PACE-მ საქართველოში დემოკრატიის უფუნქციობა შეაფასა

2 hours ago 2

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციას ოფიციალურად „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ ჰქვია, თუმცა ყველა მიმართულებით დემოკრატიის უკუსვლასა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობას შეეხება.

დოკუმენტით, საპარლამენტო ასამბლეა კვლავ იზიარებს წინა კრიტიკულ რეზოლუციებში გამოხატულ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო.

ასამბლეა აღნიშნავს, რომ წინა რეზოლუციის მიღების შემდეგ, საქართველოში შეუჩერებლად გაგრძელდა დემოკრატიული უკუსვლა, ისევე როგორც რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მქონე პირთა მიმართ.

საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლებმა ედიტ ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმა დებატებზე აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს შინაარსიან დიალოგს ევროპის საბჭოსთან და ფაქტობრივად, არცერთ რეკომენდაციას არ ასრულებს.

„სამწუხარო და ძალიან შემაშფოთებელია, რომ მმართველი უმრავლესობის ინიციატივა საქართველოში თითქმის ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ კვლავ დღის წესრიგში რჩება და ბოლო დროს მისი მასშტაბები გაფართოვდა. გრძელდება თითქმის მთელი დემოკრატიული ოპოზიციის ხელმძღვანელობის სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითხნილი ბრალდებებით. ბოლო კვირებში პროკურატურის ძალისხმევა გააქტიურდა. გენერალურმა პროკურორმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე რამდენიმე მოსმენა გამართა. თუ ეს ორი მიმართულება გაგრძელდება, ეს საქართველოში ფაქტობრივად ერთპარტიულ სისტემას დაამკვიდრებს, რაც მიუღებელია და შეუთავსებელია ევროპის საბჭოს წევრობასთან“, — განაცხადა ესტრელამ.

საბინა ჩუდიჩმა, თავის მხრივ, დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლების რეაქცია ევროპის საბჭოს და მისი ინსტიტუტების ნებისმიერ წუხილზე ან კრიტიკაზე სულ უფრო უგულებელმყოფი და მტრული ხდება.

„დღეს განვიხილავთ დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას საქართველოში. თუმცა სათაური უნდა უყოს დემოკრატიული ინსტიტუტების უფუნქციობა“, — განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრმა, ესტონელმა დეპუტატმა ერიკ ნილს კროსმა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიას და ყველა პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს ევროპის წინაპირობა ნებისმიერი დიალოგის, თანამშრომლობისა და ჩართულობისთვის საქართველოსთან.

საქართველოსთან დიალოგის წინაპირობად პოლიტპატიმრების გათავისუფლება დააყენეს სხვა დეპუტატებმაც.

ასევე, იყო მოწოდებები ეროვნული მთავრობებისთვის, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს და ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე პასუხისმგებელ პირებს საქართველოში.

„ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა სია, რომლებიც ახლა პატიმრობაში იმყოფებიან, კიდევ უფრო გაიზარდა. მსურს ასამბლეის ყურადღება განსაკუთრებით ოთხ მათგანზე შევაჩერო: მზია ამაღლობელი, პატივსაცემი ჟურნალისტი; ორი დემონსტრანტი — საბა ჯიქია და საბა სხვიტარაძე; ელენე ხოშტარია, ოთხი შვილის დედა, რომელიც მძიმედ ავადაა და მოკლებულია სამედიცინო დახმარებას. ამ სახელების მიღმა კიდევ ათობით სხვა ადამიანია და ამ ასამბლეამ უნდა უზრუნველყოს, რომ მათი ხმა მთელ კონტინენტზე ისმოდეს. რეპრესიები უნდა შეწყდეს. ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს და უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამ ვითარებაში, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ თავისი როლი უნდა შეასრულოს ლონდონში დაბანდებული „ბინძური ფულის“ დასანქცირებაში და თავიდან აიცილოს ბრალდებები ქართველი ხალხის ჩაგვრაში თანამონაწილეობის შესახებ“, — განაცხადა ბრიტანელმა დეპუტატმა ლეიბორისტული პარტიიდან პერან მუნმა.

სრულად წაკითხვა