ადვოკატის თქმით, დაკავებულ ლაშა გოგებაშვილს დაზიანებები ეტყობა

2 weeks ago 8

8 დეკემბერს თბილისში, ქაშვეთის ეკლესიასთან არსებული პარკინგის ტერიტორიაზე დააკავეს პროევროპული დემონსტრაციების მონაწილე ლაშა გოგებაშვილი და მისი მეგობარი, რომლის ვინაობასაც ადვოკატი არ ასაჯაროებს. ადვოკატის ვასილ ჟიჟიაშვილის თქმით, მათ ბრალი ოფიციალურად ჯერ წარდგენილი არ აქვთ, თუმცა ვარაუდობს, რომ ისინი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვით არიან დაკავებული. რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ადვოკატისვე თქმით, ლაშა გოგებაშვილი, მეგობართან გ.წ-სთან ერთად, იმყოფებოდა პარლამენტის წინ მდგარ ნაძვის ხესთან. ამის შემდეგ მათ ტერიტორია დატოვეს და ქაშვეთის მიმდებარე პარკინგისკენ გაემართნენ. ისინი მანქანით ტოვებდნენ ტერიტორიას, როდესაც “შკოდას” მარკის ავტომობილებმა ჩაუკეტეს გზა.

ავტომობილებიდან დაახლოებით 10-15 სპეცრაზმელი გადმოვიდა, რომლებიც სასტიკად გაუსწორდნენ ლაშა გოგებაშვილს და გ.წ-ს. ამის შემდეგ ისინი დააკავეს და დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ადვოკატი, რომელმაც დაკავებულები მოუნახულა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მათ აღენიშნებათ დაზიანებები.

მეთერთმეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ "პოლიტპატიმრებად" მოიხსენიებენ.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 372 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.

გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

სრულად წაკითხვა