The Coca-Cola Company ცხინვალში რეგისტრირებულ კომპანიას უჩივის

4 days ago 1

მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ დაარეგისტრირა ამერიკული უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიის, The Coca-Cola Company-ის, სარჩელი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში არსებული შპს Кока-Кола Компании-ის წინააღმდეგ.

საარბიტრაჟო სასამართლოს ვებსაიტზე მოპასუხის მისამართად მითითებულია „100001, რუსეთი, ცხინვალი, გორკის ჩიხი, ნომერი 6“. უცნობია ეს მისამართი იყო მითითებული თუ არა სასარჩელო განცხადებაშიც.

2010 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს „საერთაშორისო“ საფოსტო ინდექსი 100001 მიენიჭა.

როგორც რუსული მედია წერს, მათ შორის „რია ნოვოსტი“, საჩივარი სასამართლოში 8 სექტემბერს შევიდა და ჯერ განსახილველად მიღებული არაა. დაკონკრეტებული არაა, რა მოთხოვნები აქვს მოსარჩელე მხარეს.

მარტში გაზეთმა „კომერსანტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა საცალო ქსელებმა მიიღეს შეთავაზებები Coca-Cola-ს ბრენდის ქვეშ სასმელების მიწოდებაზე, რომლებსაც, ცხინვალში რეგისტრირებული Кока-Кола Компании რუსულ შპს ПКВ-სთან პარტნიორობით აწარმოებს. გამოცემის ცნობით, პროდუქციის ეტიკეტი პრაქტიკულად ორიგინალის იდენტურია, რასაც საცალო მოვაჭრეებისთვის გამართული პრეზენტაციაც მოწმობს.

მარტში სამხრეთ ოსეთის საბაჟო კომიტეტმა კომენტარი გააკეთა რუსეთში კოკა-კოლის ყალბი პროდუქციის გაგზავნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„ბოლო დროს მედიაში აქტიურად განიხილება სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის ფედერაციაში კომპანია Loca მიერ „კოკა-კოლის“ ბრენდის სასმელების მასობრივი იმპორტის თემა. ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საბაჟო კომიტეტს არ აქვს ინფორმაცია აღნიშნული პროდუქციის მიწოდების შესახებ“, - განაცხადა უწყების პრესსამსახურმა.

ამავდროულად, კომიტეტმა განმარტა, რომ კომპანია Loca-ს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან საქონლის საექსპორტო დეკლარაცია არ წარუდგენია, თუმცა მიწოდების ფაქტი პირდაპირ არ უარუყვიათ.

"როსპატენტის“ ცნობით, Coca-Cola-ს სავაჭრო ნიშანი, რომელიც The Coca-Cola Company-ს ეკუთვნის, რუსეთში 1996 წლიდანაა აღიარებული, როგორც უალკოჰოლო სასმელების ცნობილი სავაჭრო ნიშანი. ჩვეულებრივი სავაჭრო ნიშნისგან განსხვავებით, ცნობილ სავაჭრო ნიშანს მოქმედების ვადა განსაზღვრული არ აქვს. ის არ ექვემდებარება განახლებას ყოველ ათ წელიწადში ერთხელ და არ კარგავს ძალას გამოუყენებლობის შემთხვევაშიც.

The Coca-Cola Company 1892 წელს დაარსდა და მისი სათავო ოფისი ატლანტაში, ჯორჯიის შტატში მდებარეობს. 2022 წლის მარტში კომპანიამ რუსეთში ოპერაციების შეჩერების შესახებ განაცხადა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, ხოლო ივნისში რუსეთის ბაზარზე „კოკა-კოლის“, „სპრაიტისა“ და „ფანტის“ ბრენდების ქვეშ გაზიანი სასმელების გაყიდვებისა და წარმოების შეწყვეტის შესახებ გახდა ცნობილი. ივლისის ბოლოს „კოკა-კოლის“ რუსულმა განყოფილებამ (ООО Кока-Кола ЭйчБиСи Евразия) სახელი შეიცვალა, შპს Мултон Партнерс-ი გახდა და დაიწყო კოკა-კოლის ანალოგის, Добрый Cola-ს წარმოება.

სრულად წაკითხვა