მსახიობი, ონისე ონიანი, “კვირის პალიტრასთან” წლევანდელ წელს აჯამებს და აღნიშნავს რომ პოლიტიკური თვალსაზრისით წელს ყველაზე მძიმე წელი იყო.
“ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მძიმე წელი იყო, განსაკუთრებით, პოლიტიკური თვალსაზრისით. მან ბევრი მოულოდნელობა და ნეგატიური ემოციები მოგვიტანა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მსახიობები სცენაზე აღარ გავდივართ, ჩვენი კოლეგა, ანდრო ჭიჭინაძე, დაკავებულია... აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ 2024 წელი მშფოთვარე და მძიმე გამოდგა. მომავალი წელი გვიჩვენებს, რამდენად შეიცვლება ეს სიტუაცია, რამდენად მშვიდი და სტაბილური იქნება ჩვენი ცხოვრება.
დარწმუნებული ვარ, თუ სასიკეთო ცვლილებები მოხდება და ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც ხალხს სურს, მაშინ ყველაფერი კარგად აეწყობა. რასაკვირველია, ის ადამიანები, რომლებიც არაფრის გამო დააკავეს, უნდა გათავისუფლდნენ, ხალხის მოთხოვნებიც უნდა შესრულდეს, რომ ეს ქვეყანა როგორმე დამშვიდდეს და დაწყნარდეს. სიჯიუტე ყველას და ყველაფერს ღუპავს, ამიტომ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ სიტუაცია როგორმე განიმუხტოს.
ეს ადამიანები აბსურდული ბრალდებების გამო დააპატიმრეს, ამიტომ თუ მათ არ გამოუშვებენ, ახალი წელი ჩვენი ოჯახებისთვის და მთელი ქვეყნისთვის, ბედნიერი ვერ იქნება. შეიძლება ბავშვების გამო ვიღაცამ ნაძვის ხეც მორთოს, შეიძლება კიდეც აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ იქნება ნამდვილი სიხარული, - დამიჯერეთ! ვნატრობ, რომ ჩემს ქვეყანაში სიმშვიდე იყოს და სულ ვლოცულობ, რომ ჩემი ხალხი, ლაღი, ბედნიერი და გაბრწყინებული ვნახო!“- ამბობს ონისე ონიანი.
წყარო: kvirispalitra.ge