„აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციის მონაწილეს, 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

2 hours ago 1

აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს მოსამართლე ზვიად შარაძემ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება დღეს, 20 იანვარს გამოცხადდა.

ფრიდონ ბუბუტეიშვილს ბრალად ედებოდა ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავება და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება 1 მაისს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობის დროს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული:

  • ​187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა);
  • 353-ე პრიმა - თავდასხმა ხელისუფლების წარმომადგენელზე (ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა).

ჭიშკრის დაზიანებას 500 ლარიანი ზიანი გამოიწვია. პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა.

ფრიდონ ბუბუტეიშვილი 9 მაისს დააკავეს. მას 20 წელი პატიმრობაში შეუსრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის ცხრა მონაწილე დააკავა სისხლის სამართლის კოდექსით.

დღეს, 20 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პარლამენტის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს. ისინი საპატიმროს 10 თვის შემდეგ დატოვებენ.

ადვოკატები მათი შეწყალების თხოვნით მიხეილ ყაველაშვილს მიმართავენ.

„ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონი(უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) 2024 წლის გაზაფხულზე მიიღო საქართველოში საპროტესტო აქციების და აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროსაბჭოს მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა ამ კანონზე. მას ვეტო დაადო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

2024 წლის 21 მაისს გამოქვეყნებული დასკვნით, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას „მტკიცედ ურჩია“, გაეუქმებინა სამი მოსმენით მიღებული კანონი მისი „ფუნდამენტური ხარვეზების“ გამო.

კომისიამ შეისწავლა კანონპროექტის თავსებადობა საერთაშორისო ნორმებთან, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და დაასკვნა, რომ იგი ეწინააღმდეგება კონვენციის ოთხ მუხლს:

  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას;
  • გამოხატვის თავისუფლებას;
  • შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას;
  • დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას.

2024 წლის 28 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე" პრეზიდენტის ვეტო.

სრულად წაკითხვა