დაუღალავი შრომა იმისთვის, რომ სკოლა იყოს სივრცე, სადაც მაღალი აკადემიური ხარისხი, ინოვაციური მიდგომები და ადამიანური ღირებულებები ერთიანდება, ნანა ჩარექიშვილის ყოველდღიურობაა. ის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელია და ამავე დროს ბათუმის ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ – დირექტორი.
საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობა 24 წლის წინ, მშობლიურ ქალაქ ქუთაისში დაიწყო, 17 წლის შემდეგ კი მისი ცხოვრება ბათუმს დაუკავშირა. ამ ხნის განმავლობაში არაერთ პროფესიულ წარმატებას მიაღწია. თუმცა, თვლის, რომ ყველაზე დიდი ჯილდო ის მოსწავლეები არიან, ვისთვისაც სკოლაში მიღებული ცოდნა და ღირებულებები მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან გზამკვლევად იქცევა. მისივე აზრით, განათლებაში ყველაზე დიდი წარმატება ადამიანების განვითარებაა.
ნანა ჩარექიშვილი OK! ქუთაისის სტუმარია და ის თავად მოგვიყვება სწავლების უახლეს გამოწვევებსა და განათლებაზე.
გვითხარით, თქვენი 24 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში რა შეიცვალა ყველაზე მეტად ისტორიის სწავლების პროცესში?
ყველაზე დიდი ცვლილება ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში მოხდა. თუ ადრე მოსწავლეებისთვის ცოდნის ძირითადი წყარო სახელმძღვანელო იყო, დღეს მათ უსაზღვრო ინფორმაციაზე აქვთ წვდომა. ამიტომ ისტორიის სწავლების მთავარი მიზანი აღარ არის მხოლოდ ფაქტების დამახსოვრება. დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია ინფორმაციის გააზრება, ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის გადალახვაც მოგიწიათ, როგორც მასწავლებელს?
ყველა ეპოქას თავისი გამოწვევები მოაქვს. ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო პანდემია, როდესაც ძალიან მოკლე დროში მოგვიწია სრულიად ახალ გარემოსთან ადაპტირება. ამ გამოცდილებამ დაგვანახვა, რომ განათლების მთავარი ძალა არა მხოლოდ ტექნოლოგია, არამედ ადამიანებს შორის ნდობა და თანამშრომლობაა.
აინტერესებთ მოსწავლეებს ისტორია თანამედროვე ეპოქაში და თქვენ როგორ უკავშირებთ ისტორიულ მოვლენებს თანამედროვე რეალობას?
მოსწავლეები განსაკუთრებით მაშინ ინტერესდებიან ისტორიით, როდესაც ხედავენ მის კავშირს დღევანდელობასთან. ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ აისახება წარსულის გადაწყვეტილებები თანამედროვე პოლიტიკაზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და საზოგადოების განვითარებაზე. ისტორია მათთვის ცოცხალი ხდება, როდესაც ხვდებიან, რომ ის მხოლოდ წარსული კი არა, აწმყოს ახსნის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია.
მოსწავლეები ყველაზე დიდ ინტერესს რომელ ისტორიულ თემებზე ავლენენ?
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საქართველოს ისტორია, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, მსოფლიო ომები და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარდატეხები. ახალგაზრდებს აინტერესებთ, როგორ ცვლიდნენ ადამიანები ისტორიის მსვლელობას და რა გაკვეთილების გამოტანა შეიძლება ამ გამოცდილებიდან.
რა ინოვაციურ მეთოდებს იყენებთ ისტორიის გაკვეთილებზე?
დისკუსიებს, პროექტულ სწავლებას, როლურ თამაშებს, ისტორიული წყაროების ანალიზსა და ციფრულ რესურსებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები არა მხოლოდ მსმენელები, არამედ ისტორიული პროცესების მკვლევრები გახდნენ.
როგორ ავითარებთ მოსწავლეებში კრიტიკულ აზროვნებას ისტორიული მოვლენების შესწავლისას?
ყოველთვის ვთავაზობ სხვადასხვა წყაროსა და განსხვავებულ პერსპექტივებს. ვსწავლობთ არა მხოლოდ იმას, თუ რა მოხდა, არამედ რატომ მოხდა, ვის როგორ აღუწერია ეს მოვლენა და რა შედეგები მოჰყვა მას. სწორედ ამ კითხვებზე პასუხის ძიება ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას.
როგორ ეხმარებით მოსწავლეებს შფოთვის ან სტრესის მართვაში სასწავლო პროცესის დროს?
ვცდილობ, კლასში შევქმნა უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო, სადაც მოსწავლეს შეცდომის დაშვების არ ეშინია. როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ მას უსმენენ და პატივს სცემენ, სწავლაც უფრო ბუნებრივ პროცესად იქცევა.
რა მეთოდებით ზრდით მოსწავლეთა ჩართულობას კლასში?
ჩართულობის გასაზრდელად მათ ვაძლევ შესაძლებლობას, თავად დასვან კითხვები, გამოთქვან მოსაზრებები და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღებაში. როდესაც მოსწავლე პროცესის აქტიური მონაწილეა, მისი მოტივაციაც იზრდება.
როგორ აფასებთ მოსწავლის პროგრესს მხოლოდ ტესტების მიღმა?
პროგრესს ვაკვირდები პროექტების, პრეზენტაციების, დისკუსიებში მონაწილეობის, კვლევითი უნარებისა და პიროვნული განვითარების მიხედვით. შეფასება მხოლოდ შედეგის დაფიქსირება არ არის, ეს ზრდის პროცესის დანახვაცაა.

