აზერბაიჯანის საგარეო მინისტრი კიევს ეწვია და ზელენსკის, ბუდანოვსა და სიბიჰას შეხვდა

4 hours ago 5

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი 6 აგვისტოს უკრაინის დედაქალაქ კიევს ეწვია და შეხვედრები გამართა უკრაინელ ლიდერებთან.

ეს აზერბაიჯანის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელთა პირველი ოფიციალური ვიზიტია მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

ბაირამოვი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ კირილო ბუდანოვს, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰასა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან იჰორ კლიმენკოს.

„დიდი პატივია, რომ უკრაინაში ჩემი ოფიციალური ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმიღო“, - წერს იგი X-ზე.

ჯეიჰუნ ბაირამოვი და ანდრიი სიბიჰა

ჯეიჰუნ ბაირამოვი და ანდრიი სიბიჰა

შეხვედრა ზელენსკისთან

„ჩვენ ყოვლისმომცველი დისკუსიები გვქონდა აზერბაიჯან-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე“, - წერს ბაირამოვი.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ დიალოგზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტზე, ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე და ორმხრივი ინტერესის მქონე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე“, - წერს იგი

„მე პრეზიდენტ ზელენსკის ასევე მივაწოდე ინფორმაცია სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის შემდგომი რეალობის, სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლის მცდელობებისა და აზერბაიჯანის განთავისუფლებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მასშტაბური აღდგენითი სამუშაოების შესახებ“, - განაცხადა ბაირამოვმა.

„პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ მადლიერება გამოვხატე კეთილი სიტყვებისთვის აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისა და მის მიერ პრეზიდენტ ილჰამ ალიევისადმი გამოხატული მადლიერების გამო“, - წერს ის.

რა თქვა ზელენსკიმ

„ეს მინისტრის პირველი ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა X-ზე.

ზელენსკის თქმითვე, ბაირამოვმა ვიზიტი დაიწყო ირპინში, „სადაც მოინახულა სკოლა, საავადმყოფო და აზერბაიჯანის მიერ მხარდაჭერილი რეაბილიტაციის ცენტრი“.

„ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის ამ რთულ დღეებში თქვენ გამონახეთ შესაძლებლობა, მოსულიყავით და მხარი დაგვჭირდეთ. გმადლობთ ჩვენი ხალხის მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

„მე მას გავაცანი ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული და მიმდინარე დარტყმების შესახებ, შავ ზღვაში არსებული ვითარებისა და რუსეთის მიერ მარცვლეულის დერეფნების ბლოკადის შესახებ. ჩვენ განვიხილეთ მაღალი დონის დიპლომატიური კონტაქტები, პარტნიორობა თავდაცვის სფეროში, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიასა და სოფლის მეურნეობაში“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

„მადლიერი ვარ აზერბაიჯანისა უკრაინის მხარდაჭერისთვის, ენერგეტიკული და ჰუმანიტარული დახმარებისთვის და კონსტრუქციული დიალოგისთვის“, - დაწერა მან.

შეხვედრა სიბიჰასთან

„პროდუქტიული დისკუსია გვქონა აზერბაიჯანი-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების შესახებ, ძირითადი აქცენტით პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებზე“, - დაწერა ბაირამოვმა სიბიჰასთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენს ქვეყნებს მეგობრობისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პრინციპებზე აგებული სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ“, - დაწერა მან.

აზერბაიჯანი და უკრაინა - ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა

2026 წლის 13 ივლისს, ყარაბაღში, ქალაქ შუშაში მედიაფორუმზე ილჰამ ალიევმა უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის კითხვაზე პასუხად განაცხადა:

„არა მგონია, რომ უკრაინელ ხალხს ან უკრაინის ხელმძღვანელობას ჩემი რჩევა სჭირდებოდეს. თუმცა დღესაც იმავე რეკომენდაციას გავიმეორებდი: არასდროს შეეგუოთ ოკუპაციას. სწორედ ამას აკეთებს უკრაინა. ის არ ეგუება ოკუპაციას, გასული წლის ძალიან რთული მომენტების მიუხედავად“.

მან კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას:

„აზერბაიჯანის პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობას. ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“.

„არცერთი ქვეყნის საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალის გამოყენებით“, - თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მეორე დღეს, 14 ივლისს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა გააკრიტიკა აზერბაიჯანის პრეზიდენტი უკრაინის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების გამო და მას „მცდარი“ უწოდა.

„უკრაინასთან დაკავშირებით მის პოზიციას ჩვენ მცდარად მივიჩნევთ. და ჩვენ თანმიმდევრულად და დამაჯერებლად ავხსნით ყველა არხით, თუ რატომ მივიჩნევთ მას არასწორად“, - თქვა მან.

სრულად წაკითხვა