#OK! ,,ჯანსაღი კვების თეფში” – რას გვირჩევენ ჰარვარდის მეცნიერები?

12 hours ago 3

,,ჯანსაღი კვების თეფში“ კვების მოდელია, რომელიც ჰარვარდის მეცნიერებმა 2011 წელს შეიმუშავეს. ეს მოდელი საშუალებას გვაძლევს სწორი და დაბალანსებული რაციონი, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე მთელი ოჯახისთვის ყოველდღიურად დავგეგმოთ. ასეთი კვების პრინციპი ხელს უწყობს წონის მოწესრიგებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

მოდელის არსი ჩვეულებრივი დიამეტრის (24-26 სმ) თეფშის სამ ნაწილად გაყოფაში მდგომარეობს:

ბოსტნეული და მწვანილი

თეფშის დაახლოებით ნახევარი უნდა მოდიოდეს, რადგან ისინი ორგანიზმს აუცილებელი ბოჭკოთი, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით უზრუნველყოფენ. ეს ხელს უწყობს გლუკოზის დონის მოწესრიგებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს. სასურველია, რომ ერთ ჯერზე დაახლოებით 200 გრამი ბოსტნეული მიიღოთ.

ცილოვანი პროდუქტები

თეფშის დაახლოებით 25%-ს, ანუ დაახლოებით 100 გრამს უნდა შეადგენდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ცილა ორგანოების, კუნთებისა და ძვლებისთვის მთავარი სამშენებლო მასალაა, ასევე თუთიის, რკინისა და B12 ვიტამინის სასიცოცხლოდ აუცილებელი წყარო.

ნელი (კომპლექსური) ნახშირწყლები

თეფშის დარჩენილ მეოთხედს, დაახლოებით 100 გრამს იკავებენ. ისინი ენერგიას, ძალას და გამძლეობას მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ.

„ჯანსაღი თეფშის წესით“ კვების დასაწყებად, ყურადღება პროდუქტების ოთხ ძირითად ჯგუფზე უნდა გაამახვილოთ:

  1. ცილოვანი პროდუქტები: ქათამი, ინდაური, კურდღელი, კვერცხი, ხბოს ხორცი, ღორის ხორცი, თევზი სკუმბრია, კალმახი, თინუსი, კრევეტები, კალმარები და სხვა.
  2. ნახშირწყლოვანი პროდუქტები: მარცვლეულის ფაფები, პური, კარტოფილი და სხვ.
  3. ბოსტნეული: ყაბაყი, ბადრიჯანი, პომიდორი, კიტრი, ყველა სახეობის კომბოსტო და მწვანილი, გოგრა, ხახვი, სტაფილო, ტკბილი კარტოფილი და სხვა.
  4. ხილი და კენკრა: გრეიფრუტი, ავოკადო, ფორთოხალი, მანდარინი, ვაშლი, ალუბალი, ბალი, მარწყვი, ჟოლო და სხვ.
რომელი პროდუქტები შევზღუდოთ?

„ჯანმრთელი კვების თეფშის“ წესი საკვები პროდუქტების სასარგებლო და მავნე კატეგორიებად დაყოფას არ გულისხმობს, თუმცა, ზოგ პროდუქტს ორგანიზმისთვის სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს და უმჯობესია მისი მოხმარება შევზღუდოთ. ამ კატეგორიაში შედის:

  • სწრაფი ნახშირწყლები – ტკბილი და გაზიანი სასმელები, ორცხობილა, ტკბილეული, შოკოლადები, ჩიფსები, სწრაფი კვება;
  • ნაჯერი ცხიმები – წითელი ხორცი, კარაქი, ცხიმიანი ყველი;
  • ტრანსცხიმები – სწრაფი კვება, ხემსები, მარგარინი;
  • ზედმეტი მარილი – დაკონსერვებული პროდუქტები, მარილიანი ხემსი, სწრაფად მოსამზადებელი წვნიანები;
  • ალკოჰოლი – შეამცირეთ ალკოჰოლური სასმელების მოხმარება.

გახსოვდეთ, რომ სწორად შედგენილი და ჯანსაღი კვების პრინციპებზე დაფუძნებული თეფში წონის კონტროლის, სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და კარგი ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის ყველაზე ეფექტური და სასარგებლო მეთოდია, თუმცა ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ ჰარვარდის კვების თეფშით არ შემოიფარგლება – ცხოვრების აქტიური წესის გარეშე სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, ამიტომ არც ფიზიკური აქტივობა უნდა დაივიწყოთ.

სრულად წაკითხვა