WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის (AXCP) თავმჯდომარე ალი ქერიმლი 2026 წლის საერთაშორისო მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ჯილდოს მფლობელი გახდა. ის გამარჯვებულად დასახელდა ნომინაციაში „გამორჩეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი“.

ამის შესახებ ჯილდოს ორგანიზატორებმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადეს.

ორგანიზატორების შეფასებით, ქერიმლი მრავალი წელია იბრძვის აზერბაიჯანში დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად, კორუფციის წინააღმდეგ და სამოქალაქო თავისუფლებების დასაცავად.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 2025 წლის ნოემბერში დააკავეს. მათ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. მათივე ინფორმაციით, ქერიმლი პატიმრობაში არასათანადო მოპყრობას განიცდის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ალი ქერიმლის დაპატიმრება და სასამართლო პროცესი

ალი ქერიმლი 2025 წლის 29 ნოემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 278.1 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან ( ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებისა და ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლისკენ მიმართულ ქმედებებს).

ქერიმლი ბრალდებებს არ აღიარებს და მის დაკავებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

2026 წლის 3 ნოემბერს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოში ქერიმლისა და სახალხო ფრონტის პარტიის პრეზიდიუმის წევრის, მეჰმედ იბრაჰიმის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლომ საქმე არსებითად განსახილველად გადასცა. მომდევნო სხდომა 13 ნოემბერს დაინიშნა.