CBS News-ის ინფორმაციით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სახელმწიფო დეპარტამენტს შეურთდება.
მედია აღნიშნულ ინფორმაციას 3 ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
CBS News-ის ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსენება მედიას უთხრეს, რომ USAID სახელმწიფო დეპარტამენტს მნიშვნელოვნად შემცირებული პერსონალით შეურთდება, თუმცა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციად დარჩება.
მედიის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
CBS News-ის ცნობით, წყაროებმა უთხრეს, რომ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაასახელა, თავად რუბიომ ეს მალევე დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომლებიც სალვადორში ვიზიტისას თან ახლდნენ.
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამა 90 დღით შეჩერდება. მთლიანი საგარეო დახმარება, რომლის ნაწილიც USAID-ია, ფედერალური ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. USAID, დაახლოებით, 120 ქვეყანაში ახორციელებს ჰუმანიტარულ, განვითარებისა და უსაფრთხოების პროგრამებს.
USAID 1961 წელს კონგრესის აქტით დაარსდა, ამიტომ როგორც CBS News წერს, მისი სახელმწიფო დეპარტამენტთან შერწყმისა დადაფინანსების შემცირების ნაბიჯმა შესაძლოა იურიდიული კითხვები გააჩინოს. მედიის ცნობით, USAID-ის დახურვისთვის დონალდ ტრამპს კონგრესის თანხმობა დასჭირდება.
ილონ მასკმა, ტრამპის ადმინისტრაციის მილიარდერმა მრჩეველმა, თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს დეტალურად ესაუბრა USAID-ის შესახებ.
„ის დათანხმდა, რომ ის უნდა დავხუროთ“, – განაცხადა ტრამპმა.
თუმცა CBS News-ის რამდენიმე წყაროს თქმით, ტრამპის ყველა მთავარი მრჩეველი არ ეთანხმება USAID-ის მთლიანად დახურვის იდეას.