ეს არის რუსეთში დაბადებული ამერიკელი ბიზნესმენის პირველი ოფიციალური ვიზიტი ერევანში მას შემდეგ, რაც 400 მილიონ დოლარზე მეტი ბიუჯეტის მქონე ამერიკული ფონდის ხელმძღვანელად დანიშნეს.
5 აგვისტოს კონსტანტინ სოკოლოვს, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის უფროს მრჩეველთან, არიე ლაიტსტოუნთან ერთად, დღეს ერევანში ცალ-ცალკე უმასპინძლეს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, თანამოსაუბრეებმა „გამოთქვეს ნდობა, რომ ტექნიკური საკითხების მოგვარების შედეგად, ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯები უახლოეს მომავალში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება“.
საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს პროგრამის მოკლე დროში განხორციელების ორმხრივ ინტერესს.
TRIPP-ის გარდა, აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მნიშვნელობა და მშვიდობის კიდევ უფრო განმტკიცებისკენ მიმართული ნაბიჯები.
ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების, კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის როლს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებაში და „ხაზი გაუსვა, რომ 2025 წლის 8 აგვისტოს შემდეგ რეგიონში სტაბილური და პოზიტიური ატმოსფერო ჩამოყალიბდა“.
კონტექსტი - მოკლედ
- 2025 წლის წლის აგვისტოში თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართული მოლაპარაკებების დროს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ს კორიდორზე ექსკლუზიური უფლებების მინიჭების პირობა დადო;
- შემდგომში აშშ-ის და სომხეთის ოფიციალურმა პირებმა შეიმუშავეს „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ (TRIPP) გეგმები;
- მარშრუტი სომხეთის ირანთან საზღვარზე გაივლის და აზერბაიჯანს მის ნახიჩევანის ანკლავთან და თურქეთთან დააკავშირებს.
- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა 2026 წლის თებერვალში სომხეთში ვიზიტისას ახსენა ფონდი Tripp+;
- TRIPP+-ის ამოცანაა „ტრამპის მარშრუტის“ - ამერიკის მიერ ადმინისტრირებული სატრანზიტო დერეფნის, - ხელშეწყობა არა მხოლოდ სომხეთის, არამედ ფართო რეგიონული მასშტაბით.
როგორც ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ (The Guardian) წერდა 14 ივლისს, TRIPP+ ფონდი უფლებამოსილია, „გასცეს სესხები, წილობრივი ინვესტიციები და გრანტები, რომლებიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის სტრატეგიულ განვითარებას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“.
ამ რეგიონში დაზუსტებულია კონკრეტული სახელმწიფოებიც: „…მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში“.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·