WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

2026 წლის 27 ოქტომბერს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სხდომაზე ალან ბერსეს ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, ნადინ პიტფილდმა დაუსვა შეკითხვა ამ საკითხზე.

პიტფილდმა, – დერბის საქალაქო საბჭოს ხელმძღვანელმა, – აღწერა პოლიტიკური ვითარება და ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ხუთი პროდასავლური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ, შემდეგ კი ალან ბერსეს ჰკითხა:

„ვითარების მონიტორინგისა და დიალოგში ჩართვის გარდა, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგას ევროპის საბჭო, რომ საქართველოს უბიძგოს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულები, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ“?

„ძირს უთხრის პლურალიზმს“

„საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა – ჩვენ ამას ასე ვუწოდებთ – მართლაც შემაშფოთებელია“, – თქვა ბერსემ და აღწერა: „ჩვენ ვდგავართ შემზღუდავი კანონმდებლობისა და სამოქალაქო სივრცის შემცირების წინაშე; ასევე, ადგილი აქვს ოპოზიციაზე ზეწოლას“.

„ეს ყველაფერი ძირს უთხრის პოლიტიკურ პლურალიზმს, ისევე როგორც ქვეყნის ვალდებულებებს, რომლებიც მას ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ეკისრება“, – განაცხადა მან.

ამის შემდეგ ახსენა სტრასბურგის სასამართლო, ოღონდ იმ დათქმით, რომ მიმდინარე საკონსტიტუციო დავის შესაძლო შედეგს წინასწარ არ აფასებს:

„შესაძლოა, ჩვენს სასამართლოებში აღმოჩნდეს“

„შედეგის წინასწარი შეფასების გარეშე – რადგან არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ კანონის უზენაესობას ვეფუძნებით, – წევრმა სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ ადამიანის უფლებათა კონვენციას, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას“, – განაცხადა მან.

„ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხების მნიშვნელოვანი ელემენტები შესაძლოა ჩვენს სასამართლოებში აღმოჩნდეს“, – განაცხადა ბერსემ და კვლავ დასძინა: „ჩემი მიზანი არ არის [საკონსტიტუციო] სასამართლოს პოზიციის შერყევა, უბრალოდ, – შედეგის წინასწარ გარეშე, – მმართველ უმრავლესობს მოვუწოდე, დაეცვათ პლურალიზმი“.

„როგორც ყველამ ვიცით, პარტიის დაშლა მოითხოვს მყარ დასაბუთებას, ასევე, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების მკაცრ დაცვას“, – განაცხადა ალან ბერსემ.

კობახიძესთან შეხვედრაზე

გენერალური მდივნის თქმით, ის მუდამ ცდილობდა, აქტიურად ჩართულიყო საქართველოში ევროსაბჭოს გუნდის საქმიანობაში „იმ სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში გვაქვს“ და პარალელურად მჭიდრო კონტაქტი ჰქონოდა ხელისუფლებასთან.

„სექტემბერში, ნიუ-იორკში, პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბრისას, განვიხილე საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლა და ხაზი გავუსვი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების პატივისცემის მნიშვნელობას“, – განაცხადა ბერსემ.

„ასევე მინდა აღვნიშნო ვენეციის კომისია, რომელმაც ახლახან გასცა რეკომენდაციები შემზღუდავ კანონმდებლობასთან დაკავშირებით“, – თქვა მან.

შემდეგ თქვა, რომ დიალოგმა შედეგი უნდა მოიტანოს, ამჟამად კი ვითარება რთულია:

„ვფიქრობ, დიალოგი ხელშესახებ პროგრესამდე უნდა მიდიოდეს. ამჟამად ვითარება საკმაოდ რთულია. ევროპის საბჭოს წევრობა არ ნიშნავს მხოლოდ ქვეყნების გარკვეულ კლუბში გაწევრიანებას. ეს გულისხმობს მაღალი დონის ვალდებულებების აღებას, რომლებიც ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ასევე – სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას“, - განაცხადა ალან ბერსემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან რეგულარულ შეხვედრებს მართავს, რადგან საქართველო ევროსაბჭოს 46 წევრ ქვეყანას შორის ერთ-ერთია.

  • ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან პრემიერ ირაკლი კობახიძის მორიგი შეხვედრა 23 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის კულუარებში გაიმართა.
  • მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას“.