3×3 კალათბურთის ქართული გუნდები საზღვრებს გასცდნენ. აქამდე რომელიმე კლუბი თუ უცხოურ ტურნირზე ასპარეზობდა, ეს საქართველოში ჩატარებულ ტურნირში მოგებული საგზურის დამსახურებით იყო. გასულ უქმეებზე თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა ორმა ქართულმა კლუბმა მიიღო, რომლებიც 17 აგვისტოს Geotour2025-ის ფინალურ ტურნირში იასპარეზებენ.
თურქეთის ქალაქ ქაისერში გუნდებმა “ვერამ” და “Scooby”-მ იასპარეზეს. ვერელთა რიგებში იყვნენ გიორგი ღონღაძე, ილია სულაქველიძე, ვაკო წულეისკირი და დავით გასიტაშვილი. ეს უკანასკნელი ვერელთა მწვრთნელი გახლდათ, თუცა მეოთხე მოთამაშის არყოფნის გამო თამაშმა მოუწია.
ვერამ ჯგუფში 3-დან 1 მატჩი მოიგო. თურქულ “თარხანა გენგს” 15:13 სძლია. რაც შეეხება Scooby-ს, რომლის ღირსებასაც დავით დადუნაშვილი, ირაკლი გლუნჩაძე, საბა ლატარია და კახა გიორგაძე იცავდნენ, ჯგუფში სამივე მეტოქე დაამარცხა. პლეი ოფის პირველ წრეში Scooby-მ აზერბაიჯანული “ტარპაზი” დაამარცხა, ხოლო შემდეგ, მეოთხედფინალურ შეხვედრაში სერბულ “უზიჩესთან” დამარცხდა.
ვერამ და Scooby-მ თურქულ ტურნირზე დიდი გამოცდილება მიიღეს და Geotour-ის ფინალს კარგ ფორმაში შეხვდებიან.
GBF.GE