ავტოავარიაში დაიღუპა აფხაზი ისტორიკოსი სტანისლავ ლაკობა

3 hours ago 3

ოკუპირებულ აფხაზეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა სტანისლავ ლაკობა, აფხაზი ისტორიკოსი, ლიტერატორი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.

მედიის ინფორმაციით, ლაკობა მეუღლესთან ერთად მოჰყვა ავარიაში. ისინი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 73 წლის ლაკობას გადარჩენა ვერ მოხერხდა. სხვა დეტალები უცნობია.

სტანისლავ ლაკობა დაიბადა 1953 წლის 23 თებერვალს. დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1976-78 წლებში მუშაობდა გაზეთ „სოვეტსკაია აბხაზიას“ კორესპონდენტად და აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების სწავლულ მდივნად.

1980 წლიდან აფხაზეთის დიმიტრი გულიას სახელობის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში - მეცნიერ-მუშაკად, 1989 წლიდან კი ამავე ინსტიტუტის ისტორიის განყოფილების გამგედ მუშაობდა.

1991-1996 წლებში იყო აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ის იყო ვლადისლავ არძინბას ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი. აქტიურად მონაწილეობდა ჟენევის პროცესში.

2005-2009 წლის 18 აგვისტომდე, აგრეთვე 2011 წლის დეკემბრიდან 2013 წლის ოქტომბრამდე ოკუპირებულ აფხაზეთში ეკავა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა.

სტანისლავ ლაკობა არის ასზე მეტი წიგნის, მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და სტატიის ავტორი.

ის არაერთხელ ყოფილა „ეხო კავკაზას“ რესპონდენტი.

სრულად წაკითხვა