტორიას, ემოციასა და ატმოსფეროს გადმოსცემდეს. სწორედ ამიტომ, ჩემს ნამუშევრებში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ ბუნებრივ შუქ-ჩრდილებს, სუფთა ესთეტიკას და ავთენტურ დეტალებს, რომლებიც ფოტოს ხასიათს სძენს.
ამ წლების განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა მემუშავა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბრენდებთან. ფრილანს პროექტების ფარგლებში ვითანამშრომლე ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიც არიან Ania Haie, MVST, Motel Rocks და SANDMARC. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო გერმანიაში ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მოწვევა, სადაც ორი თვე ვმუშაობდი ვიზუალური კონტენტის შექმნაზე. ასევე, გერმანიაში შექმნილი ჩემი ნამუშევრები გამოქვეყნდა PhotoVogue-ის პლატფორმაზე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი პროფესიული მიღწევა იყო.
საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობამ და სხვადასხვა ბაზარზე მუშაობის გამოცდილებამ დამანახვა, რომ საქართველოში ბიზნესებს ხშირად სჭირდება არა მხოლოდ ერთჯერადი ფოტოგრაფიული მომსახურება, არამედ სრულფასოვანი მარკეტინგული მხარდაჭერა, რომელიც ვიზუალური კომუნიკაციის ყველა ეტაპს მოიცავს. ეს გამოცდილება და დაკვირვება აღმოჩნდა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომ მე და ჩემს დას გაგვეერთიანებინა ჩვენი ცოდნა და გამოცდილება, შეგვექმნა საკუთარი სააგენტო, სივრცე, სადაც ბიზნესები და ბრენდები შეძლებენ მიიღონ არა მხოლოდ ხარისხიანი კონტენტი, არამედ სტრატეგიული მხარდაჭერაც, რომელიც მათ ბრენდის იდენტობის გაძლიერებასა და ბაზარზე სწორ პოზიციონირებაში დაეხმარება.
დროა გადავიდეთ პროფესიულ ნაწილზე. რამდენად მნიშვნელოვანია დღესდღეობით ციფრული მარკეტინგი ბიზნესისა და ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად/შესანარჩუნებლად და რა უპირატესობა აქვს მას ტრადიციულ მიდგომებთან შედარებით?
მარიამი: დღეს ციფრული მარკეტინგი ბიზნესისა და ბრენდის ცნობადობის ზრდისა და შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. თუ სოციალური ქსელები თავდაპირველად ადამიანებს შორის კომუნიკაციის ახალი საშუალება იყო, ბოლო წლების განმავლობაში ისინი სრულფასოვან ბიზნესპლატფორმებად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 2020 წლის პანდემიის პერიოდი, როდესაც მსოფლიო ლოქდაუნის პირობებში აღმოჩნდა.
იმ დროს ციფრული არხები ხშირად ერთადერთი გზა იყო, რომლის საშუალებითაც ბრენდები საკუთარ აუდიტორიასთან ურთიერთობას აგრძელებდნენ. სწორედ ამ პერიოდში ბევრმა ბიზნესმა გააცნობიერა, რომ ციფრული სივრცე აღარ იყო მხოლოდ დამატებითი საკომუნიკაციო არხი, ის ბიზნესის განვითარების აუცილებელ ნაწილად იქცა.
ეს ცვლილება ჩვენ თავადაც გამოვცადეთ პრაქტიკაში, რადგან სწორედ ამ პერიოდში ჩვენი ტანსაცმლის ბრენდი „ვამანი მემა“ წარმატებით ფუნქციონირებდა სოციალური ქსელების მეშვეობით და სოციალური მედია იქცა ჩვენი გაყიდვების მთავარ პლატფორმად.
