ავტორიტეტულმა ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Pantone-მა 2025 წლის ფერი დაასახელა – ეს არის „მოკა-მუსი“ (Mocha Mousse), ნათქვამია ინსტიტუტის ვებგვერდზე.
ექსპერტებმა მინის თასში მოათავსეს ათქვეფილი დესერტი დაასე წარმოადგინეს წლის ფერი, რომლის კოდია 17-1230. Mocha Mousse-ის რბილი ყავისფერი ელფერი სიამოვნებას იწვევს და შოკოლადის, კაკაოს და ყავის გემოებთან ასოცირდება.
Mocha Mousse თავისი მდიდარი, თბილი პალიტრით ბევრად სცილდება ყავისფრის ტრადიციულ აღქმას. ის არა მხოლოდ მარტივი და მიწიერია, არამედ დახვეწილი და ელეგანტურიც.
ფერების კვლევის ინსტიტუტი ხაზს უსვამს, რომ ეს ელფერი ასახავს თანამედროვე საზოგადოებაში ჰარმონიის, სითბოს, სიმშვიდისა და ინტიმურობის გლობალურ სურვილს.
Mocha Mousse-ის ელეგანტური ელფერი კარგად ეხამება ტყავის და ზამშის ყველა ტონს და, ასევე, ადვილად შეგიძლიათ მოარგოთ სხვადასხვა ესთეტიკურ კონტექსტს.
Pantone-ი იმდენად ავტორიტეტული ინსტიტუტია, რომ მის მიერ რეკომენდებული ფერი უმალ ხდება მომხმარებლისთვის პრიორიტეტული.
Lyst Index-ის მონაცემებით, ზამშის ძიების რეზულტატი 263 პროცენტითაა გაზრდილი, ხოლო ძებნა „ზამშის ჩანთები“ 175%-ით გაიზარდა. Heuritech-ის მონაცემებით, 26-დან 35 წლამდე ასაკის მომხმარებლებში, 2024 წელთან შედარებით, ზამშის კოლექციები 17 პროცენტით გაიზრდება, განსაკუთრებით ევროპაში.
შეგახსენებთ, რომ წლის ასტროლოგიური „მბრძანებლის“ ერთ-ერთი ფერი სწორედ ყავისფერია და მწვანე ხის გველის კეთილგანწყობასც მოივიპოვებთ, თუ Mocha Mousse-ის მოდური ელფერით თქვენს სამოსს და საცხოვრებელს გაამდიდრებთ.
მანანა ბანძელაძე