როგორ ხედავთ თანამედროვე სკოლის განვითარებას საქართველოში?
ვფიქრობ, ქართული სკოლა აქტიურად ვითარდება და უფრო მეტად ორიენტირდება მოსწავლის უნარებზე, ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს განვითარება ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებასთან ერთად გაგრძელდეს.
როგორ შეიძლება დღეს ისტორიის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება სკოლებში?
აუცილებელია მეტი აქცენტი გაკეთდეს კვლევაზე, პირველწყაროების ანალიზსა და დისკუსიებზე. ისტორია უნდა იყოს არა მხოლოდ თარიღებისა და ფაქტების ნაკრები, არამედ სამყაროს გააზრების საშუალება.
რომელ ისტორიულ პიროვნებასთან შეხვედრას ისურვებდით და რატომ?
დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი ილია ჭავჭავაძეს. მისი ხედვა, სახელმწიფოებრივი აზროვნება და მომავლის რწმენა დღესაც შთამაგონებელია და ვფიქრობ, მისი მოსაზრებები თანამედროვე საქართველოზეც ძალიან საინტერესო იქნებოდა.
რომელი ისტორიული მოვლენა მიგაჩნიათ ყველაზე გავლენიანად საქართველოს ისტორიაში?
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს იყო ისტორიული არჩევანი, რომელმაც ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპი განსაზღვრა.
რა როლი აქვს სამოქალაქო განათლებას დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში?
სამოქალაქო განათლება ახალგაზრდებს ასწავლის პასუხისმგებლობას, თანამონაწილეობასა და განსხვავებული აზრის პატივისცემას. სწორედ, ეს ღირებულებები ქმნის დემოკრატიული საზოგადოების მყარ საფუძველს.
რომელ წიგნს ურჩევდით ყველა მოსწავლეს წასაკითხად?
ბევრი საინტერესო ავტორი და მწერალი გვყავს ქართულ ლიტერატურაში, ამ ეტაპზე ჩემს მოსწავლეებს (ასაკის გათვალისწინებით) ვურჩევდი ლევან გოთუას „გმირთა ვარამს“. ავტორი, აღნიშნული წიგნით, არა მხოლოდ საქართველოს წარსულის ამბებს გვიყვება, არამედ ადამიანის სულის, ღირსების და თავისუფლების ფასს გვაგრძნობინებს. გოთუას პერსონაჟებთან შეხვედრა ახალგაზრდებს დააფიქრებს იმაზე, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, პასუხისმგებლობა, სიმტკიცე და მიუხედავად მძიმე განსაცდელებისა, ადამიანად დარჩენა. ვფიქრობ, რომ ასეთი ლიტერატურა აყალიბებს არა მხოლოდ კარგ მკითხველს, არამედ მოაზროვნეს, ღირსეულ და სამშობლოს მოყვარულ მოქალაქეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ გოთუას „გმირთა ვარამი“ არა მხოლოდ ლიტერატურული შედევრია, არამედ ცხოვრებისეული გაკვეთილიც.
რა გაძლევთ მოტივაციას და რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ წარმატებული მასწავლებელი?
მოტივაციას მაძლევს თითოეული მოსწავლის წინსვლა. წარმატებული მასწავლებელი ჩემთვის ის ადამიანია, რომელიც არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს, არამედ შთააგონებს, აძლევს რწმენას საკუთარი შესაძლებლობების მიმართ და ეხმარება უკეთეს ადამიანად ჩამოყალიბებაში. წარმატების მთავარი გასაღები არის მოსწავლის და საკუთარი საქმის სიყვარული.
ტექსტი: დეა მანაგაძე
ფოტო: ლაურა ზოიძე

6 days ago
29







English (US) ·
Georgian (GE) ·