UFC-ში რეიტინგები განახლდა! - რომელ ადგილზე არიან ქართველი ჩემპიონები

3 days ago 8

ჩიკაგოში გამართული UFC 319-ის დასრულების შემდეგ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულმა ორგანიზაციამ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (Pound-for-Pound) განაახლა. განახლებული ჩამონათვალი ქართველებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა – ილია თოფურია პირველ ადგილზე, მერაბ დვალიშვილი კი სამეულშია.

საქართველოს წარმომადგენელი ილია თოფურია კვლავ Pound-for-Pound რეიტინგის სათავეშია. თოფურიამ ივნისში დაამარცხა ყოფილი ჩემპიონი ჩარლზ ოლივეირა და მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდა. მისთვის ეს გამარჯვება არა მხოლოდ კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა იყო, არამედ სპორტის ისტორიაში განსაკუთრებული ეტაპი – თოფურიამ UFC-ს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული წონა დაიპყრო და ახლა უკვე მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლად ითვლება.

ქართველი გულშემატკივრებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მერაბ დვალიშვილს უკავშირდება. სუპერმსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი რეიტინგში მესამე ადგილზეა. დვალიშვილმა რამდენიმე წარმატებული ბრძოლით დაამტკიცა, რომ დივიზიონში კონკურენცია მასთან ძალიან რთულია. მისი ენერგია, დამთრგუნველი ტემპი და გამძლეობა უკვე UFC-ს სავიზიტო ბარათად იქცა.

განახლებულ რეიტინგში თვალშისაცემია ხამზატ ჩიმაევის მკვეთრი წინსვლა. საშუალო წონის ახალი ჩემპიონი, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით გამოდის, ჩიკაგოში დამაჯერებლად სძლია სამხრეთაფრიკელ დრიკუს დუ პლესის და P4P რეიტინგში ერთბაშად 10 საფეხურით აიწია – ახლა ის უკვე მე-4 პოზიციაზეა.

1. ილია თოფურია (საქართველო)

2. ისლამ მახაჩევი (რუსეთი)

3. მერაბ დვალიშვილი (საქართველო)

4. ხამზატ ჩიმაევი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)

5. ალექსანდერ პანტოჟა (ბრაზილია)

6. ალექსანდერ ვოლკანოვსკი (ავსტრალია)

7. მაგომედ ანკალაევი (რუსეთი)

8. ჯეკ დელა მადალენა (ავსტრალია)

9. ტომ ასპინალი (ინგლისი)

10. ალექს პერეირა (ბრაზილია)

UFC-ს განახლებული რეიტინგი ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენებური მებრძოლები ორგანიზაციის აბსოლუტურ ელიტაში არიან. ილია თოფურია მსოფლიო სპორტის ისტორიული ფიგურა გახდა, მერაბ დვალიშვილი კი, როგორც დივიზიონის დომინანტი, სამეულში დამკვიდრდა. ასეთი შედეგებით ქართველ MMA გულშემატკივრებს ნამდვილად შეუძლიათ იამაყონ – ქვეყანა უკვე UFC-ის უმაღლეს მწვერვალზეა.

სრულად წაკითხვა