ტრადიციული მედია კვლავ ინარჩუნებს საკუთარ მნიშვნელობას და აუდიტორიას, თუმცა, ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების ჩვევები მნიშვნელოვნად შეიცვალა. დღეს ადამიანები ახალ ამბებს, რეკომენდაციებსა და ბრენდების შესახებ ინფორმაციას სულ უფრო ხშირად სოციალური ქსელებიდან იღებენ. ამ პროცესმა ციფრული მარკეტინგი ბიზნესისთვის არა მხოლოდ სასურველ, არამედ აუცილებელ ინსტრუმენტად აქცია.
რაც შეეხება მის მთავარ უპირატესობებს, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს მოქნილობა, გავრცელების სიჩქარე და ზუსტი მიზნობრიობა. ციფრულ სივრცეში ბრენდს შეუძლია რეალურ დროში დაუკავშირდეს აუდიტორიას, სწრაფად მოარგოს კომუნიკაცია მიმდინარე მოვლენებს და გაზომოს მიღებული შედეგები. ინფორმაცია წამებში ვრცელდება და სწორედ ეს არის ციფრული მარკეტინგის ყველაზე დიდი ძალაც და, გარკვეულწილად, ყველაზე დიდი გამოწვევაც.
თუ არსებობს ისეთი გამონაკლისები, სადაც ტრადიციული და ციფრული მარკეტინგის სინქრონიზაცია საკმაოდ ეფექტურია?
მარიამი: რა თქმა უნდა, ტრადიციული და ციფრული მარკეტინგი ერთმანეთის კონკურენტები არ არიან, საუკეთესო შედეგს ხშირად სწორედ მათი სინქრონიზაცია იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული არხები დღეს დომინანტურ როლს ასრულებს, ტრადიციულ მედიას კვლავ აქვს უნარი შექმნას მასშტაბური ხილვადობა, ნდობა და ემოციური კავშირი აუდიტორიასთან.
მაგალითად, სატელევიზიო რეკლამამ, გარე რეკლამამ ან ღონისძიებამ შეიძლება დიდი რაოდენობით ადამიანის ყურადღება მიიპყროს, ხოლო ციფრულმა მარკეტინგმა ეს ინტერესი კონკრეტულ ქმედებად გარდაქმნას, სოციალური ქსელის გამომწერად, ვებგვერდის ვიზიტორად ან მომხმარებლად. სწორედ ამიტომ, დღეს ყველაზე წარმატებული კამპანიები, როგორც წესი, რამდენიმე საკომუნიკაციო არხს აერთიანებენ.
საბოლოოდ, საკითხი არჩევანში არ დგას, ტრადიციული თუ ციფრული. მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად და სტრატეგიულად იყენებს ბრენდი ორივე მიმართულების ძლიერ მხარეებს საერთო მიზნის მისაღწევად.

თანამედროვე კონკურენტულ ეპოქაში იმარჯვებს არა მხოლოდ ძლიერი, არამედ ის, ვინც თავისი სფერო იპოვა და მოიპოვა უპირატესობა, ამიტომაც დასავლურ ქვეყნებში და არა მხოლოდ, კარგი მარკეტინგისთვის კომპანიები ბევრ ფულს ხარჯავენ. არის თუ არა ეს მიდგომა სწორი და გამართლებული და რა შედეგზე გადის სწორი მარკეტინგული კამპანია?
მარიამი: მარკეტინგის წარმატება ყოველთვის კოლოსალური ბიუჯეტით არ განისაზღვრება. ისტორიას არაერთი მაგალითი ახსოვს, როდესაც სწორად დაგეგმილმა და კრეატიულმა კამპანიამ შედარებით მცირე რესურსითაც კი მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა. ამიტომ, მხოლოდ დიდი თანხის დახარჯვა წარმატების გარანტიას არ იძლევა.
