რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მსახიობი, გიორგი ბახუტაშვილი, დააკავესზ
როგორც “ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მსახიობი გათავისუფლების შემდეგ განმარტავს, ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმ დროს დააკავეს, როცა გულწასული ადამიანის დახმარებას ცდილობდა.
გიორგი ყვება რომ, მასაც, ისევე როგორც დემონსტრანტების უმეტესობას, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“დღეს დილით, 06:00 საათზე გამომიშვეს, აქციაზე, დარბევის დროს დამაკავეს. ახალი ხომ არ არის, როგორც მოქმედებენ და როგორც აკავებენ ხალხს. მირტყეს რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემ გარშემო ადამიანებს ისე უმოწყალოდ ექცეოდნენ, ამის აღნიშვნაც არ ღირს ალბათ, ისეთი არაფერი, ნაკაწრებია, გაივლის, ჩემ თვალწინ ხალხს ხოცავდნენ.
დაკავების მერე ძალადობას საერთოდ არ ჰქონია ადგილი. დაკავების შემდეგ, კიდევ მეორე ეტაპი იყო სისტემური დანაშაულის, სხვა ადამიანები გაკავებენ - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გაკავებს, მერე საპატრულო პოლიციას გადასცემენ და მერე ისეთი ადამიანები მოდიან და ისე ფუთავენ ამას, თითქოს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაგაკავეს. წლებია ეს სისტემა ასე მუშაობს და ახალი არ არის. მე კიდევ ერთხელ გავიარე და კიდევ ერთხელ ძალიან თვალსაჩინო იყო ჩემთვის ეს სისტემური დანაშაული. მართლა ძალიან ბევრი, ათასობით ადამიანია ჩართული სხვადასხვა რგოლები - პოლიცია, სასამართლო, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, მოდიან მერე, სასამართლოში აძლევენ ცრუ ჩვენებებს, მოსამართლემაც იცის, რომ ცრუ ჩვენებებს ისმენს, მაინც ასე გამოაქვთ ეს გადაწყვეტილებები. ჩემი პროცესი ჯერ არ გამართულა, 48-საათიანი პატიმრობის ვადა გამივიდა და სასამართლოს დანიშნავენ ალბათ.
დაშავებულები გამომყავდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოვიყვანე მანქანაში და მეორე გულწასულ ბიჭს მიათრევდნენ, ამის გამო შევბრუნდი, ის გამომატანეს და პირიქით, რტყმით შემაგდეს მანქანაში“, - განაცხადა ბახუტაშვილმა.