ადგურ არძინბა დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა

15 hours ago 2

აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ადგურ არძინბას საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის მიზნით.

“დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ საინიციატივო ჯგუფი ადგურ არძინბას საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის შესახებ. საინიციატივო ჯგუფს მივეცით სარეგისტრაციო მოწმობა და ხელმოწერების ფურცლები, ახლა კი მათ შეუძლიათ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება თავიანთი კანდიდატის მხარდასაჭერად,” – განუცხადა დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრი მარშანმა ჟურნალისტებთან.

როგორც რუსულ გამოცემა “TASS-ს” საინიციატივო ჯგუფში განუცხადეს, არძინბასთან ერთად ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ალხას ჯინჯოლიაა წარდგენილი.

ადგურ არძინბა 43 წლისაა, ის აფხაზეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრია. 2020 წელს მიიღო მონაწილეობა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელახალ არჩევნებში, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა და მეორე ადგილი დაიკავა ხმების 35,42%-ით. ამის შემდეგ, ხელმძღვანელობს საზოგადოებრივ ორგანიზაციას “აფხაზეთის სახალხო მოძრაობა”.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უძველესი სახალხო პარტია 15 თებერვალს დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატად პარტიის თავმჯდომარის, ყოფილი ვიცე-პრემიერის, შამილ აძინბას წარდგენას აპირებს. ამის შესახებ TASS-ს აფხაზური პარტიის პოლიტსაბჭომ განუცხადა.

“26 დეკემბერს სოხუმში გაიმართება აფხაზეთის სახალხო პარტიის ყრილობა, რომელზეც რესპუბლიკაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობას განიხილავენ. პარტიის თავმჯდომარე, შამილ აძინბა დასახელდება საპრეზიდენტო კანდიდატად“, – განუცხადეს TASS-ს პარტიის პოლიტსაბჭოში.

აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურის ცნობით, აფხაზეთის სახალხო პარტია ოთხშაბათს კომისიაში გაიარა რეგისტრაცია.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს. ის წარდგენილია საორგანიზაციო ჯგუფის მიერ.

“ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისთვის მივიდა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ბადრა გუნბას წარადგენს”, – განაცხადა დე ფაქტო კომისიის თანამშრომელმა რუსულ გამოცემა TASS-თან საუბრისას.

“ჩვენ მოვედით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომ გამოგვეცხადებინა გუნბას საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის შესახებ” ,- განაცხადა  საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა.

TASS-ის  ინფორმაციით, დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 2025 წლის თებერვალში დაგეგმილ ვადამდელ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს, მაგრამ მისი გუნდი მონაწილეობას მიიღებს.

რუსული სააგენტოს წყარო ამბობს, რომ შესაძლოა კანდიდატად დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ბადრა გუნბა დასახელდეს.

14 დეკემბერს ბჟანიამ TASS-ს განუცხადა, რომ აპირებდა შეექმნა საკუთარი გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა დე ფაქტო რესპუბლიკის 15 თებერვალს დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. მან კანდიდატის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი გამარჯვებას მოიპოვებს.

17 დეკემბრიდან, საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების რეგისტრაცია და საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენა დაიწყო.

სრულად წაკითხვა