WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აზერბაიჯანის მოქალაქეები დაიღუპნენ და დაიჭრნენ შავ ზღვაში, უკრაინის ქალაქ ოდესის მახლობლად სატვირთო გემზე დრონებით შეტევის შედეგად.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 სექტემბერს გავრცელებული ცნობით, უცხოურ გემზე TEDY, რომლის ეკიპაჟის შემადგენლობაში აზერბაიჯანის მოქალაქეებიც იყვნენ, დრონებით შეტევა 9 სექტემბერს იყო.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანის ორი მოქალაქე და ორი დაიჭრა. დაჭრილები ოდესის ოლქის ქალაქ ჩერნომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავონ გამგზავრებისა და მუშაობისგან იმ რაიონებში, სადაც საომარი მოქმედებები გრძელდება, ან უსაფრთხოების მხრივ არასტაბილური ვითარებაა.

ბაქოს არ დაუკონკრეტებია, ვისი დრონებით იყო შეტევა გემზე, რომელზეც აზერბაიჯანის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 სექტემბერს დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ოდესის ოლქის ჩერნომორსკის პორტში დრონებით დაარტყეს საბაჟო ტერმინალის გამანაწილებელ ცენტრს, რომელსაც უცხო სახელმწიფოებისგან მიწოდებული სამხედრო დანიშნულების ტვირთის შესანახად იყენებენ, ხოლო ოდესის პორტში - ორ გემს, რომლებიც უკრაინის არმიას ტვირთს აწვდიდნენ და მათ თანმხლებ ბუქსირს.

VesselFinder-ის მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანის მიერ ნახსენები TEDY სომალის დროშით მცურავი ბუქსირია.