დუდა სანაძის საუკეთესო მატჩი საბერძნეთში და პირველი გამარჯვება “ესპეროსის” შემადგენლობაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი საბერძნეთის რანგით მეორე – ელიტ ლიგად წოდებულ დივიზიონში გამოდის, სადაც თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. სანაძემ “ესპეროსის” შემადგენლობაში მე-5 მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მე-20 ტურის მატჩში ესპეროსმა “ფსიხიკოს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში 97:96 მოუგო. ესპეროსელებმა გამარჯვების მოპოვება ოვერტაიმში, დუდას სამქულიანით მოახერხეს, რომელიც ქართველმა უკანახაზელმა დამატებითი დროის ბოლო წამზე ჩააგდო. სანაძე სასტარტოში იყო და მოედანზე 44 წუთი გაატარა. ანუ მან მხოლოდ 1 წუთი დაისვენა. ამდენივე ითამაშა გუნდის მეორე ლეგიონერმა, ამერიკელმა რაიან ალენმა, რომელმაც ქართველ უკანახაზელთან ერთად მატჩის უმაღლესი შედეგი დააფიქსირა.
დუდამ 10-დან 5 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 24 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა. 44 წუთში მას დაკარგვა არ ჰქონია. რაიან ალენის ანგარიშზე 30 ქულა დაგროვდა, თუმცა ამერიკელსაც და ქართველსაც სარგებლიანობის თანაბარი კოეფიციენტი – 24 ჰქონდათ.
სანაძე ესპეროსში ჩატარებულ 5 მატჩში საშუალოდ 17 ქულაზე მეტს აგროვებს, რითაც გუნდის უპირობო ლიდერია. ესპეროსი 16-გუნდიან ელიტ ლიგაში 20 ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა. სანაძის გუნდს 6 მოგება და 14 მარცხი აქვს. შემდეგ ტურში, 8 თებერვალს, ესპეროსი ბოლო ადგილზე მყოფ “ნიარ ისტს” უმასპინძლებს.
GBF.GE