PSP: ჩვენზე დეზინფორმაცია ვრცელდება, ამას აღვიქვამთ, როგორც მორიგ ზეწოლას და დაზარალების მცდელობას

1 day ago 4

PSP აცხადებს, რომ სამთავრობო მედიები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს კომპანია ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.  ამ დეზინფორმაციის საპასუხოდ, PSP განცხადებით, სურს საქართველოს მოსახლეობას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს.

კომპანიის განმარტებით, პოსტსაბჭოთა სივრცეს, რუსეთის ლოჯისტიკური საწყობებიდან, ამარაგებდა მრავალი დასავლური კომპანია.

“მათ შორის, ჩვენი პარტნიორები, როგორებიცაა „ბაიერ კონსუმერი“ (ყველაზე ცნობილი ბრენდი ,,ასპირინი“), „სანოფი“, (ყველაზე ცნობილი ბრენდი ნო-შპა), „რეკიტ ბენკიზერი“ (ყველაზე ცნობილი ბრენდი NUROFEN),  ცნობილი ფრანგული კომპანია „ლორეალი“ (VICHY-ს ბრენდი), „შტადა“ – ,,ნიჟფარმი“.

ყველა ფარმაცევტული კომპანია საქართველოში და არამარტო საქართველოში, აგრეთვე რეგიონშიც, ევროპულ პროდუქციას იღებდნენ რუსეთში განლაგებული ლოჯისტიკური საწყობებიდან. აღსანიშნავია, რომ ყველ კომპანიას და მათ შორის ჩვენს კომპანიასაც გააჩნია პირდაპირი კონტრაქტები ამ ევროპულ ბრენდებთან, მაგრამ ლოჯისტიკური მომარაგება ხდებოდა რუსეთის გავლით. 

სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს არა რუსეთთან, არამედ გერმანულ „ბაიერთან“, ფრანგულ „ლორეალთან“, ბრიტანულ „რეკიტ ბენკიზერთან“,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

მატივე თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ნაწილმა უკვე შეცვალა მომარაგების გზები და პირდაპირი მოწოდებით, PSP-ს მეშვეობით, აწვდის საქართველოს თავის პროდუქციას:

“„ლორეალი“ – საფრანგეთიდან, „სანოფი“ – უნგრეთიდან და ,,ბაიერი“ შვეიცარიიდან.  დასავლურ კომპანიებს გადააქვთ თავისი ლოჯისტიკური საწყობები, მთელი ინფრასტრუქტურა, ცვლიან ლოჯისტიკურ ჯაჭვებს და  ახორციელებენ საქართველოსთან პირდაპირ ბიზნეს-ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა.”

PSP ამბობს, რომ ეს  არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომპანიის წინააღმდეგ არაობიექტური ინფორმაცია ვრცელდება.

“ამას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგი ზეწოლის და დაზარალების მცდელობას, რადგან სხვა კომპანიებთან ერთად ჩვენც შევუერთდით მოსახლეობაზე ძალადობის შეწყვეტის, ახალი არჩევნების დანიშვნის და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნას,” – აღნიშნულია განცხადებაში.

თავისუფალი ბიზნესის პლატფორმაზე, სადაც კომპანიები დეესკალაციის ყველაზე პრაგმატულ გზად ახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციებზე დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლებას ასახელებენ, უკვე 2300-ზე მეტმა ბიზნესმა დააფიქსირა პოზიცია, მათ შორისაა PSP-ც.

სრულად წაკითხვა