ქუთაისურ დერბიში ‘აიამ’ ‘არესის’ წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა, 41:10 გამარჯვებით ბონუს-ქულაც აიღო და ერთი კვირის წინ დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა. ‘აიას’ 58 ქულა მოუგროვდა და ორით გადაასწრო ‘არესს’.
„აია არენაზე“ გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა. თემურ კოხოძის ადრეულ ლელოს გიორგი თევდორაძემ ჯარიმით უპასუხა. ტაიმის შუაში კოხოძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა და ამჯერად ნიკა ღლონტის გარდასახვაც ზუსტი იყო, ‘არესმა’ 31-ე წუთზე პატერსიო ფინაუს ლელოთი და თევდორაძის გარდასახვით სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა და ტაიმი 12:10 დასრულდა.
მეორე ნახევარში ქულებს მხოლოდ ‘აია’ იღებდა. ტაიმის სტარტზე ლელო ირაკლი სიმსივემ გაიტანა, შუაში კი თავი ნოდარ დოლიძემ გამოიჩინა და ტრავმიდან დაბრუნებულმა გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა. 65-ე წუთზე მეტოქე გიორგი ფრუიძემ დაალელოვა, ბაბუნაშვილმა კი გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა. სულ ბოლოს ერთი ლელო ფორვარდებმაც მიითვალეს. მეტოქის ლელოს საბა ხონელიძემ უწია და ბაბუნაშვილის გარდასახვამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 41:10. მატჩის საუკეთესო მოთამაშე თემურ კოხოძე გახდა.
RUGBY.GE