აზერბაიჯანმა დაბლოკა კრიტიკული გამოცემა OC Media-ს ვებსაიტი

1 hour ago 3

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით დაბლოკა სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი კრიტიკული მედიასაშუალება, OC Media, - ინფორმაციას თავად ეს მედიასაშუალება ავრცელებს.

გამოცემის მიერ 25 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, OC Media-მ მკითხველებისგან პირველად ივნისის დასაწყისში შეიტყო, რომ აზერბაიჯანელი მომხმარებლები საიტზე ვეღარ შედიოდნენ. მნიშვნელოვნადაა დაკლებული აზერბაიჯანიდან საიტზე „ვიზიტორების“ რაოდენობაც.

გამოცემის თანახმადვე, ეს მოხდა აზერბაიჯანში ახალი მაკონტროლებელი უწყების, „ეროვნული კიბერუსაფრთხოების სააგენტოს“ (NCA) დააარსებისა და ჩაშვების პარალელურად - სააგენტოს ინფორმაციის კონტროლის ფართო უფლებამოსილებები მიანიჭეს.

საიტზე წვდომა კვლავ შესაძლებელია VPN-ის გამოყენებით.

OC Media წერს, რომ არსებული ვითარების მიუხედავად, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრო ამტკიცებს, რომ საიტზე წვდომასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ დაუწესებიათ.

  • 2017–2019 წლებში ხელისუფლებამ დაბლოკა წვდომა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ მედიასაშუალებებზე, მათ შორის რადიო თავისუფლებაზე; შეზღუდვები დღემდე ძალაშია.
  • შეზღუდვები ასევე შეეხოთ Meydan TV-ს, გაზეთ „თავისუფლებას“, Turan TV-სა და „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტს“ (OCCRP)

„ეროვნული კიბერუსაფრთხოების სააგენტო“

გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, რობინ ფაბრომ, განაცხადა, რომ ასეთ რამეს დიდი ხანია, ელოდნენ, „იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება სულ უფრო და უფრო შეუწყნარებელი ხდება ნებისმიერი ინფორმაციის მიმართ, რომელიც ოფიციალურ ხაზს არ შეესაბამება“.

2026 წლის 2 ივნისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტმა გამოაქვეყნა დადგენილება, რომლითაც გაუქმდა „ელექტრონული უსაფრთხოების სამსახური“ - დაახლოებით 30 თანამშრომლით დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც 2013 წელს შეიქმნა და მოქმედებდა ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

მის ნაცვლად კი შეიქმნა „ეროვნული კიბერუსაფრთხოების სააგენტო“ (NCA). OC Media წერს, რომ მას მიენიჭა სრული კონტროლი ინტერნეტ მონიტორინგსა და ცენზურაზე, რაც, კრიტიკოსების თქმით, სიტყვისა და პრესის თავისუფლებისთვის ცენტრალურ საფრთხეს წარმოადგენს.

  • NCA-ის რეფორმამდე, 2026 წლის მაისში, საქართველოსა და აზერბაიჯანში შეხვედრები გამართა ორივე ქვეყნის ახალი სტრატეგიული პარტნიორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორმა ჭუანგ ჟუნგვენმა;
  • ჟუნგვენი 2018 წლიდან მუშაობს ამ პოსტზე და ხელმძღვანელობს სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის შიგნით ინტერნეტზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოვლისმომცველი კონტროლის აღსრულებაზე.
  • ბაქოში მისი შეხვედრების აქცენტი იყო თანამშრომლობა „კიბერუსაფრთხოების“ სფეროშიც.
  • ჭუანგ ჟუნგვენს ბაქოში, სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, უმასპინძლა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპიკერმა, საჰიბა გაფაროვამ - მან სტუმარს გააცნო პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ინიციირებული „ციფრული ტრანსფორმაციის პოლიტიკა“.
სრულად წაკითხვა