„ეს ადამიანები არიან 2023 წლის მარტის აქციებისას („რუსული კანონის“ პირველად მიღების პროცესში) დაზარალებული ჟურნალისტები, რომლებზედაც იძალადა სისტემამ“, - აცხადებს ადვოკატი მიგინეიშვილი.
მისი განცხადებითვე, დღემდე, 2025 წლის 11 აგვისტომდე ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის „არცერთი ფაქტი გამოძიებული არ არის“.
„ამოღებული ვიდეო მასალის დათვალიერებაც კი არ დასრულებულა ორი წლის თავზე“, - წერს იგი.
მისი ცნობითვე, 19-დან მხოლოდ ნაწილს აქვს დაზარალებულის სტატუსი.
ჟურნალისტები და ოპერატორები, რომელთა საქმეებიც გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში, არის:
1. ნიკოლოზ კოკაია
2. მარი წაქაძე
3. ალექსანდრე ქეშელაშვილი
4. მამუკა მგალობლიშვილი
5. მაია თეთრაშვილი
6. ნიკა კოკაია
7. მიხეილ გვაძაბია
8. რატი მუჯირი
9. გურამ მაისურაძე
10. დეა მამისეიშვილი
11. ზურაბი ჩხვირკია
12. ნიკა საჯაია
13. ჯამლეთ ბაკურიძე
14. ირაკლი ბახტაძე
15. სალომე ჩადუნელი
16. გიორგი კვიჟინაძე
17. დავით მანია
18. ვახტანგ ქარელი
19. თამარ გეგიძე.
2023 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის პირობებში, პირველი მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“ (ფორმალურად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“), - რომელსაც ფართო საზოგადოებაში „რუსული კანონის“ ეპითეტით იცნობენ.
ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.
2024 წლის ბოლოსა და 2025 წლის დასაწყისიდან სადავო პარლამენტმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკონტროლებს, მიიღო წყება კანონებისა, რომელთაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები „აგენტების კანონთან“ ერთად უწოდებენ დრაკონულ კანონებს, რომლებიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და, ზოგადად, საწინააღმდეგო აზრისა და გამოხატვის ჩახშობისაკენ.