თუმცა, მარკეტინგში ინვესტირება ბიზნესისთვის სტრატეგიულად გამართლებული გადაწყვეტილებაა. ის არ უნდა აღიქმებოდეს როგორც ხარჯი, ეს არის ინვესტიცია ცნობადობაში, რეპუტაციაში, მომხმარებელთან ურთიერთობასა და საბოლოოდ გაყიდვებში. რაც უფრო კონკურენტული ხდება ბაზარი, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ბრენდმა საკუთარი ხმა იპოვოს და სწორად მიაწოდოს ის აუდიტორიას.
სწორად დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის შედეგი მხოლოდ გაყიდვების ზრდა არ არის. ის ხელს უწყობს ბრენდის ცნობადობის ამაღლებას, მომხმარებლის ნდობის მოპოვებას, ლოიალური აუდიტორიის ჩამოყალიბებას და ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის შექმნას. ხშირად მომხმარებელი პროდუქტს მხოლოდ მისი მახასიათებლების გამო არ ირჩევს, ის ირჩევს ბრენდს, რომელსაც იცნობს, ენდობა და რომელთანაც ემოციური კავშირი აქვს.
სწორედ ამიტომ, წარმატებული მარკეტინგი არ არის მხოლოდ რეკლამა. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რომელიც ბიზნესს ეხმარება არა მხოლოდ მომხმარებლის ყურადღების მოპოვებაში, არამედ მის შენარჩუნებასა და ერთგულების ჩამოყალიბებაში.
თანამედროვე მსოფლიოში უკვე საკმაოდ მოიკიდა ფეხი ხელოვნურმა ინტელექტმა. AI ტექნოლოგიები, არა მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტები, არამედ თანდათან ბიზნეს პარტნიორებიც ხდებიან და ცვლიან მართვის წესებს. თუმცა, მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ადამიანის ჩარევას ალტერნატივა არ აქვს. როგორ უნდა დაიცვას ბიზნესმა ბალანსი ავტომატიზაციასა და ადამიანურ ინტერაქციას შორის?
ანი: ხელოვნური ინტელექტი ჩვენთვის განვითარების, პროცესების გამარტივებისა და ტექნოლოგიური ევოლუციის ნაწილია. ის ძლიერი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია დააჩქაროს სამუშაო პროცესი, გააანალიზოს დიდი მოცულობის მონაცემები, დაგვეხმაროს რუტინული ამოცანების ავტომატიზაციაში და გაზარდოს ეფექტიანობა.
თუმცა, AI, პირველ რიგში, ინსტრუმენტია და მისი რეალური ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ და როგორ იყენებს მას. ხშირად ამბობენ: „რა კარგ ფოტოებს იღებს ეს კამერა“, თუმცა, რეალურად, კამერა მხოლოდ ტექნიკური საშუალებაა. ის იღებს იმას, რასაც ფოტოგრაფი ობიექტივში მოაქცევს. რაკურსს, კომპოზიციას, შუქს, ემოციასა და ისტორიას ადამიანი ირჩევს
საკუთარი ხედვისა და გამოცდილების საფუძველზე. ხელოვნური ინტელექტიც მსგავს პრინციპზე მუშაობს, დამოუკიდებლად ისევე ვერ შექმნის ღირებულ შედეგს, როგორც საუკეთესო კამერა ვერ გადაიღებს გამორჩეულ ფოტოს უნიკალური ხედვის გარეშე.
სწორედ ამიტომ, ბიზნესისთვის ოპტიმალური მიდგომა ავტომატიზაციასა და ადამიანურ ჩართულობას შორის ბალანსის დაცვაა. ტექნოლოგიამ უნდა აიღოს ის პროცესები, რომელთა ავტომატიზაციაც შესაძლებელია, ხოლო ადამიანებმა დრო და რესურსი უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებებისთვის: სტრატეგიის, კრეატიული გადაწყვეტილებების, ურთიერთობებისა და ინოვაციების შექმნისთვის გამოიყენონ.
