„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვისთვის დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვს.
„TI-საქართველო“ გაეცნო საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც დაკრძალვის ცერემონიალის ორგანიზებისთვის 20 მარტს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ექვს უწყებას სულ 5.59 მილიონი ლარი გამოუყო, მათ შორის 3 მილიონი ლარი – კულტურის სამინისტროს.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, ამ თანხიდან კულტურის სამინისტრომ მხოლოდ 722.6 ათასი ლარი დახარჯა. დაკრძალვის ცერემონიალის შემდეგ, 8 მაისს, მთავრობამ შეიტანა ცვლილება სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ განკარგულებაში, მიუსადაგა ის რეალურ ხარჯებს და შეამცირა გამოყოფილი თანხები. ახალი განკარგულებით, კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა ზუსტად — 722.6 ათას ლარამდე, ხოლო სულ ჯამური პაკეტი 2.56 მილიონ ლარამდე შემცირდა.
„საჯარო არ არის კულტურის სამინისტრომ 722.6 ათასი ლარის რა ნაწილი დახარჯა კონტრაქტორების მეშვეობით, რომელმა კომპანიებმა მიიღეს კონტრაქტები, რა მომსახურებისთვის, რა ოდენობით და რა საფუძვლით შეარჩიეს ისინი. ასევე უცნობია, როგორ დახარჯა თავისი წილი დანარჩენმა ხუთმა უწყებამ. ცხრილში იხილეთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფაქტობრივად გაცემული თანხები უწყებების მიხედვით“, — აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ .
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ მინისტრად დანიშვნამდე წინა ორ წელიწადში თინათინ რუხაძემ 410,000 ლარი მიიღო კომპანიაში შპს „თიხარტი“ მრჩევლის პოზიციაზე მუშაობისას. ეს არის ღონისძიებების ორგანიზებაზე მომუშავე კომპანია, რომელსაც 3.8 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის სახელმწიფო კონტრაქტები ისე აქვს მიღებული, რომ „არასდროს კონკურენტულ ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა“.
„სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობა სწორედ ღონისძიების ორგანიზება იყო, რაც სწორედ მინისტრთან დაკავშირებული კომპანიის საქმიანობის სფეროში შედის. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, სამინისტრომ ხომ არ გადაუხადა თანხა მინისტრთან ფინანსურად დაკავშირებულ კომპანიას, რაც ამ კონტექსტში კორუფციული დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება იქნებოდა“, — კითხულობს TI-საქართველო.
კანონის თანახმად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული შესყიდვები სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მიღმა რჩება. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, კანონის ეს ჩანაწერი მნიშვნელოვნად აზიანებს საბიუჯეტო თანხების საჯარო კონტროლს და ქმნის კორუფციის რისკებს.
„კულტურის სამინისტრომ და სხვა უწყებებმა საკუთარი ინიციატივით უნდა გამოაქვეყნონ ამ ასიგნების ხარჯვის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებები, მიმწოდებლების შერჩევის კრიტერიუმები და სხვა დეტალები. აგრეთვე, კულტურის სამინისტრომ უნდა შეწყვიტოს კანონის დარღვევა და ჟურნალისტებს მიაწოდოს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია. ასეთი სენსიტიური საჯარო სახსრების ხარჯვის გასაიდუმლოება წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმისთვის დამახასიათებელ თვისებად იქცა, რაც მხოლოდ აღრმავებს საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს“, — აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.
netgazeti