პუტინი: სლოვაკეთი მზადაა უკრაინაზე მოსალაპარაკებლად პლატფორმა შემოგვთავაზოს

18 hours ago 5

სლოვაკეთი მზად არის შემოგვთავაზოს პლატფორმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის, განუცხადა 26 დეკემბერს ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ლენინგრადის რეგიონში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

სლოვაკეთს როცა შეეხო, პუტინმა ისაუბრა მოსკოვში ბოლო მოლაპარაკებაზე ამ ქვეყნის მთავრობის მეთაურთან რობერტ ფიცოსთან. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფიცომ „უპირველეს ყოვლისა და უმთავრესად ისაუბრა უკრაინის მიმართულებით მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“. პუტინის თქმით, ფიცომ თავისი ქვეყანა შესთავაზა ამგვარი მოლაპარაკებისთვის პლატფორმის სახით.

„ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ, თუკი საქმე აქამდე მივა. ჩვენი აზრით, სლოვაკეთს ნეიტრალურ პოზიცია აქვს და ეს ჩვენთვის მისაღები ვარიანტია“, - დასძინა პუტინმა. პუტინმა დარწმუნებით თქვა, რომ „მიისწრაფვის უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისკენ“, მაგრამ იქვე წამოსცდა, რომ რუსეთი „აგრძელებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (რუს. СВО) მიზნის მიღწევას 2025 წელს“. მოსკოვი СВО-ს უწოდებს რუსეთის არმიის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას, რომელიც 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

სლოვაკეთის პრემიერმინისტრის რობერტ ფიცოს ვიზიტი მოსკოვში 22 დეკემბერს შედგა. მან თავად განაცხადა, რომ მისი ვიზიტი რუსეთში იყო რეაქცია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებზე, რომ კიევი არ აპირებს უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების განახლებას, რომელსაც ვადა 2024 წელს ეწურება.

ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ მან და პუტინმა „გაცვალეს აზრები უკრაინაში არსებულ საომარ ვითარებაზე, ომის სწრაფად მშვიდობიანი დასრულების შესაძლებლობაზე და სლოვაკეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე“.

ზელენსკიმ მწვავედ გააკრიტიკა სლოვაკეთის პრემიერმინისტრის პუტინთან ჩასვლა. სხვა საკითხებთან ერთად, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვიზიტით უნდა დაინტერესდნენ „სლოვაკეთის სამართალდამცავი უწყებები და დაზვერვის სამსახურები“. "რატომ არის ეს ლიდერი მოსკოვზე ასე დამოკიდებული, როგორ უხდიან და როგორ იხდის?" - ზელენსკიმ რიტორიკული შეკითხვა დასვა და აღნიშნა, რომ ფიცოს ქმედებებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ სლოვაკეთის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებას.

ნატოში უკრაინის გაწევრიანების თემაზე, 26 დეკემბერს პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ალიანსს ჯერ კიდევ 2021 წელს შესთავაზა, რომ უკრაინის ამ ორგანიზაციაში შესვლა 10-15 წლით გადაედო „კიევის მოუმზადებლობის გამო“. ”ეს საიდუმლო არ არის”, - თქვა პუტინმა და უპასუხა კითხვას, თუ რას საუბრობენ აშშ-ში პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის ახალი გუნდის წევრები კონფლიქტის გაყინვის შესაძლებლობაზე იმ პირობით, თუ ნატოში უკრაინის გაწევრიანება გადაიდება.

არჩევნებში გამარჯვების წინ ტრამპმა პირობა დადო, რომ დაასრულებდა უკრაინაში ომს, როგორც მან თქვა, „24 საათში“ და იანვარში ინაუგურაციამდეც კი, მაგრამ დეტალები არ გაამხილა.

The Wall Street Journal-ის თანამოსაუბრეების თქმით, 7 დეკემბერს პარიზში გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს განუცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს ნატოში უკრაინის გაწევრიანებას, მაგრამ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ სურს ნახოს ძლიერი და კარგად შეიარაღებული უკრაინა.

26 დეკემბერს, ვლადიმერ პუტინი ასევე დაიმუქრა, რომ გამოიყენებდა უფრო მძლავრ საშუალო სიშორის იარაღს, მათ შორის "ორეშნიკს", უკრაინაზე თავდასხმების დროს, თუ რუსეთის ხელისუფლება „დაინახავს, რომ ასეთი გამოყენება აუცილებელია“. „მაგრამ ჩვენ არ ვჩქარობთ... მე ვთქვი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ცოტა გვაქვს "ორეშნიკი“, - დასძინა პუტინმა პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, მოსკოვი ყოველთვის შესაბამისად უპასუხებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმას. მათ გამოიყენეს ხუთი-შვიდი ამერიკული რაკეტა ATACAMS-ი. ”რუსეთის არმიამ უპასუხა ყოვლისმომცველი დარტყმით - 221 თუ 240 დარტყმით”, - თქვა პუტინმა.

სრულად წაკითხვა