SJC “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს ცხინვალის რეგიონში რუსეთის ანექსიური პოლიტიკაზე

1 hour ago 1

სოციალური სამართლიანობის შეფასებით, რუსეთი ცხინვალის რეგიონის ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის ახალ, “უფრო ღია და აგრესიულ ეტაპზე გადავიდა”. ასე ეხმაურება ორგანიზაცია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის “თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების” დამტკიცებას, დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევის გადადგომა და სამუშაოდ კრემლში გადასვლას, ასევე, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად მარატ კამბოლოვის დანიშვნას, რომელიც იქამდე რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ ყველაფერზე საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო პარტნიორებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების რეაქცია “უნდა იყოს მკაფიო, დროული და პრინციპული”. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”:

  • ზემოთ აღნიშნული მოვლენები შეაფასოს როგორც “რუსეთის ანექსიური პოლიტიკის ახალი ეტაპი”;
  • გაააქტიუროს დიპლომატიური მუშაობა ევროკავშირთან, გაეროსთან, ეუთოსთან, ევროპის საბჭოსთან და სხვა საერთაშორისო მექანიზმებთან, “რათა საკითხი დადგეს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ქმედება”;
  • გაააქტიუროს დიპლომატიური მუშაობა ევროკავშირთან, გაეროსთან, ეუთოსთან, ევროპის საბჭოსთან და სხვა საერთაშორისო მექანიზმებთან, რათა საკითხი დადგეს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ქმედება;
  • გააძლიეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგი ოკუპირებულ რეგიონში, განსაკუთრებით საკუთრების, გადაადგილების თავისუფლების, სოციალური უფლებების, მოქალაქეობის, დემოგრაფიული ცვლილებებისა და ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკური მონაწილეობის მიმართულებით;
  • შექმნას თანმიმდევრული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დეოკუპაციისა და შერიგების პოლიტიკა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთის ცხინვალის რეგიონში აგზავნიდა სამხედროებს, დაიქვემდებარა უსაფრთხოება, გააძლიერა ფინანსური და ეკონომიკური დამოკიდებულება, თუმცა არ აღიარებდა საკუთარ კონტროლს ამ რეგიონზე, ახლა ოკუპანტის პოლიტიკა უკვე “დე ფაქტო ინსტიტუტების უშუალო საკადრო და ადმინისტრაციულ მართვაში გადაიზარდა”.

“კამბოლოვის დანიშვნა არ შეიძლება შეფასდეს როგორც ჩვეულებრივი საკადრო ცვლილება ან ადგილობრივი პოლიტიკური კრიზისის ტექნიკური გადაწყვეტამოსკოვმა ამ გზით ცხინვალის დე ფაქტო მმართველობით სისტემის შიგნით საკუთარი ადმინისტრაციული კადრი პირდაპირ დანერგა, რაც ცხადყოფს, რომ რუსეთი აღარ კმაყოფილდება რეგიონზე არაპირდაპირი კონტროლით. რუსეთი ამგვარად გადადის ცხინვალის რეგიონის უშუალო მმართველობის დონეზე, სადაც ნაკლებად ენდობა ადგილობრივ ელიტებს და პოლიტიკურ კლანებს, და საკუთარ კადრს მიავლენს.

ეს განვითარება კი რუსეთის თანმიმდევრული ანექსიური პოლიტიკის შედეგია, რაც წარმოადგენს რუსეთსა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს შორის 2008, 2015 და 2026 წლებში დადებული ე.წ. ხელშეკრულებების გაგრძელებას. ამ ხელშეკრულებების ანალიზი აჩვენებს რუსეთის ერთიან, თანმიმდევრულ და ეტაპობრივ ანექსიურ ლოგიკას”, – წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

რაც შეეხება ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულებას, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ყურადღებას ამახვილებს დოკუმენტის იმ მუხლზე, რომლის მიხედვითაც ერთი მხარის მოქალაქეებს შეუძლიათ დაიკავონ სახელმწიფო და მუნიციპალური თანამდებობები მეორე მხარის სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში.

“ეს ჩანაწერი ქმნის სამართლებრივ-პოლიტიკურ საფუძველს იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები პირდაპირ დაინიშნონ ცხინვალის დე ფაქტო მმართველობით სტრუქტურებში. სწორედ ამ ნორმის პრაქტიკული შედეგია მარატ კამბოლოვის დანიშვნა ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ამგვარად, 2026 წლის ხელშეკრულება უკვე არა მხოლოდ ინტეგრაციის დეკლარირებაა, არამედ მმართველობითი ძალაუფლების გადაბარების შესახებ დეკლარაციული ქმედება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრად მარატ კამბოლოვის დანიშვნა არის გარდამტეხი მოვლენა ცხინვალის რეგიონის სრულად რუსეთთან ინტეგრაციის მრავალწლიან პროცესში. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კამბოლოვის დანიშვნა “შეიცავს დემოგრაფიულ, ქონებრივ და სოციალურ რისკებსაც, რადგან საკუთრების, შრომის, საჯარო სამსახურისა და თავისუფალი გადაადგილების ახალი რეჟიმები ქმნის საფუძველს რუსეთის მოქალაქეების, კაპიტალისა და ინსტიტუტების უფრო მასშტაბური შემოსვლისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე”. აქვე, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რუსეთთან ე.წ. “ჰარმონიზაციის” პროცესს აფხაზეთი უფრო მეტად უწევს წინააღმდეგობას, ვიდრე ცხინვალის რეგიონი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მართალია რუსეთსა და ცხინვალს რეგიონს შორის დადებული ხელშეკრულებს არ აქვს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები, მაგალითად, “არ ცვლის ცხინვალის რეგიონის სამართლებრივ სტატუსს, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისა”, მაგრამ მას აქვს მძიმე პრაქტიკული შედეგები. თუნდაც ის, რომ “ძლიერდება რუსეთის ეფექტური კონტროლი რეგიონზე, მცირდება ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკური არჩევანის სივრცე, იზრდება რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ ჩართულობა რაც ქმნის ფაქტობრივი ანექსიის სიტუაციას”.

ამავე თემაზე:

ფოტო: ზარინა სანაკოევა/SOVA

სრულად წაკითხვა