საზოგადოებრივი ფინანსების ეფექტური მართვა და გამჭვირვალობა დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედია. თუმცა, საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არაეფექტურად იხარჯება, პროექტები ჭიანურდება, ან სრულად ვერ ხორციელდება. ეს არა მხოლოდ ფინანსურ ზარალს აყენებს ქვეყანას, არამედ ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ამისთვის რამდენიმე მაგალითის განხილვაც საკმარისია, რომ რეალობა უფრო ნათელი გახდეს.
ატენის სიონთან, ტანას ხეობაში დაგეგმილი ხიდის მშენებლობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება არასწორმა დაგეგმარებამ და უპასუხისმგებლობამ გამოიწვიოს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და პოტენციური ეკოლოგიური საფრთხეები. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, 50 მეტრიანი ბეტონის კონსტრუქცია უნდა აშენებულიყო, თუმცა, რეალურად, მშენებლობა სრულიად განსხვავებული მეთოდით დაიწყო. როგორც ადგილზე ირკვევა, მდინარეში მილები ჩაყარეს და ზედ მიწა მიაყარეს, რითაც დროებითი „ხიდი“ გაკეთდა. მოგვიანებით, აშენებული ბეტონის კედელი მხოლოდ 5 მეტრი სიგრძის აღმოჩნდა, რაც აშკარად მიუღებელი იყო დაგეგმილ 50 მეტრიან კონსტრუქციასთან შედარებით.

ამგვარმა მიდგომამ არაერთი კითხვა გააჩინა მდინარის ბუნებრივ მახასიათებლებზე ჩატარებული კვლევების შესახებ. ტანა სწრაფი და ცვალებადი მდინარეა, განსაკუთრებით გაზაფხულზე და შემოდგომაზე, როდესაც მას თოვლის დნობა და წვიმები ადიდებს. მდინარეში მილების ჩაყრა ბუნებრივად ქმნის წყლის დაგუბების ან მიმართულების შეცვლის საფრთხეს, ასევე ზრდის მეწყრის რისკს ისედაც პრობლემურ ზონაში. ამ დროისთვის არ არსებობს პასუხი კითხვაზე, თუ ვინ და როგორ შეისწავლა მდინარის ბუნებრივი მახასიათებლები და ჩატარდა თუ არა სათანადო ჰიდროლოგიური თუ გეოლოგიური კვლევები.
მშენებლობა შეჩერდა მას შემდეგ, რაც ბეტონის კედლის მიუღებლობა აშკარა გახდა. დაიწყო დემონტაჟი, პროექტი კი თავიდან იწყება – ისევ ახალი ხარჯებით. ამასობაში, სახელმწიფო სახსრები უკვე გაფლანგულია.
ადგილობრივი მოსახლეობა გაურკვევლობაშია და კითხვებზე პასუხი არ აქვს. ეს ყველაფერი ხდება ატენის სიონის სიახლოვეს. იმ ადგილას, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია.
სპეციალისტების შეფასებით, ამ პროექტის ირგვლივ არსებული ვითარება მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას. აუცილებელია პროექტის დოკუმენტაციის გასაჯაროება, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური შეფასების ჩატარება მოსახლეობის ჩართულობით და იმის დადგენა, თუ ვინ აგებს პასუხს პირველ ეტაპზე დაშვებულ შეცდომებზე და გაფლანგულ ფულზე.

კიდევ ერთი მაგალითი არაეფექტური მმართველობისა და თანხების განკარგვისა გორის მე-11 საჯარო სკოლის მშენებლობას უკავშირდება. გაჭიანურებული პროცესი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ როგორ შეიძლება არაეფექტურმა მენეჯმენტმა და უპასუხისმგებლობამ უარყოფითად იმოქმედოს საზოგადოებაზე, განსაკუთრებით კი მომავალ თაობაზე. პროექტი 2021 წელს დაიწყო, და მისი ღირებულება დაახლოებით 11 მილიონი ლარია. ახალმა სამსართულიანმა სკოლამ 650 მოსწავლე უნდა მიიღოს და მოიცვას ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და სხვა თანამედროვე ინფრასტრუქტურა. მშენებლობა უკვე 4 წელია მიმდინარეობს. მშობლები და მოსწავლეები გაურკვევლობაში არიან. თავდაპირველად ბოლო ვადა 2023 წელი დასახელდა, შემდეგ 2024 წლის დეკემბერი, ახლა კი 2025 წლის 25 სექტემბერია მითითებული. პროექტის დაწყებისას შენობის საძირკველი უხარისხოდ იყო შესრულებული, რის გამოც შენობა დაანგრიეს და მშენებლობა თავიდან დაიწყო. ამჟამად მშენებელი კომპანიაა შპს „ენენ ჯგუფია“, რომელსაც ხელშეკრულების ვადა სავარაუდოდ კვლავ გაუგრძელდება, მოსწავლეები კი ახალ სასწავლო წელს ისევ სხვა სკოლაში შეხვდებიან.