ვფიქრობ, მომავალში წარმატებას მიაღწევენ არა ის კომპანიები, რომლებიც ადამიანებს ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლებენ, არამედ ისინი, რომლებიც შეძლებენ ადამიანის შესაძლებლობებისა და AI-ის პოტენციალის სწორ კოლაბორაციას. საბოლოოდ, ტექნოლოგია პროცესებს ამარტივებს, მაგრამ სწორედ ადამიანი განსაზღვრავს მიმართულებას, მიზანსა და ღირებულებას.
გვერდს ვერ ავუვლი Influencer მარკეტინგს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია. კომპანიები თვლიან, რომ მინიმალური ხარჯით მიიღებენ მაქსიმალურ ეფექტს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მათ მიერ შემოთავაზებული სიუჟეტი მოკლებულია ხარისხს, ღირებულებებს, ინტელექტს და შედეგად ვიღებთ უფრო მეტად კიტჩს, ვიდრე მაღალი სტანდარტის პროდუქტს. რამდენად წაადგება ასეთი კამპანია ბიზნესს და რა შედეგის მომტანია?
ანი: ინფლუენსერ მარკეტინგი დღეს ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია ბრენდებსა და აუდიტორიას შორის კომუნიკაციაში.
სწორად გამოყენების შემთხვევაში ის კომპანიას აძლევს შესაძლებლობას სწრაფად და ეფექტიანად მივიდეს კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიამდე, გაზარდოს ცნობადობა და გააძლიეროს ნდობა. თუმცა, მისი ეფექტიანობა პირდაპირ დამოკიდებულია შერჩეულ ინფლუენსერზე და კამპანიის სტრატეგიაზე.
ინფლუენსერის დიდი აუდიტორია თავისთავად არ ნიშნავს მაღალ შედეგს, მნიშვნელოვანია, რამდენად ემთხვევა მისი კონტენტი, ღირებულებები და აუდიტორიის პროფილი ბრენდის იდენტობასა და მიზნობრივ სეგმენტს. მაგალითად, 100 000 გამომწერი შეიძლება სრულად არ იყოს შესაბამისი ბრენდის სამიზნე აუდიტორიისთვის, მაშინ როცა 30 000 აქტიური და რელევანტური გამომწერი ბევრად უფრო მაღალი ჩართულობის მომტანი აღმოჩნდეს.
სწორად შერჩეული კრეატორი ხშირად უფრო მეტ ღირებულებას ქმნის მცირე, მაგრამ აქტიური აუდიტორიით, ვიდრე დიდი, მაგრამ არამიზნობრივი Reach-ით. სწორედ ამიტომ, ინფლუენსერებთან თანამშრომლობა არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ პოპულარობის ან ბიუჯეტის ჭრილში.
უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება იწყება შერჩევის ეტაპიდან. ანალიზით, დაკვირვებით და კონტენტის ხარისხის შეფასებით. სტრატეგიულად შერჩეულ ინფლუენსერს შეუძლია კამპანიას არა მხოლოდ გავრცელება, არამედ სანდოობა და რეალური გავლენა შესძინოს. საბოლოოდ, წარმატება დამოკიდებულია არა რაოდენობაზე, არამედ შესაბამისობაზე.
ქუთაისი ცოტა პრეტენზიული და ასე ვთქვათ, კაპრიზული ქალაქია, იმ გაგებით, რომ „თავისიანად“ მიღება და აღიარება აქ რთულია. ხედავთ თუ არა ამ სირთულეებს?
ქუთაისი ჩვენი მშობლიური ქალაქია. ჩვენი ბავშვობა, მოზარდობა სწორედ აქაურ გარემოსა და კულტურას უკავშირდება. შესაბამისად, ამ ქალაქის სოციალური და კულტურული სპეციფიკა ჩვენთვის კარგად ნაცნობი და გასაგებია.
