WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ქართულმა კინომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატება იზეიმა — ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გურია“ აზიის წყნარი ოკეანის რეგიონის კინოდაჯილდოების (Asia Pacific Screen Awards – APSA) გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „წლის საუკეთესო ფილმი“ (Best Film). დაჯილდოების ცერემონია 30 ოქტომბერს ავსტრალიის ქუინზლენდის შტატის ქალაქ გოლდ კოსტში გაიმართა.

ჯილდო, რომელსაც ხშირად „აზიურ ოსკარსაც“ უწოდებენ, რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოპრემიად მიიჩნევა და 78 ქვეყანასა და ტერიტორიას მოიცავს. ამ სივრცეში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 4,5 მილიარდ ადამიანს შეადგენს და სადაც მსოფლიო კინოპროდუქციის თითქმის ნახევარი იქმნება, ქართული ფილმის გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღიარებაა.

ფილმი, რომელიც საქართველოს შესახებ გვიყვება

„გურია“ ლევან კოღუაშვილის ახალი ნამუშევარია, რომლის მსოფლიო პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი წარდგენილი იყო ფესტივალის სექციაში Venezia Spotlight და საერთაშორისო პროფესიული წრეების ყურადღებაც მიიპყრო.

კინოსურათის სათაური წინასწარ გვიქმნის მოლოდინს, რომ გურულ იუმორს, ხალისიან ამბებსა და დაუვიწყარ პერსონაჟებს ვიხილავთ, თუმცა რეჟისორის თვალით დანახული გურია გაცილებით რთული და მრავალშრიანი სამყაროა. აქ, რა თქმა უნდა, უხვადაა იუმორიც (სხვაგვარად გურია წარმოუდგენელია), მაგრამ ფილმის საერთო განწყობა სევდიანია. ეს არის ამბავი ადამიანებზე, რომლებიც რთულ სოციალურ და ეკონომიკურ გარემოში ცხოვრობენ, თუმცა ყოველდღიურ გაჭირვებაშიც ინარჩუნებენ ადამიანურ სითბოსა და ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობის უნარს.

„ნამდვილი სამოთხეა, აბა, რა არის გურია?! მწვანე გორაკები, ჩაი, მანდარინი, ლამაზი ხეები, უკან თეთრი მთა, წინ ზღვა, გვერდით ჩამავალი მდინარე… და ამ დროს ეს ყველაფერი რომ დაცლილია, ეს სევდიანი არ არის?! ასე დაცლილი სამოთხის ნახვა სევდაზე მეტია, ეს უკვე ტრაგედიაა“, – ასე აღწერს რეჟისორი იმ გარემოს, რომელმაც ფილმის შექმნის იდეა შთააგონა.

ლევან კოღუაშვილმა ამ ფილმით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მის შემოქმედებაში მთავარი ადამიანია – თავისი წინააღმდეგობებით, სევდით, იუმორით, კეთილშობილებითა და ცხოვრების სიყვარულით.

როგორ დაიბადა „გურიის“ გადაღების იდეა

ფილმის ჩანაფიქრის საწყისად გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“ იქცა. ლევან კოღუაშვილს წიგნში აღწერილი განწყობა მოეწონა – სადა, მელანქოლიური და სევდიანი ამბები, რომლებშიც, ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუმცა ადამიანური ურთიერთობებისა და ყოფითი დეტალების მიღმა მთელი სამყაროა დამალული.

გიორგი კეკელიძის წიგნმა რეჟისორს გურიის კინემატოგრაფიული შესაძლებლობები დაანახვა. იგი რეგიონში გაემგზავრა, ადგილობრივ მოსახლეობას გაეცნო და თითქმის სამი თვე იქ ცხოვრობდა. ამ დროის განმავლობაში აგროვებდა ისტორიებს, აკვირდებოდა ადამიანებს, მათ ყოველდღიურობას, ურთიერთობებსა და პრობლემებს.

სწორედ გურიაში აღმოჩენილი დეტალებით იქმნება კოღუაშვილის კინემატოგრაფიული რეალობა – ერთი შეხედვით უმნიშვნელო ეპიზოდებში მთელი ეპოქის სურათი იხატება.

90-იანი წლები – ეპოქა, რომელიც უნდა შემოგვენახა

ფილმის შექმნის პროცესში რეჟისორმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: მოქმედება თანამედროვე პერიოდის ნაცვლად 1990-იან წლებში გადაიტანა.

რეჟისორისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ გარდამავალი ეპოქის დაფიქსირება, რომელშიც ერთმანეთს ერწყმოდა საბჭოთა წარსულის ნარჩენები, ეკონომიკური გაჭირვება, სოციალური ცვლილებები და ადამიანების ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის.

