“სომხეთმა პარტნიორ ქვეყნებს მიმართა თხოვნით, მოენახულებინათ აზერბაიჯანში დაკავებული სომხები, თუმცა მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია”, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ეროვნულ კრებაში, მთავრობის საათის მიმდინარეობისას, დეპუტატის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
სომხური გამოცემა Armenpress-ის ცნობით, მინისტრს ჰკითხეს, საერთაშორისო სამართლის რა მექანიზმებით მიმართა სომხეთმა მესამე ქვეყნებს და რატომ არ დაკმაყოფილდა ეს მოთხოვნები. დეპუტატმა ასევე გაიხსენა მირზოიანის მიერ ადრე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანმა ამ ძალისხმევის პასუხად შუამავალ ქვეყნებს უთხრა, რომ შორს დაეჭირათ თავი.
მირზოიანმა განმარტა, რომ აზერბაიჯანის ეს პასუხი არა სომხეთის, არამედ შუამავალი ქვეყნების მისამართით იყო გაკეთებული.
„მესამე ქვეყნებს უთხრეს – შორს დაიჭირეთ თავი“, – თქვა მირზოიანმა.
მინისტრის განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო, რომელსაც რომელიმე ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს, პარტნიორ ქვეყანას სთხოვს, საკუთარ მოქალაქეებს საკონსულო დახმარება გაუწიოს, მათ შორის, მოინახულოს ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
მისი თქმით, სომხეთმა საერთო პარტნიორებს მიმართა, თუმცა ინიციატივა უშედეგო აღმოჩნდა.
მირზოიანმა ისაუბრა იმაზეც, რომ აზერბაიჯანში დაკავებული სომხების საკითხი სომხეთის მუდმივი დღის წესრიგის ნაწილია. ამასთან, მინისტრის თქმით, მიზანშეწონილად არ მიაჩნია ყველა გადადგმული ნაბიჯის გასაჯაროება.
„ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, რომელთა შესახებაც ამ ტრიბუნიდან შემიძლია ვისაუბრო, და გადავდგით ისეთებიც, რომლებზეც აქ საუბარი არ მსურს, რადგან სხვა ქვეყნების დასახელება მომიწევს და შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო ისინი. ამის გაკეთება არ მინდა, რადგან ეს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებს დააზიანებს“.
მისი თქმით, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ყურადღება შედეგზე უნდა იყოს კონცენტრირებული.
„რატომ არ მიყვარს ამაზე მუდმივად საუბარი? იმიტომ, რომ ეს იმდენად მგრძნობიარე საკითხია, ან არსებობს შედეგი, ან არ არსებობს“, – აღნიშნა მინისტრმა.
netgazeti