რაც შეეხება „თავისიანად მიღების“ თემას, ამას უფრო სირთულედ კი არა, საინტერესო გამოწვევად აღვიქვამთ. ქუთაისს მართლაც აქვს თავისი ხასიათი და მაღალი მგრძნობელობა ავთენტურობის მიმართ, რაც სრულიად ბუნებრივია ძლიერი ადგილობრივი იდენტობის მქონე ქალაქისთვის.
ჩვენი გამოცდილებით, ეს ჩვენთვის რეალურ დაბრკოლებად არ ქცეულა, პირიქით, ადამიანებთან კომუნიკაცია საკმაოდ ბუნებრივად და მარტივად წარიმართა. ვფიქრობთ, ამის მიზეზი სწორედ ჩვენი მიდგომაა: გულწრფელობა, ავთენტურობა და სურვილი, რომ რეალურად სასარგებლო და ღირებული საქმე ვაკეთოთ ქალაქისთვის.
დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქის მხრიდან ჩვენ მიმართ მიმღებლობა ნამდვილად არსებობს. ქუთაისის მოსახლეობა ძალიან კარგად გრძნობს, როდის არის ბრენდი ზედაპირული და როდის ნამდვილად ჩართული ქალაქის განვითარებაში. ჩვენთვის მთავარი ყოველთვის იყო არა „აღიარება“, არამედ ნდობის შენება, რაც დროთა განმავლობაში თავისთავად ყალიბდება.

როგორ იწყებთ კაპმანიის დაგეგმვას, რას ითვალისწინებთ პირველ რიგში?
კამპანიის დაგეგმვა ყოველთვის იწყება ბრენდის სიღრმისეული გაცნობით. სანამ სტრატეგიულ ან შემოქმედებით ნაწილზე გადავალთ, მნიშვნელოვანია სწორად გავიგოთ, ვისთან გვაქვს საქმე, რა მიზნები აქვს კომპანიას და რა პრობლემის გადაჭრა სჭირდება.
პროცესი რამდენიმე ძირითად ეტაპად იყოფა:
1. პირველი შეხვედრა: ამ ეტაპზე ვეცნობით ერთმანეთს. კომპანია გვიზიარებს საკუთარ საჭიროებებსა და გამოწვევებს, ხოლო ჩვენ ვხსნით, როგორ ვხედავთ პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებს და რას ვთავაზობთ.
2. პირობების შეთანხმება: განვიხილავთ თანამშრომლობის ფორმატს და ხელშეკრულების დეტალებს, რომ ორივე მხარეს ჰქონდეს მკაფიო მოლოდინები.
3. ბრიფის შეგროვება: ვუგზავნით დეტალურ კითხვარს, რომელიც გვეხმარება ბრენდის იდენტობის, მიზნების, აუდიტორიისა და ხედვის უკეთ გააზრებაში. ამ ეტაპზე კომპანია ასევე გვიზიარებს ყველა მნიშვნელოვან მასალას, როგორიცაა ლოგო, ფერთა პალიტრა, ბრენდბუქი და სხვა ვიზუალური თუ სტრატეგიული რესურსები, რომლებიც ბრენდის ერთიანი კომუნიკაციის ფორმირებისთვის აუცილებელია.
4. პირველადი კონცეფცია: მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვქმნით საწყის ხედვას და კამპანიის ზოგად მიმართულებას.
5. სტრატეგიის ჩამოყალიბება და დამტკიცება: ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვამუშავებთ სრულ სტრატეგიას, რომელიც მოიცავს საკომუნიკაციო გზავნილებს, არხებსა და კონტენტის მიმართულებებს.
6. განხორციელება: სტრატეგიის დადასტურების შემდეგ იწყება რეალური მუშაობა და კამპანიის ეტაპობრივი განხორციელება.
ეს ყველაფერი გვეხმარება, რომ კამპანია თავიდანვე სწორად ავაწყოთ და კონკრეტულ შედეგზე გავიდეთ.
ითვალისწინებთ თუ არა დამკვეთის პირად ფასეულობებს და სტერეოტიპებს? ზოგადად, სტერეოტიპები არის თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორი კამპანიის სწორად წარმართვაში?
რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ვითვალისწინებთ. ეს არის თანამშრომლობის ფუნდამენტური ნაწილი. რაც შეეხება სტერეოტიპებს, ისინი ზოგ შემთხვევაში ნამდვილად შეიძლება გახდეს დამატებითი სირთულე კამპანიის სწორად წარმართვის პროცესში. თუ ვხედავთ, რომ კონკრეტული წარმოდგენები ან სტერეოტიპები ხელს უშლის სასურველი შედეგის მიღწევას, ვცდილობთ დამკვეთს მივაწოდოთ მაქსიმალურად ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილებები იყოს უფრო გააზრებული.
ამავდროულად, სტრატეგიის შექმნის ეტაპზე ვცდილობთ გავითვალისწინოთ არსებული სოციალური თუ ბაზრის სტერეოტიპები და მათზე დაყრდნობით დავგეგმოთ კომუნიკაცია ისე, რომ კამპანია იყოს ეფექტური.
დაუმახინჯებელი, ობიექტური ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის სამომავლო მიზნების ფორმირებაში. რამდენად გახსნილი არიან თქვენი დამკვეთები, აქვთ თუ არა მზაობა ობიექტურად მოგაწოდონ ინფორმაცია?
ობიექტური და დაუმახინჯებელი ინფორმაცია ნებისმიერი წარმატებული თანამშრომლობის საფუძველია. ჩვენი გამოცდილებით, ზოგჯერ ბიზნესებს უჭირთ საკუთარი გამოწვევების სრულად დანახვა ან პრობლემის იმ ფორმით აღქმა, როგორიც ის რეალურად არის. ეს ბუნებრივიცაა, რადგან როდესაც ყოველდღიურად ხარ ჩართული პროცესში, გარკვეული საკითხების ობიექტურად შეფასება რთულდება.
ამასთან, ეფექტური მუშაობისთვის ჩვენგან მხოლოდ სოციალური ქსელების მონაცემების ანალიზი არ კმარა. შეგვიძლია ვნახოთ ჩართულობა, ნახვები, გაზიარებები და ის, თუ რამდენად იპყრობს კონტენტი აუდიტორიის ყურადღებას, თუმცა ეს ყოველთვის არ გვაძლევს სრულ სურათს. იმის გასაგებად, რამდენად აისახა კამპანია ბიზნესის შედეგებზე, მნიშვნელოვანია კომპანიამ გაგვიზიაროს შესაბამისი მონაცემები.
სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე ვაფასებთ, რამ იმუშავა, რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ შეიძლება მომდევნო ეტაპზე უკეთესი შედეგის მიღწევა. ამიტომ დამკვეთის მხრიდან გულწრფელი და ობიექტური კომუნიკაცია არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა.
რა პლატფორმებს იყენებთ კამპანიის წარმოებისთვის, რა რისკები არსებობს და როგორ იზღვევთ თავს?
კამპანიების წარმოებისთვის ძირითადად ვიყენებთ სოციალურ ქსელებს: Facebook-ს, Instagram-სა და TikTok-ს. კამპანიისა და ბრენდის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგჯერ ვამატებთ LinkedIn-სა და ტრადიციულ მედიას.
რისკები სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვაგვარია, თუმცა მთავარი და საერთო გამოწვევა მაინც ის არის, რომ მესიჯი აუდიტორიამდე ზუსტად იმ ფორმით მივიდეს, როგორც თავიდანვე გვაქვს ჩაფიქრებული. ადამიანები ინფორმაციას სხვადასხვანაირად აღიქვამენ და ინტერპრეტირებენ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მთავარი სათქმელი იყოს მარტივი და მკაფიო.
სად იქნება „ნაიადა“ 5 წლის შემდეგ?
