WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ქვისლი (ცოლის დის ქმარი) ლევან სანამაშვილი საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა გაავრცელა.

„გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია თამაზაშვილის მეუღლე - ლევან სანამაშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს სამსახურიდან!!! მიზეზი გასაგებია“, - დაწერა გელაშვილმა სოციალურ ქსელში.

მისივე ინფორმაციით, ნათია თამაზაშვილიც ადვოკატია და იცავს ირაკლი ღარიბაშვილის უფლებებს.

„ვინ იქნება შემდეგი???“ - წერს ღარიბაშვილის ადვოკატი.

ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან სანამაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან სანამაშვილი

არსებული ინფორმაციით, ლევან სანამაშვილი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ში, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა. რადიო თავისუფლება სამინისტროსა და სააგენტოს პრესსამსახურებს დაუკავშირდა, თუმცა კითხვებზე - მუშაობდა თუ არა უწყებაში სანამაშვილი, როდიდან აღარ მუშაობს და რა მიზეზით - პასუხი ვერ მიიღო.

„არ ვაკეთებთ კომენტარს“, - მოგვწერა პრობაციის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მოგვიანებით კი დააზუსტა, რომ ეს „პერსონალური ინფორმაციაა“ და „კონკრეტულ თანამშრომლებზე ინფორმაცია არ გაიცემა“.

ღარიბაშვილის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სანამაშვილის გათავისუფლება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულ წერილებს უკავშირდება.

„სწორედ ამას გულისხმობდა ბატონი ირაკლი, როდესაც აკეთებდა თავის განცხადებებს (მისი ოჯახის „განადგურების ბინძურ გეგმაზე“ - რ.თ.)“, - უთხრა გელაშვილმა „ტვ პირველს“.

2022 წელს „ტვ პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტის მიხედვით, ლევან სანამაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე იყო.