საუბარია სქემაზე, რომელშიც, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ათასობით მოქალაქეა ჩართული. მათ მიერ „ინვესტირებული“ თანხა შესაძლოა ათეულობით მილიონ დოლარს აჭარბებდეს. სპეციალისტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს „კლასიკური ფინანსური პირამიდაა“.
აგვისტოს ბოლოდან სისტემიდან ინვესტირებული თანხების გატანა შეზღუდული იყო და 4 სექტემბრის შემდეგ უნდა განახლებულიყო. მომხმარებელთა ნაწილი თანხების გატანასთან დაკავშირებულ შეფერხებაზე წერს 5 სექტემბერსაც.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს.
კოდექსის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე, ან სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჯგუფურად ან არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
„ფინანსურ პოლიციაში“ დეტალებზე არ საუბრობენ, მათ შორის, გამოვლენილი ან დაკითხული არიან თუ არა „პლატფორმის“ ორგანიზატორები.
სამსახური ადასტურებს, რომ გამოძიება საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
ეროვნულ ბანკში თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. უწყების ცნობით, ბანკის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის გაგზავნილი კორესპონდენცია შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ კონფიდენციალურია.
სებ-მა მოქალაქეები საეჭვო ფინანსური სქემის შესახებ პირველად 31 ივლისს გააფრთხილა.
„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა ბიზნესის განვითარება, არამედ ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა“, - აცხადებდა ეროვნული ბანკი.
26 აგვისტოს სებ-მა ვიდეომიმართვაც გაავრცელა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, თანხის დაბანდებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და გადახდისუნარიანობის შესახებ და შეაფასონ თანხის დაკარგვის რისკი.
ის განმარტავდა, რომ სქემის ფუნქციონირების საწყის ეტაპზე, სანამ სისტემას კლიენტები მასობრივად უერთდებიან, კამპანია საკმაოდ წარმატებულადაც კი შეიძლება ჩანდეს და მონაწილეებმა სარგებელიც მიიღონ. თუმცა გარკვეულ მომენტში, როდესაც ახალი წევრებისა და დამატებითი სახსრების მოზიდვა შეუძლებელი ხდება, კომპანია ვეღარ ასრულებს ვალდებულებებს და სქემა „აუცილებლად იშლება“.
ასეთ დროს მონაწილეებს საკუთარი სახსრების გატანაზე ხშირად ტექნიკური მიზეზით ეუბნებიან უარს, ზოგჯერ კი ინვესტიციის დაბრუნების სანაცვლოდ დამატებით თანხასაც სთხოვენ, ამბობდა გზირიშვილი.
რა არის TSQ?
სისტემაში მინიმალური შენატანი 1 000 დოლარია. გაწევრიანების შემდეგ მომხმარებელი ე.წ. სავაჭრო სიგნალს სპეციალურ ჩატში იღებს, შემდეგ ამ კოდს აპლიკაციაში შეჰყავს და ანგარიშზე „მოგებას“ ხედავს.
დამატებითი სარგებელი სისტემაში ახალი კლიენტების ჩართვას მოაქვს. რაც მეტ ადამიანს გააწევრიანებ, მით მეტ ფულს გამოიმუშავებ.
სწორედ ახალი წევრების მოზიდვაზე დამოკიდებული სარგებელია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ ფულის გამომუშავება ფინანსური პირამიდის სქემით ხდება.
მომხმარებელთა ნაწილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ „ეგ პროექტი კრიპტოვაჭრობას იყენებს როგორც ლეგენდას, რეალურად არ ვაჭრობს არანაირი კრიპტოთი“.
TSQ Investment Group-ისა და მასთან დაკავშირებული პლატფორმების საქმიანობით სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებლები და სამართალდამცავი უწყებები დაინტერესდნენ.
ვინ არის „პროფესორი ჰენრი ჯონსი“?
პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა „ჰენრი ჯონსია“. TSQ მას „ფინანსურ ექსპერტად“ და კომპანიის დამფუძნებლად წარადგენს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული „ბიოგრაფიის“ მიხედვით, ჯონსი 1986 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა, ფლობს საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს, წლებია „ფინანსურ სფეროში მუშაობს და მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა“.
„ჰენრი ჯონსი“ მომხმარებლებისთვის პერიოდულად ვიდეომიმართვებსაც ავრცელებს. მაგალითად, 29 აგვისტოს გამოქვეყნებულ ვიდეოში ის ქართველ მომხმარებლებს ამშვიდებდა და ჰპირდებოდა, რომ თანხის გატანას ყველა შეძლებდა.
უცნობია, „ჰენრი ჯონსი“ რეალური ადამიანია თუ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პერსონაჟი. თუ ის რეალური პირია, უცნობია მისი ნამდვილი ვინაობაც და ადგილსამყოფელიც.
ბაზარზე კი, ექსპერტების ინფორმაციით, TSQ-ის მსგავსი კიდევ არაერთი სქემა მუშაობს, ყველა ეს პლათფორმა „მსხვერპლებს“ სწრაფი გამდიდრების დაპირებით იზიდავს.
radiotavisupleba ახალი ამბები