პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონში დაინიცირებული ცვლილებები ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ საპოლიციო ძალა უჭირს.
ამ ცვლილებების თანახმად, შს მინისტრს პირის პოლიციაში მიღება კონკურსის გავლის გარეშე შეეძლება.
მეზვრიშვილის შეფასებით, პოლიციაში არაფორმალი ნიღბიანი ზონდერების მიღება გადაწყვიტეს.
„როგორც ჩანს, ივანიშვილმა პოლიციაში არაფორმალი ნიღბიანი ზონდერების ოფიციალურად მიღება გადაწყვიტა და ამით არის გამოწვეული ცვლილება პოლიციის კანონში. ამ ცვლილებით ყველა, ვისაც ფეხი აუცდება, პოლიციელი გახდება. მიღების კრიტერიუმებს ვაფართოვებდით (იურიდიული განათლება დავუმატეთ) და ესენი საერთოდ წინაპირობებს ხსნიან. ეს ცვლილება ადასტურებს, რომ „ოცნებას“ საპოლიციო ძალა უჭირს. ანუ, პროტესტი სწორად ვითარდება, უნდა გაორმაგდეს და მთელი საქართველო მოიცვას“, — წერს იგი.