გორის მუნიციპალიტეტს ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციის მიუხედავად, პროექტის ვადებზე, ფინანსებსა და შესრულების ხარისხზე პასუხი დღემდე არ გაუცია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გამჭვირვალობის სერიოზულ პრობლემას, შედეგად, გორის მე-11 საჯარო სკოლა ფუნქციონირებას ვერ იწყებს.
ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ბიუროკრატიულმა ქაოსმა და უპასუხისმგებლობამ დააზარალოს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ მთელი თაობა. მშობლები პროტესტის ღიად გამოხავტავზე უკვე ალაპარაკდნენ. უკმაყოფილებას იწვევს მათი შვილების განათლების ხარისხი და პირობები, რასაც პირდაპირ იწვევს მშენებლობის გაჭიანურებული პროცესი.
ორივე პროექტის შემთხვევაში სახეზეა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების არაეფექტური ხარჯვა. ატენის ხიდის შემთხვევაში, თავდაპირველი არასწორი დაგეგმარება და განხორციელების მეთოდი, რამაც დემონტაჟი და პროექტის თავიდან დაწყება გამოიწვია, პირდაპირ ნიშნავს უკვე დახარჯული თანხების გაფლანგვას. გორის ერთ-ერთი სკოლის პროექტში კი, საძირკვლის უხარისხოდ შესრულება და შენობის დანგრევა, ასევე მრავალჯერადი ვადის გადაწევა, მიუთითებს დამატებით ხარჯებსა და რესურსების უაზრო ფლანგვაზე. ეს პრობლემა ხშირად გამომდინარეობს არასაკმარისი წინასწარი კვლევებიდან, არაკვალიფიციური დაგეგმარებიდან და პროექტის მართვის სისუსტეებიდან.
ყველაზე შემაშფოთებელი ასპექტი ორივე პროექტში არის პასუხისმგებელი პირების არარსებობა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების სისუსტე. ატენის ხიდის პროექტში არავინ აგებს პასუხს დაშვებულ შეცდომებზე და გაფლანგულ ფულზე. გორის სკოლის შემთხვევაშიც, მიუხედავად მრავალწლიანი გაჭიანურებისა და მოსწავლეებზე უარყოფითი ზემოქმედებისა, არ ჩანს კონკრეტული პირების ან ორგანიზაციების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ეს ქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც ხელს უწყობს მსგავსი პრობლემების განმეორების რისკს მომავალში.
ამ მანკიერი წრის გასარღვევად და მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:
ყველა საჯარო პროექტის დოკუმენტაცია, მათ შორის დაგეგმარება, ბიუჯეტი, განხორციელების ვადები და კონტრაქტორები, უნდა იყოს სრულად დაუყოვნებლივ გასაჯაროებული და ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. უნდა შეიქმნას მარტივი და ეფექტური მექანიზმები ინფორმაციის მოპოვებისთვის.
უნდა დადგინდეს მკაფიო პასუხისმგებლობა პროექტის თითოეულ ეტაპზე. დაშვებული შეცდომების, გაჭიანურებისა და თანხების გაფლანგვის შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით, მიუხედავად მათი თანამდებობისა. აუცილებელია ეფექტური საზედამხედველო ორგანოების ფუნქციონირება.
ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში. მათი აზრის გათვალისწინება და პრობლემების დროული გამოვლენა ხელს შეუწყობს შეცდომების თავიდან აცილებას.
პროექტების დაწყებამდე უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი კვლევები და ექსპერტიზა, რათა თავიდან იქნას აცილებული არასწორი დაგეგმარება და ტექნიკური შეცდომები, რომლებიც შემდგომში დამატებით ხარჯებს იწვევს.
მსგავსი რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტური და მიზნობრივი ხარჯვა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებასა და მოქალაქეების კეთილდღეობას. საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, რადგან ეს ხალხის ფულია, რომელიც მათი ინტერესების შესაბამისად უნდა იხარჯებოდეს.