ОДКБ-დან სომხეთის შესაძლო გარიცხვას ფაშინიანი გამოეხმაურა

1 week ago 16

“თუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ სომხეთის გარიცხვას, ჩვენ იძულებული ვიქნებით ეს გადაწყვეტილება მივიღოთ ცნობად”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 11 ივნისს მთავრობის სხდომაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ორგანიზაციიდან გასვლის მექანიზმი არსებობს და მოქმედებს. თუ წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ სომხეთის გარიცხვას, ჩვენ იძულებული ვიქნებით ეს გადაწყვეტილება მივიღოთ ცნობად. სხვა არაფერი გვაქვს გასაკეთებელი“, -განაცხადა ფაშინიანმა.

გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ განიხილონ სომხეთის მიმართ ორგანიზაციის წესდების შესაბამისი მუხლის გამოყენება, სომხეთის მიერ ორი წლის განმავლობაში საწევრო გადასახადების გადაუხდელობის გამო.

ორგანიზაციის წესდების 25-ე მუხლის თანახმად, თუ წევრი სახელმწიფოები ორი წლის განმავლობაში არ ასრულებენ ორგანიზაციის ბიუჯეტთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ამ სახელმწიფოს მოქალაქეების დანიშვნის უფლების შეჩერებაზე კვოტირებულ თანამდებობებზე და ასევე ხმის უფლების შეზღუდვაზე ორგანიზაციის ორგანოებში, დავალიანების სრულად დაფარვამდე.

სომხეთმა 2024 წლის თებერვლიდან გამოაცხადა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობის გაყინვის შესახებ. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ორგანიზაციამ ვერ შეასრულა სომხეთის მიმართ უსაფრთხოების ვალდებულებები.

სრულად წაკითხვა