კოღუაშვილის აზრით, ამ პერიოდის ადამიანური გამოცდილება და თანაგრძნობა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან დრო გადის და მასთან ერთად ქრება ის გარემო, ყოფითი წესები და ადამიანური ურთიერთობები, რომლებმაც შესაძლოა მომავალში აღარ იარსებოს.

ფილმი „გურია“ არის მცდელობა, კინოში შემოინახოს ეპოქა, რომელიც თანდათან ისტორიის ნაწილად იქცევა.

შავ-თეთრი გამოსახულება და ქართული ნეორეალიზმი

„გურიის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხატვრული თავისებურება შავ-თეთრი გამოსახულებაა. რეჟისორისთვის ეს არჩევანი ფილმის კონცეფციის ნაწილია: მას სურდა, მაყურებელი სხვა დროში გადაეყვანა და ეკრანზე განსაკუთრებული, ნოსტალგიური და ლირიკული ატმოსფერო შეექმნა.

შავ-თეთრი გამოსახულება, ამავე დროს, ფილმის რეალისტურ ხასიათს აძლიერებს.

კოღუაშვილი თავის ფილმებს ქართული ცხოვრების ერთგვარ კინემატოგრაფიულ ფრესკებს უწოდებს. რეჟისორი ცდილობს, პერსონაჟები ისეთებად გვიჩვენოს, როგორებიც სინამდვილეში არიან – თავიანთი წინააღმდეგობებითა და სისუსტეებით.

ამ თვალსაზრისით, „გურია“ ლევან კოღუაშვილის წინა ნამუშევრების ლოგიკური გაგრძელებაცაა. „ქუჩის დღეები“, „შემთხვევითი პაემნები“, „გოგიტას ახალი ცხოვრება“, „ქალები საქართველოდან“ და „მეოთხე ბრაიტონი“ სხვადასხვა სოციალურ ფენასა და ადამიანურ გამოცდილებას ასახავს, თუმცა მათ საერთო საფუძველი აერთიანებს – ინტერესი ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ და მათი ცხოვრების დაუფარავად, ყოველგვარი იდეალიზების გარეშე ჩვენების სურვილი.

საერთაშორისო აღიარება ვენეციაში

„გურიის“ გამარჯვება აზიის წყნარი ოკეანის რეგიონის კინოდაჯილდოებაზე განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ ფილმის საერთაშორისო წარმატებას წინ უძღოდა მისი საერთაშორისო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე. ამასთან, ლევან კოღუაშვილის შემოქმედებითი მიღწევები „ოქროს გლობუსის“ ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

რეჟისორმა „Golden Globes Silk Road Tribute Gala“-ზე „ოქროს გლობუსის ნოვატორის ჯილდო“ (Trailblazer Award) მიიღო. ლევან კოღუაშვილისთვის ჯილდოს გადაცემისას ამერიკელმა მუსიკოსმა, რეპერმა და აქტივისტმა COMMON-მა, რომელიც თავადაც „ოქროს გლობუსის“ მფლობელია (2015 წ.), კოღუაშვილის ფილმების მთავარ ღირსებად მათში ადამიანური გამოცდილების უნივერსალური გადმოცემა დაასახელა. მისი შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, რეჟისორის პერსონაჟები თბილისში ცხოვრობენ თუ ბრუკლინში – მათ ადამიანობა და ცხოვრების სიყვარული აერთიანებთ.

ეს შეფასება კარგად გამოხატავს იმ მიზეზს, რის გამოც ქართველი რეჟისორის ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნის მაყურებლისთვის გასაგები და ახლობელი ხდება. კოღუაშვილი კონკრეტულ ქართულ გარემოსა და პერსონაჟებს გვიჩვენებს, თუმცა მათი განცდები, პრობლემები და არჩევანი უნივერსალურ ადამიანურ გამოცდილებად იქცევა.

საერთაშორისო კინოფესტივალებსა და პრესტიჟულ დაჯილდოებებზე ქართული ნამუშევრების გამოჩენა ზრდის საქართველოს კულტურულ ცნობადობას, ქმნის ახალი საერთაშორისო თანამშრომლობების შესაძლებლობას და ყურადღებას ამახვილებს ქართულ კინემატოგრაფიულ სკოლაზე. ამ მხრივ „გურიის“ „აზიური ოსკარი“ ქართული კინოხელოვნებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„აზიურ ოსკარს“ შესაძლოა ამერიკულიც მოჰყვეს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე – „ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ წარდგება (საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში). Academy Awards-ის 99-ე დაჯილდოების ცერემონია 2027 წლის 14 მარტს ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის „დოლბი თეატრში“ გაიმართება.

ნუცა ყაველაშვილი