მიუხედავად იმისა, რომ მანდარინს ჯანსაღი და მსუბუქი ხილის რეპუტაცია აქვს, ის ზომიერად უნდა მიირთვათ. კვების ექსპერტების თქმით, დღიური ნორმა 200-250 გრამია, რაც სრულიად საკმარისია, რომ ამ მართლაც ბრწყინვალე ხილისგან („მანდარინი“ ჩინური სიტყვაა და „ბრწყინვალეს“ ნიშნავს) სარგებელი მიიღოთ.
მანდარინი, უპირველეს ყოვლისა, C ვიტამინის წყაროდ ითვლება: 100 გრამი ეს ნაყოფი C ვიტამინის რეკომენდებული დღიური ნორმის დაახლოებით 40 პროცენტს შეიცავს.
მანდარინი ასევე შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინოიდებს (პროვიტამინ A-ს სახეობა), მინერალებს, საკვებ ბოჭკოებს, ორგანულ მჟავებს და ბიოფლავონოიდებს. ეს შემადგენლობა განაპირობებს იმას, რომ მანდარინი რაციონის ჯანსაღი დანამატია.
მანდარინი, ისევე როგორც სხვა ციტრუსები, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. C ვიტამინი ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების სიმტკიცისა და ელასტიკურობის შენარჩუნებას, ხოლო საკვები ბოჭკოები – ორგანიზმში ლიპიდური მეტაბოლიზმის რეგულირებას.
მანდარინის კიდევ ერთი უპირატესობა მისი დაბალი ენერგეტიკული ღირებულებაა – 100 გ-ზე დაახლოებით 38 კკალ, ასე რომ,თამამად შევიძლია მისი რაციონში ჩართვა დღიური კალორიების მიღების მნიშვნელოვნად გაზრდის გარეშე.
მანდარინის სასარგებლო თვისებები
კუჭ-ნაწლავის მუშაობის გაუმჯობესება
ნაყოფი შეიცავს როგორც ხსნად, ისე უხსნად ბოჭკოებს. პირველი პრებიოტიკის ფუნქციას ასრულებს და ასტიმულირებს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას, რაც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აღადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორას. მეორე ხელს უწყობს ნაწლავების პერისტალტიკას, რაც აუმჯობესებს სხვა საკვები ნივთიერებების შეწოვას. ერთი საშუალო ზომის მანდარინი დღიური რეკომენდებული დიეტური ბოჭკოების 8%-ს უზრუნველყოფს.
დამამაშვიდებელი ეფექტი სტრესის წინააღმდეგ
მანდარინი კარგ შედეგს იძლევა შფოთვის, მოუსვენრობისა და სტრესის წინააღმდეგ ბრძოლაში. მასში შემავალი B ვიტამინები იცავს ნერვულ სისტემას და ფაქიზად ამშვიდებს მას, ხოლო C ვიტამინი არეგულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციას, ამცირებს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის გამომუშავებას. გარდა ამისა, მანდარინის ეთერზეთი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა უძილობისა და ცუდი განწყობის სამკურნალოდ.
დახმარება გაციების და ხველის დროს
ხილის გაფცქვნისას არ მოაშოროთ თეთრი ძაფები. ისინი ფლავონოიდ ნობილეტინს შეიცავს, რომელსაც გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მანდარინის ქერქის ჩაის დალევა ასევე რეკომენდებულია გაციების დროს: ის ეფექტიანად მკურნალობს მშრალ ხველას, ათხელებს ლორწოს და გამოდევნის მას ფილტვებიდან. ასკორბინის მჟავა ხელს უშლის გაუწყლოებას ცხელების დროს, ხოლო მანდარინის ზეთი ბაქტერიების გამრავლებას და სოკოების ზრდას აფერხებს.
წონის კლება
მიუხედავად იმისა, რომ მანდარინი საკმაოდ მდიდარია შაქრით, ის დაბალკალორიულია და ხელს უწყობს წონის დაკლებას. მასში შემავალი კალიუმი და კალციუმი აჩქარებს მეტაბოლიზმს, ხოლო ბოჭკო ხელს უწყობს სისავსის შეგრძნებას და უფრო დიდხანს აკმაყოფილებს შიმშილს.
უეიკ-ფორესტის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ყოველდღიურ რაციონში 10 გრამი ხსნადი ბოჭკოს დამატება დაგეხმარებათ მუცლის ცხიმის დაწვაში და 3.7%-ით შეამცირებს სიმსუქნის რისკს.
კანის მხარდაჭერა
A და C ვიტამინების მაღალი შემცველობის წყალობით, ციტრუსი აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. გარდა ამისა, მანდარინი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და ებრძვის დაბერების ნაადრევ ნიშნებს: ნაოჭებს, სიმშრალეს და კანის ელასტიკურობის შემცირებას. ასკორბინის მჟავა ასევე ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, ცილას, რომელიც აუცილებელია ძვლების, მყესების, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღისთვის.
თირკმელების დაცვა კენჭებისგან
თირკმლის კენჭების რისკის შესამცირებლად შეგიძლიათ უფრო ხშირად მიირთვათ მანდარინი. ნეაპოლის ფრედერიკო II-ის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ციტრუსებით მდიდარი დიეტა ზრდის შარდში ციტრატების დონეს. ეს ნივთიერებები აფერხებს კალციუმის მარილების კრისტალიზაციას და დალექვას, რომლებიც მყარ ნალექებად გარდაიქმნება – მათ კალციფიკაციები ეწოდება. მკვლევარების თქმით, უმეტეს შემთხვევაში თირკმლის კენჭები შარდში ციტრატის დაბალი დონის გამო ვითარდება.