„ნაიადას“ შექმნის მთავარი მიზანი თავიდანვე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და პროფესიული სტანდარტების შეცვლა იყო. ამიტომ, ხუთი წლის შემდეგ საკუთარ თავს ისევ ქუთაისში ვხედავთ, თუმცა ისეთ გარემოში, რომელიც დღევანდელზე მეტად განვითარებული, მრავალფეროვანი და კრეატიული შესაძლებლობებით სავსე იქნება.
ქუთაისი არაერთხელ გამხდარა მნიშვნელოვანი კულტურული და ინტელექტუალური პროცესების ცენტრი. სწორედ აქ დაიბადა და განვითარდა ცისფერყანწელთა მოძრაობა, რომელმაც ქართული კულტურის ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. გვინდა, რომ ჩვენს ეპოქაშიც ქუთაისმა დაიმკვიდროს მნიშვნელოვანი ადგილი კრეატიული ინდუსტრიის რუკაზე.
თუ ხუთი წლის შემდეგ უფრო მეტი ტალანტი დაბრუნდება ქალაქში, მეტი აბიტურიენტი გადაწყვეტს განათლებისა და გამოცდილების მიღებას აქ, და თუ ჩვენ თუნდაც მცირედით შევძლებთ შიდა მიგრაციის შენელებას, ჩავთვლით, რომ ჩვენს მიზანს მივუახლოვდით.
ხუთი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, კიდევ არაერთი სასწავლო, პროფესიული თუ კვლევითი განვითარების შესაძლებლობა გაჩნდება, მათ შორის ქუთაისისა და საქართველოს ფარგლებს გარეთაც, რასაც მხოლოდ მივესალმებით.
ჩვენთვის მუდმივი განვითარება და ახალი გამოცდილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვჯერა, რომ სწორედ ცოდნის დაგროვება და მისი გაზიარება ქმნის რეალურ პროგრესს. ჩვენი მიზანია, მიღებული გამოცდილება და ცოდნა ისევ იმ გარემოს მოვახმაროთ, რომლის განვითარებაზეც დღეს ვმუშაობთ.
რას ეტყოდით თქვენს ქუთაისელ თანატოლებს ან უმცროს მეგობრებს, რა რჩევას მისცემდით მათ?
ანი: ჩემს თანატოლებს ვეტყოდი, რომ უკვე დროა, ის ცოდნა, გამოცდილება და უნარები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში შევიძინეთ, ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას მოვახმაროთ. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს იმ გარემოს გაუმჯობესებაში, რომელშიც ვცხოვრობთ, და ვფიქრობ, სწორედ ახლაა ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო.
უმცროს მეგობრებს ვეტყოდი, რომ ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, საკუთარი თავის მიმართ იყვნენ კეთილები და სამყაროს შეხედონ პოზიტიურად.
მარიამი: ჩემს თანატოლებს ვეტყოდი, რომ ჩვენს თაობას ნამდვილად შეუძლია სასიკეთო ცვლილებების მოტანა საზოგადოებისთვის. ხშირად გვგონია, რომ ცვლილებები ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, თუმცა რეალურად სწორედ ჩვენი ყოველდღიური გადაწყვეტილებები, პასუხისმგებლობა და აქტიურობა ქმნის უკეთეს მომავალს.
უმცროს მეგობრებს კი ვურჩევდი, არასოდეს შეეშინდეთ განათლების მიღების და ახალი ცოდნის შეძენის. ცოდნა არის ის, რასაც ვერავინ წაგართმევს და რომელიც ცხოვრების განმავლობაში არაერთი გამოწვევისა და სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ.
ვფიქრობ, განათლებული, მოაზროვნე და ცნობისმოყვარე საზოგადოება ნებისმიერი ქვეყნის ყველაზე დიდი ძალაა და სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ღირსეულ გარემოს საკუთარი თავისთვისაც და მომავალი თაობებისთვისაც.
ტექსტი: დეა მანაგაძე
ფოტო: ნათია ფხაკაძე

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·