ალან გაგლოევი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს: აღიარეთ სამხრეთი ოსეთი

2 hours ago 3

ცხინვალში აღნიშნეს „რესპუბლიკის გამოცხადების 35 წლისთავი“. ჩატარდა სამხედრო აღლუმი, რომელშიც ოსი და რუსი სამხედროები მონაწილეობდნენ, გამოიყვანეს სამხედრო ტექნიკაც.

აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ ვლადიმირ პუტინის მიმართვა წაიკითხა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის ყოველმხრივ დახმარებას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადასაჭრელად“.

აღლუმის შემდეგ გაიმართა „საზეიმო შეკრება“, რომელზეც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა:

„ღიად ვამბობთ: დროა, მათ, ვინც საქართველოში იპოვა სიმამაცე ეღიარებინა სააკაშვილის პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის გამო, გადადგას შემდეგი ნაბიჯი. აღიარეთ სამხრეთი ოსეთი. არა პოლიტიკის გამო. მომავლის გამო. სამართლიანობისთვის. იმისთვის, რომ კავკასიაში ყველა ხალხი მშვიდობიანი ცის ქვეშ ცხოვრობდეს“.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ განაცხადა 2008 წლის ომის გამო ოსებისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობაზე.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ „ვერც პირდაპირი, ვერც ირიბი აღიარება ე.წ. დამოუკიდებლობისა ვერ მოხდება“ და „ერთადერთი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ არის მშვიდობიანი გზა და, რა თქმა უნდა, ვერავითარ სხვა შეთანხმებასა და დოკუმენტზე ვერ იქნება საუბარი“.

20 სექტემბერს, საღამოს ცხინვალში კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა აგრეთვე რუსი მომღერალი ლარისა დოლინა. მას მიანიჭეს „სამხრეთ ოსეთის სახალხო არტისტის“ წოდება.

ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაკსიმ რეშეტნიკოვი, რომელმაც „განვითარების ამბიციურ გეგმებზე“ ილაპარაკა, მათ შორის - სამხრეთ ოსეთის მშპ-ს 80%-იან და ხელფასის 60%-იან ზრდაზე 2030 წლისთვის.

1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მიიღო დეკლარაცია საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენიტეტის შესახებ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წლის 29 მაისს მიიღეს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო დამოუკიდებლობის აქტი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

საქართველო და მისი საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებენ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებად. ამ ორ ტერიტორიას დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობენ მხოლოდ: რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ.

სრულად წაკითხვა