„ავერსის“ კლინიკა: ზვიად ხარაზიშვილს ვარჯიშის დროს მხარი დაუზიანდა

1 month ago 7

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს, ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის ჩასატარებლად იყო მისული - ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს კლინიკაში.

კლინიკის რადიოლოგიური სამსახურის უფროსი, ირაკლი გახოკიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხარაზიშვილს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (მრტ) კვლევა დღეს, 30 დეკემბერს, შუა დღის საათებში ჩაუტარდა.

„აღნიშნავდა ტკივილს მხრის სახსრის არეში. ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა. ჩაუტარდა ტომოგრაფია, შედეგები დამუშავების პროცესშია. პაცენტმა კვლევის დასრულებისთანავე დატოვა კლინიკა“, - ამბობს რადიოლოგი, რომელიც აღნიშნავს, რომ ზვიად ხარაზიშვილს დაზიანებები ვიზუალურად არ ეტყობოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

ზვიად ხარაზიშვილის გამოკვლევის გამო კლინიკაში მისვლის შესახებ ცნობა „TV პირველმა“ გაავრცელა. არხი ეყრდნობოდა კლინიკის რადიოლოგს, სოფო მიქიაშვილს:

„მოტეხილობა არ ჰქონია, თუმცა, რამდენიმე მყესის დაზიანება აქვს, მაღალი ხარისხის, მხრის სახსრის დაზიანებაა. მე სხვა ინფორმაცია არ მაქვს, ანამნეზი, საიდან, როგორ მიიღო, ვერ გეტყვით“.

ზვიად ხარაზიშვილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ეს სამსახური შლიდა პროევროპულ აქციებს დედაქალაქის ქუჩებში. რამდენიმე თვის წინ„მთავარმა არხმა“, „TV პირველმა“ და „ფორმულამ“ გაავრცელეს ცნობები, რომ მასსა და ქვემო ქართლის რწმუნებულის პირველ მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს შორის დაპირისპირება იყო.

სრულად წაკითხვა