ციტრუსოვან ხილში შემავალი ფლავონოიდები არა მხოლოდ ანთებას ამცირებენ. ისინი იცავენ ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან (ბალანსის დარღვება ანტიოქსიდანტებსა და თავისუფალ რადიკალებს შორის), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების დაზიანება და კიბოს განვითარება. გარდა ამისა, ამ ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ კიბოს უჯრედების ზრდის შეფერხება. უფრო მეტიც, სასარგებლოა არა მარტო მანდარინის რბილობი, არამედ მისი კანიც – ის შეიცავს ფლავონოიდების ყველაზე მაღალ რაოდენობას და ამს თვალსაზრისით ლიმონისა და გრეიპფრუტის კანს აღემატება, ამიტომ გონივრული იქნებოდა რაციონში მისი დამატება.
აძლიერებს გულის კუნთს
მანდარინი შეიცავს ალკალოიდ სინეფრინს, რომელიც ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს. ის ასევე მდიდარია კალიუმით, რომელიც (ნატრიუმთან ერთად) არეგულირებს ორგანიზმში წყლის ბალანსს, ასტაბილურებს არტერიულ წნევას და აძლიერებს გულის კუნთს. C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) ასევე სასარგებლოა გულისთვის. ის სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს და ელასტიკურს ხდის. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს რკინის უკეთ შეწოვას. მისი დეფიციტის დროს გულს ზედმეტი დატვირთვით მუშაობა უწევს, რათა მთელი მთელი ორგანიზმი ჟანგბადით მოამარაგოს.
აუმჯობესებს მხედველობას
მანდარინი სასარგებლოა თვალების ჯანმრთელობისთვის. A ვიტამინი აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს, აძლიერებს რქოვანას, ხელს უწყობს ღამის მხედველობას და იცავს ლორწოვან გარსს. C ვიტამინი პასუხისმგებელია მხედველობის ორგანოებში სისხლის მიმოქცევაზე, ამცირებს თვალშიდა წნევას და 33%-ით ამცირებს კატარაქტის რისკს. გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალური სარგებლის მისაღებად მანდარინი ცოცხლად უნდა მიირთვათ, მაღალი ტემპერატურა ასკორბინის მჟავას ანადგურებს.
მანდარინის მავნე ზემოქმედება
ჭარბად მოხმარების რისკი
დღეში ხუთზე მეტი მანდარინის ჭამამ შეიძლება გამოიწვიოს ფსევდოალერგიული რეაქცია – დერმატიტი – ორგანიზმში შაქრის, ლიმონმჟავას და ასკორბინის მჟავას დიდი რაოდენობით მოხვედრის გამო. ეს განსხვავდება ნამდვილი ალერგიისგან, რომლის დროსაც ალერგენის რაოდენობას, პრაქტიკულად, მნიშვნელობა არ აქვს. ასევე შეიძლება გამწვავდეს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი და კოლიტი.
მანდარინის ყველა სარგებლის მიუხედავად, ზოგიერთმა ადამიანმა თავი უნდა აარიდოს მას. ეს ციტრუსი აკრძალულია მათთვის, ვისაც მწვავე ნეფრიტი, ჰეპატიტი და ქოლეცისტიტი აწუხებს; მანდარინს უნდა მოერიდონ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე ადამიანებიც.
ექიმები გვირჩევენ, არ ვჭამოთ ბევრი მანდარინი ენტერიტის, კოლიტის ან მაღალი მჟავიანობის გასტრიტის დროს. საქმე ისაა, რომ მანდარინში შემავალი ხილის მჟავები ნაწლავების და კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს. ამავე მიზეზით, ეს ხილი არ უნდა მიირთვათ უზმოზე. გარდა ამისა, სხვა ციტრუსების მსგავსად, მანდარინი ძლიერი ალერგენია, შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, პირის ღრუს შეშუპება და ანაფილაქსიაც კი.
მანდარინი შეიძლება საზიანო იყოს დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის შაქრის მაღალი შემცველობის გამო. მათ ეს ხილი სიფრთხილით უნდა მიირთვან, ან საერთოდ ამოიღონ რაციონიდან. ბოჭკოვანი ნივთიერებების მაღალი შემცველობის გამო მანდარინს შეუძლია შებერილობა და მეტეორიზმი გამოიწვიოს.
და კიდევ ერთი აუცილებელი რჩევა: მანდარინის ჭამის შემდეგ პირში წყალი გამოივლეთ, რითაც კბილის ემალს დაიცავთ. საქმე ისაა, რომ მანდარინი (და ნებისმიერი ციტრუსი) შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას (C ვიტამინი), რომელიც დროებით არბილებს კბილის ემალს, ეს კი კბილების გახეხვის დროს მას დაზიანებისადმი მგრძნობიარეს ხდის. ამიტომ ციტრუსის ჭამის შემდეგ, მაშინვე კბილების გამოხეხვა რეკომენდებული არ არის. წყლის გამოვლება მჟავას ანეიტრალებს და მის კონცენტრაციას ამცირებს, ამიტომ უმჯობესია კბილები 30 წუთის შემდეგ გაიხეხოთ, რათა ემალმა აღდგენა მოასწროს.
თამარ ქავჟარაძე

6 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·