პარლამენტმა მესამე მოსმენით სემეკს ბუნებრივ გაზზე და წყალზე საფეხურებრივი ტარიფის დაწესების უფლება მიანიჭა. მარეგულირებელმა ახალ ტარიფებზე დეკემბერში უნდა იმსჯელოს.
ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის სამსაფეხუროვანი ტარიფი მოქმედებს. თბილისში თვეში 0-100 კვტ/სთ-ის მოხმარებაზე ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე 20 თეთრია, 101-300 კვტ/სთ-ზე 24 თეთრი და 301+ კვტ/სთ-ზე -28.5 თეთრი. 0.5 -თეთრიანი სხვაობით მდგომარეობა თითქმის იგივეა რეგიონებშიც.
ზოგადად, საბაზრო კანონის მიხედვით, რაიმე პროდუქტის დიდი ოდენობით შეძენისას ერთეულის ფასი უნდა მცირდებოდეს. მზარდი ტარიფი სოციალურ ხასიათს ატარებს და არა ეკონომიკურს. კიდევ ერთი ახსნა ქსელის გადატვირთვისგან დაცვის მცდელობაა. მოხმარების დაზოგვით ქსელში ავარიების რისკი მცირდება.
სავარაუდოდ, იგივე სცენარის ამოქმედება ბუნებრივ გაზის სექტორშიც იგეგმება. ის აბონენტები, რომლებიც მეტ გაზს მოიხმარენ, 1 მ3-ში მეტ თანხას გადაიხდიან.
იგივე მიდგომის გავრცელების უფლება სემეკს წყალზეც ენიჭება, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში ოჯახისთვის წყლის გადასახადი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ელექტროენერგიისა და გაზის. პირობითად, თუ აბონენტი გაზზე თვეში საშუალოდ 100 ლარს იხდიდა და წყალზე 10 ლარს, 20%-იანი გაძვირების შემთხვევაში წყლის ხარჯი 2 ლარით გაიზრდება და გაზის — 20 ლარით.
სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფები გაზსა და წყალზე დეკემბერში გადაიხედება. ცვლილება არ შეეხება ელექტროენერგიას, რომლის ღირებულებაც 1 კვტ/სთ-ზე აპრილიდან 5 თეთრით გაიზარდა. 5 თეთრიანი ზრდა, საფეხურების მიხედვით, აბონენტთა ნაწილისთვის 21%-ით, ნაწილისთვის 26% და ნაწილისთვის 33%-ით გაძვირება აღმოჩნდა.
netgazeti